პოლიტიკა
პრემიერი: ადამიანების გულები თუ არ გავაერთიანეთ, ვერანაირ შედეგს ვერ მივიღებთ

პრემიერი: ადამიანების გულები თუ არ გავაერთიანეთ, ვერანაირ შედეგს ვერ მივიღებთ

„მოხარული ვარ, რომ აქ ასეთი განწყობაა. უდიდესი გრძნობაა, როდესაც ჩვენი დიდი მწერლის, დავით კლდიაშვილის ეზოში დგახარ იმერეთის ამ ულამაზეს სოფელში. მინდა, მოგესალმოთ ყველას და მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც დღეს ასეთი განწყობა შექმნა. მადლობა ელგუჯა გოცირიძეს და ახალგაზრდებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს დღევანდელი დღის მოწყობაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოფელ ზედა სიმონეთში სახალხო ზეიმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი შეფასებით, იმერეთი საქართველოს განსაკუთრებული რეგიონია, განსაკუთრებული შესაძლებლობებით.

„ჩვენი მოვალეობაა, ყველა ეს შესაძლებლობა სათანადოდ ავითვისოთ“, - დასძენს პრემიერმინისტრი.

გიორგი კვირიკაშვილმა სივრცითი განვითარების პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს პროგრამა მოიცავს ყველა რეგიონს, სოფელს. საქართველოს ყველა წერტილში მისვლა ადვილი უნდა იყოს და ხელმისაწვდომი ყველა ის ძირითადი მომსახურება, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს.

„იმერეთს გააჩნია განსაკუთრებული შესაძლებლობა ბევრი თვალსაზრისით, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, მისი გამორჩეული ადამიანებით და რა თქმა უნდა გეოგრაფიული მდებარეობით. ის არის დამაკავშირებელი აღმოსავლეთის და დასავლეთის და ჩრდილოეთის და სამხრეთის. სწორედ ამიტომ, ქუთაისი ყალიბდება, როგორც ცენტრი საქართველოსი, საიდანაც საქართველოს ნებისმიერ წერტილში ძალიან მარტივი იქნება მისვლა. ეს რა თქმა უნდა, გულისხმობს ყველა ადგილას, მათ შორის ამ ულამაზეს ადგილას ტურიზმის შესაძლებლობის განვითარებას, რაც თავისთავად ნიშნავს საქართველოს ყველა ოჯახში უფრო მეტ შემოსავალს და უფრო წელმაგარ, წელგამართულ ქართულ ოჯახს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ სწრაფად ვახორციელებთ ამ პროგრამას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, თერჯოლაში 8 მილიონი ლარის პროექტები განხორციელდა - 26 კილომეტრი გზა მოეწყო, თანამედროვე სტანდარტების 5 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა, აღდგა გალერეა, საგამოფენო სივრცე, მაგრამ, გიორგი კვირიკაშვილი აქვე დასძენს, რომ „ეს ყველაფერი არ არის“.

„ჩვენ წინ გვაქვს ძალიან საინტერესო პროგრამები. ყველაზე მთავარია ადამიანების მომზადება იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა ფეხი აუწყონ თანამედროვე ცხოვრებას და არა მხოლოდ ფეხი აუწყონ, არამედ საქართველოს მისცენ განვითარების ძალიან დიდი ბიძგი.

სწორედ ამიტომ, ჩვენ პირველ პრიორიტეტად გამოვაცხადეთ განათლების სისტემის განვითარება. ეს არის უმაღლესი განათლება იმ მიმართულებებში, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და პროფესიული განათლების პრესტიჟის აღდგენა და განვითარება. სახელმწიფო დღეს უზრუნველყოფს უფასო პროფესიულ განათლებას ყველასთვის, ვისაც ეს სჭირდება, მაგრამ რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სხვადასხვა მიმართულებით, ყველაზე მთავარი მაინც არის ერთი რამ- ეს არის ადამიანების განწყობა და დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. ამას ვხედავ დღეს მე ზედა სიმონეთში და ეს არის ყველაზე მთავარი, ჩვენმა ერმა, ქართველმა ხალხმა შეძლოს კონსოლიდაცია, ერთად დგომა, ერთმანეთის მეტი სიყვარული და ჩვენი ქვეყნის წინ წაწევა. ეს არის ყველაზე მთავარი. სწორედ ამიტომ არის დღევანდელი დღე ყველაზე მნიშვნელოვანი.

მნიშვნელოვანია ის დახარჯული თანხები და ინფრასტრუქტურის განვითარება , მაგრამ ჩვენ ადამიანების გულები თუ არ გავაერთიანეთ, ვერანაირ შედეგს ვერ მივიღებთ. სწორედ ამიტომ გილოცავთ დღევანდელ დღეს. გამართული ინფრასტრუქტურა, აღორძინებული ადგილობრივი ტრადიციული წარმოებები და მომზადებული ადამიანები და ამ ყველაფერთან ერთად ადამიანების განწყობა და სიყვარული ერთმანეთის არის ის, რაც ჩვენს ქვეყანას გადაარჩენს. სწორედ ამიტომ ვართ დღეს ჩვენ აქ და სწორედ ამიტომ არის დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და იმ ამაღლებულ განწყობას, რომელიც ყველა ჩვენგანს დღეს აქ გააჩნია“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის