ხელოვნება
გიორგაძე: მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტთან ბაგრატის ახალ ნომინაციაზე გვაქვს მოლაპარაკება

გიორგაძე: მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტთან ბაგრატის ახალ ნომინაციაზე გვაქვს მოლაპარაკება

გელათის სამონასტრო კომპლექსი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხას დაუბრუნდა. ბაგრატი კი, ჯერ კიდევ 2010 წელს, კომიტეტის გადაწყვეტილებით, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღეს.

თუმცა, როგორც კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე „აიპრესთან“ აცხადებს, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, ქუთაისის ისტორიული ზონის ნომინაციის შექმნასთან დაკავშირებით, რომლის შემადგენელი ნაწილიც იქნება ბაგრატი.

„მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა დააკმაყოფილა ჩვენი წარდგენა გელათის და ბაგრატის საზღვრების მოდიფიკაციის, ანუ ამ ორი ძეგლის განცალკევების შესახებ, რათა გელათი არ გადაყოლილიყო ბაგრატს და დამოუკიდებელი სტატუსით შეეყვანა ნუსხაში. დღეს იქნა გელათის მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში შეყვანის გადაწყვეტილება და ეს UNESCO-სთან ურთიერთობაში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი წარმატებაა. შარშან ასეთივე პრობლემა ჰქონდა მცხეთას და მცხეთაც შარშან დაბრუნდა ძირითად ნუსხაში.

რაც შეეხება ბაგრატს, ამასთან დაკავშირებით ბევრი კონკრეტული მიზეზი იყო. ის რაც დაასკვნა მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა, -სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს დაშვებული გამოუსწორებელი ჩარევის გამო, ბაგრატმა დაკარგა ზოგადსაკაცობრიო ღირებულება, ეს იყოს ის დასკვნა, რომელიც დადო 2010 წელს UNESCO-მ და განაცხადა, რომ ბაგრატს ამ ნუსხაში სამწუხაროდ შანსი აღარ აქვს

თუმცა, ბაგრატის დღევანდელი მდგომარეობით ეს ისტორია არ სრულდება.

ჩვენ მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტთან, მის ექსპერტებთან გვაქვს მოლაპარაკება, რომ ერთობლივად შევიმუშაოთ ახალი ნომინაცია - ქუთაისის ისტორიული ლანდშაფტის ზონა, რომლის შემადგენელ ნაწილი იქნება ბაგრატის ტაძარი. ჩვენ ისევ წარვსდგებით მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში, ოღონდ ბაგრატის ტაძარი წარდგენილი იქნება არა როგორც ცალკე აღებული ძეგლი, არამედ როგორც ამ ისტორიული ზონის შემადგენელ ნაწილად, თუმცა ეს მომავალი მუშაობის საგანია“, - აცხადებს მიხეილ გიორგაძე „აიპრესთან“.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის