თავდაცვა
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე JTEC -ს ეწვია

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე JTEC -ს ეწვია

საქართველოში ვიზიტად მყოფი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტმიოლერი დღეს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ სასწავლო ცენტრს (JTEC) ეწვია. ნატოს გენერალური მდივინის მოადგილეს კრწანისში თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უმასპინძლეს. თავდაცვის მინისტრმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გოტმიოლერმა საქართველოს გლობალურ უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველო ალიანსის მნიშვნელოვან პარტნიორად დაასახელა. ვიზიტის სამუშაო ნაწილის დაწყებამდე, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გოტმიოლერმა საერთაშორისო მისიებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მემორიალი გვირგვინით შეამკო. დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში უილიამ ლაჰიუ იმყოფებოდნენ. ნატო - საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ სასწავლო ცენტრში (JTEC) ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს ქართულმა მხარემ რამდენიმე პრეზენტაცია წარუდგინა. ქართული მხრიდან JTEC-ში სტუმრებს ასევე, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და ალიანსში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ალექსანდრე მაისურაძე დახვდნენ. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტმიოლერი საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში იმყოფება.

წყარო: geonews.ge
გუშინ კვირის თვის