ეკონომიკა
ბათუმში, გმირთა ხეივანში, 3 საინვესტიციო პროექტი ინვესტორების მოლოდინშია

ბათუმში, გმირთა ხეივანში, 3 საინვესტიციო პროექტი ინვესტორების მოლოდინშია


რამდენიმე დღეში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში გმირთა ხეივანში განთავსებულ 3 ობიექტს პირობებიან აუციონზე გამოიტანს. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე აცხადებს, აღნიშნული ობიექტების გასხვისებიდან ბიუჯეტი მინიმუმ 4,5 მლნ ლარს ელოდება, ხოლო რაც შეეხება ინვესტიციებს - სამივე ობიექტის საინვესტიციო პორტფელი მინიმუმ 80 მლნ ლარი იქნება.

მინისტრი აცხადებს, რომ პირობებიან აუციონზე გამოტანილი ლოტებით ბათუმში სასტუმროების, საცხოვრებელი სახლის, ბიზნესცენტრისა და პირველად ბათუმში - მინიმუმ 300 ავტომობილზე გათვლილი ავტოპარკინგის მშენებლობა იგეგმება.

აუციონის პირობების მიხედვით, სამივე პროექტის ექსპლუატაციაში შესვლა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში უნდა მოხდეს.

„ეს პროექტები არის შესაძლებლობა ბათუმში და ზოგადად აჭარაში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვისთვის. საუბარია როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ინვესტიციებზე. რამდენიმე დღის უკან ბათუმში ბათუმი-ვროცლავის საინვესტიციო ფორუმი ჩატარდა, სადაც პოლონელმა ინვესტორებმა გმირთა ხეივანში დაგეგმილი პროექტებისადმი ინტერესი დააფიქსირეს და შესაბამისი ინფორმაციების მიწოდებაც ითხოვეს. ახალი პროექტების განხორციელების შედეგად ბათუმს სასტუმრო ნომრების რაოდენობა დაემატება, ასევე ქალაქში გაჩნდება დამატებითი ადგილები ბიზნესის საწარმოებლად. და რაც ყველაზე მთავარია, პირველად ბათუმში, მინიმუმ 300 ავტომობილზე გათვლილი ავტოპარკინგი აშენდება, რაც ქალაქს გარკვეუწილად განტვირთვაში დაეხმარება“, აღნიშნა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ.

შეგახსენებთ, რომ გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფციაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ იმუშავა. ტერიტორიის ფართობია 3 ჰა. დაგეგმარების მიხედვით ხეივანი 14 საინვესტიციო მიწის ნაკვეთად დაიყო, რომლის ათვისება 3 ეტაპად განხორციელდება.

კონცეფციის მიხედვით შენობის მაქსიმალური სიმაღლე 140, ხოლო მინიმალური 30 მეტრი განისაზღვრა. ტერიტორიაზე სასტუმროების, აპარტამენტების, რესტორნების, სხვადასხვა გასართობი ობიექტებისა და სპორტული ცენტრების განთავსება იქნება შესაძლებელი. გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფციის მიზანი საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, ბიზნესის/ტურიზმის ხელშეწყობა,სამუშაო ადგილების შექმნა და ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაა.

იმავდროულად, გმირთა ხეივანში 5 ახალი ინვესტიციის განხორციელება უკვე დაიწყო.




წყარო: georgianpress.ge
გუშინ კვირის თვის