ხელოვნება

"არტ გალერეა ვაკეში" ახალგაზრდა მხატვრის, მარიამ ხორავას პერსონალური გამოფენა გაიხსნება

„პროფილის ძიებაში“-ამ სახელწოდებით 1 ნოემბერს ფონდ „ევროარტის“ ორგანიზებით, „არტ გალერეა ვაკე“-ში გაიხსნება აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა მხატვრის მარიამ ხორავას პერსონალური გამოფენა. ფონდის ამავე პროექტის ფარგლებში, ეს ექსპოზიცია 2018 წლის 5-12 იანვარს გერმანიაში, ქალაქ მაკოვსკის გალერეაში გამოიფინება.

„პროფილის ძიებაში“ - ნახატების სერია ახალგაზრდა მხატვრის მიერ ბავშვობაში შექმნილ რამდენიმე ნამუშევარს მოიცავს და ქართველი პუბლიკის წინაშე წარმოადგენს მარიამ ხორავას მიერ, შემოქმედებითი ძიების დროს, საკუთარ თავში აღმოჩენილ ემოციურ სამყაროს. ამიტომაც ნახატებში მკაფიოდ ჩანს ახალგაზრდა მხატვრის ავტოპორტრეტული შტრიხები.

პორტრეტი, როგორც მრავალფეროვანი ადამიანური ემოციების, ფიქრის, აზროვნების თავმოყრის ან გაფანტულობის ადგილი - ახალგაზრდა მხატვრის, მარიამ ხორავას შათაგონება სწორედ ადამიანის სახეზე ასახული შინაგანი განცდებია.

აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტი მარიამ ხორავა გზის დასაწყისშია და განცდებით სავსე, ხელოვნების უკიდეგანო სამყაროში მოგზაურობისთვის ემზადება. მის პირველ პერსონალურ გამოფენაზე კი წარმოდგენილია ემოციათა ობიექტური აღქმითა და სუბიექტური განცდებით შექმნილი პორტრეტების სერია, სადაც დამთვალიერებელმა შესაძლოა თავისი საკუთარი ემოციაც იპოვოს და გამოფენით შექმნილი შთნეჭდილებაც თან გაიყოლოს.

მარიამ ხორავას ოჯახი აფხაზეთიდან, ქალაქ გალიდანაა. მათ 1993 წელს აფხაზეთის კონფლიქტის გამო დატოვეს მშობლიური ქალაქი და დედაქალაქში გადმოვიდნენ. ახლგაზრდა მხატვარი დაიბადა თბილისში 1997 წლის 13 იანვარს. დაამთავრა თბილისის 172-ე სკოლა. ხატვის ხელოვნებას ბავშვობიდან ეუფლება. 2015 წლიდან კი მარიამ ხორავა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტია.

ინფორმაცია ფონდ „ევროარტის“ შესახებ:

ფონდი „ევროარტი“ ქართველ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად განაგრძობს საყოველთაოდ აღიარებული უმაღლესი კლასის ხელოვანების პოპულარიზაციას და იწყებს პროექტების სერიას ახალგაზრდა ნიჭიერი ხელოვანების მხარდასაჭერად, მათი პროფესიული ზრდისა და განვითარებისათვის.
ახალი თაობის წარმომადგენლებისთვის ახალი შანსების მიცემა - ფონდი "ევროარტის" საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმრთულებაა.

ფონდი „ევროარტის“ და მისი პარტნიორი, ჰოლანდიური ფონდის „არტექოს“ (www.festivaliberia.nl , www.artecho.nl), მთავარი მიზანია გააძლიეროს კულტურული ურთიერთობები აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებს შორის ხელოვნების პროექტების ორგანიზებით. ფონდის პორტფოლიო ითვლის მასშტაბურ საერთაშორისო პროექტებს, რომელთა წარმატებაზე მეტყველებს ათეულობით რეცენზია თუ სტატია ჰოლანდიურ და ქართულ მედიაში.
ფონდის წევრთა მრავალწლიანი გამოცდილება მიმართულია ახალი ინიციატივების განხორციელებისკენ. მათ შორის, ახალგაზრდებისათვის ახალი შანსებისა და შესაძლებლობის მიცემისკენ.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის