ხელოვნება
გიორგაძე: UNESCO-მ ბაგრატი ნუსხიდან 2010 წელს დაშვებული გამოუსწორებელი შეცდომის გამო ამოიღო

გიორგაძე: UNESCO-მ ბაგრატი ნუსხიდან 2010 წელს დაშვებული გამოუსწორებელი შეცდომის გამო ამოიღო

დღეს, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, გელათის სამონასტრო კომპლექსი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძირითად ნუსხას დაუბრუნდა.

რაც შეეხება ბაგრატს, კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, კომიტეტმა ჯერ კიდევ 2010 წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების დროს დაშვებული გამოუსწორებელი ჩარევის გამო, ის ვეღარ იქნებოდა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.

როგორც მიხეილ გიორგაძე „აიპრესთან“ ამბობს, მიზანი იყო, რომ გელათის და ბაგრატის საზღვრების მოდიფიკაცია მომხდარიყო და გელათი დამოუკიდებელი სტატუსით შესულიყო მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში. ბაგრატი და გელათი ერთ ნომინაციაში იყვნენ წარდგენილები.

„კომიტეტმა ჯერ კიდევ 2010 წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბაგრატი ვეღარ იქნებოდა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.

მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა დააკმაყოფილა ჩვენი წარდგენა გელათის და ბაგრატის საზღვრების მოდიფიკაციის, ანუ ამ ორი ძეგლის განცალკევების შესახებ, რათა გელათი არ გადაყოლილიყო ბაგრატს და დამოუკიდებელი სტატუსით შეეყვანა ნუსხაში. დღეს იქნა გელათის მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში შეყვანის გადაწყვეტილება და ეს UNESCO-სთან ურთიერთობაში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი წარმატებაა. შარშან ასეთივე პრობლემა ჰქონდა მცხეთას და მცხეთაც შარშან დაბრუნდა ძირითად ნუსხაში.

რაც შეეხება ბაგრატს, ამასთან დაკავშირებით ბევრი კონკრეტული მიზეზი იყო. ის რაც დაასკვნა მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა, - სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს დაშვებული გამოუსწორებელი ჩარევის გამო, ბაგრატმა დაკარგა ზოგადსაკაცობრიო ღირებულება, ეს იყოს ის დასკვნა, რომელიც დადო 2010 წელს UNESCO-მ და განაცხადა, რომ ბაგრატს ამ ნუსხაში სამწუხაროდ შანსი აღარ აქვს“, - აცხადებს მიხეილ გიორგაძე „აიპრესთან“.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის