თავდაცვა
II ქვეითი ბრიგადა 25 წლისაა

II ქვეითი ბრიგადა 25 წლისაა

სენაკში, II ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე სამხედრო ქვედანაყოფის დაარსების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საზეიმო ღონისძიების დაწყებამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო, რის შემდეგაც, თავდაცვის მინისტრმა II ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გადაინაცვლა და სამხედრო მოსამსახურეებს ბრიგადის დაარსების დღე პირადად მიულოცა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიგადის საბრძოლო დამსახურებაზე და ისტორიაზე გაამახვილა ყურადღება.

სენაკში II ქვეითი ბრიგადის დაარსების იუბილეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე დაესწრნენ.

საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა სამსახურეობრივი-საშტატო იარაღებით 4 სამხედრო მოსამსახურე დააჯილდოვა. I პირველი ხარისხის უწყებრივი მედალი „უმწიკვლო სამსახურისთვის“ 5 სამხედრო მოსამსახურეს გადაეცა. საპატიო სიგელებით დაჯილდოვდა 10 სამხედრო მოსამსახურე.

როგoრც თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, დღესვე სენაკში II ქვეითი ბრიგადის 21-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის ქვეითი ოცეულის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაცილების ცერემონიალიც გაიმართა.

II ქვეითი ბრიგადის 21-ე შერეული მექანიზებული ბატალიონის ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში EUTM RCA, 6 თვის განმავლობაში, ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში, მიიღებს მონაწილეობას. ქვედანაყოფი ამავე ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრებ ოცეულს ჩაანაცვლებს.



წყარო: georgianpress.ge
გუშინ კვირის თვის