ხელოვნება
7 ნოემბერს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში მიხეილ ხერგიანისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება

7 ნოემბერს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში მიხეილ ხერგიანისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება

''7 ნოემბერს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება მიხეილ ხერგიანის დაბადებიდან 85 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა.

გამოიფინება: მიხეილ ხერგიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალა, სვანი მხატვრების ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.

მიხეილ ხერგიანი დაიბადა 1932 წლის 23 მარტს მესტიაში, ცნობილი მონადირისა და მთამსვლელის ბესარიონ ხერგიანის ოჯახში. 13 წლის მიშა პირველად, ბანგურიანის რთული კლდეების დალაშქრისათვის, ალპინიადის სამკერდე ნიშნით დაჯილდოვდა.

ბეჭდაუდებელი ფალავანი და შესანიშნავი მოთხილამურე თანდათან ერთ - ერთ საუკეთესო ალპინისტად ჩამოყალიბდა. მიშა ხერგიანმა ყველა წარმატებას 1952-1969 წლებში მიაღწია. იგი ზედმიწევნით ამართლებდა თიკუნს-ზეწოდებას - ,,კლდის ვეფხვს" - და, მართლაც, ,,კლდის ვეფხვმა მრავალჯერ გააოცა ევროპა".

მრავალი ალპინიადის გამარჯვებული, მრავალი ოქროს მედლის მფლობელი, არაერთი ურთულესი მარშრუტის პირველად გამკვალავი და დამპყრობი მიშა ხერგიანი, შესანიშნავი პიროვნება და მთასვლელი, 37 წლისა დაიღუპა იტალიაში - სუალტოს მწვერვალის დაპყრობისას (მეწყვილე სლავა ონიშჩენკო).

1978 წელს ერთ-ერთ ახალაღმოჩენილ პლანეტას მიშა ხერგიანის სახელი ეწოდა. ვლადიმერ ვისოცკიმ სიმღერა მიუძღვნა მის ხსოვნას. ექსპოზიციის გახსნაში მონაწილეობს მესტიის ანსამბლი ,,რიჰო".

გამოფენა გაიხსნება 7 ნოემბერს, 19 საათზე და 16 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. '', - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის