თავდაცვა
ქართველი იუნკერი სენ-სირის სამხედრო სკოლის სტუდენტი გახდა

ქართველი იუნკერი სენ-სირის სამხედრო სკოლის სტუდენტი გახდა

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეორე კურსის იუნკერი სწავლას სენ-სირის სამხედრო სკოლაში გააგრძელებს. დღეს, ზურაბ მანჩხაშვილს საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა, პასკალ მენიემ უმასპინძლა, საფრანგეთის სამხედრო სკოლაში ჩარიცხვა მიულოცა და წარმატებები უსურვა. იუნკერს მხარდაჭერა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ და საფრანგეთის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ოლივიე მადიომაც აღუთქვეს. იუნკერი ზურაბ მანჩხაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან პირველი წარმომადგენელია, რომელიც სწავლას საფრანგეთის რესპუბლიკაში, სპეციალურ სამხედრო სკოლაში განაგრძობს. ის სამი წლის განმავლობაში სენ-სირის სამხედრო სკოლაში კურსს „ადამიანური რესურსებისა და ორგანიზაციების მართვის“ მიმართულებით გაივლის. სენ-სირის სპეციალური სამხედრო სკოლა მაღალი დონის (მაგისტრატურა) სამხედრო-საგანმანათლებლო სასწავლებელს წარმოადგენს. სკოლა სახმელეთო ძალების მომავალ ოფიცერს იმ ფუნდამენტურ ცოდნას აძლევს, რაც კარიერის განმავლობაში თავისი ფუნქციების სათანადოდ განხორციელებაში დაეხმარება. დღესვე, საფრანგეთის ელჩის რეზიდენციაში 5 ქართველ სამხედრო მოსამსახურეს პასკალ მენიემ DELF (ფრანგული ენის ფლობის დამადასტურებელი დიპლომი) გადასცა, ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა და სამხედროებს წარმატებები უსურვა. ღონისძიებას ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი ჟან-ივ ლავუარი, საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და საფრანგეთის საელჩოს სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

წყარო: geonews.ge
გუშინ კვირის თვის