სამართალი
მოსამართლე:

მოსამართლე: "ციანიდის საქმის" მტკიცებულებები ეწინააღმდეგება სასულიერო პირების პრინციპებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ციანიდის საქმის" მოსამართლემ, ბესიკ ბუგიანიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომის სრულად დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც მოსამართლემ სხდომის დარბაზში განმარტა, პროკურატურის მიერ წარდგენილ საქმის მასალებში საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრების შემცველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერებია.

"აღნიშნული მტკიცებულებების საჯაროდ გამოქვეყნება სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებითად დააზიანებს საზოგადოებაში არსებულ მორალურ წესებს და ასევე მკვეთრად ეწინააღმდეგება სასულიერო პირების ძირეულ პრინციპებს.

ასევე საჯაროდ გაცხადდება პროცესის მონაწილეთა პერსონალური მონაცემები, რომელიც მხარეებს მითითებული აქვთ წარმოდგენილ ჩამონათვალში. ასევე გასათვალისწინებელია გარემოება, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, აუდიო-ვიდეო ჩანაწერები შეიცავს სხვადასხვა პირისა და პროცესის მონაწილეთა პირადი ცხოვრების შესახებ ინფროამციას. აღნიშნული პირები, რომლებიც არიან საზოგადოებისთვის ცნობილი პირები და მათი პირადი ცხოვრების დეტალებით დაინტერესება საზოგადოების ფართო წრისთვის, ან გამჟღავნება პირადი ცხოვრების და თავისუფლების ხელყოფაა.

ასევე, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ პროცესის მონაწილეთა გარკვეული ნაწილის მიმართ ხორციელდება სპეციალური ღონისძიება.

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის პოზიციას სასამართლო სხდომის გასაჯაროებაზე მხოლოდ იმ მოტივით, რომ ბრალდებული გიორგი მამალაძე თანხმობას აცხადებს, საჯაროდ იქნას გამოკვლეული მტკიცებულებები, რაც არ არის საკმარისი არგუმენტი. რადგან, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, საქმის მასალები ეხება არაერთი პირის როგორც პერსონალურ, ასევე პირადი ცხოვრების შემცველ ინფორმაციას. შესაბამისად, არსებობს საქმეზე პერსონალური მონაცემების, პირადი ცხოვრების და პროცესის მონაწილის უსაფრთხოების ხელყოფასთან დაკავშირებული კონკრეტული და რელევანტური გარემოებები, რაც შეიძლება საზოგადოებამ გაიგოს სხდომის გახსნით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს საპროცესო კოდექსის მე-10 და 142-ე მუხლით და დაადგინა პროკურორების, ზვიად გუბელაძის, ჯარჯი წიკლაურისა და ვლადიმერ ვექილიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს. ბრალდებულ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის სხდომა დაიხუროს სრულად",- განმარტა მოსამართლე ბუგიანიშვილმა.

ცნობისთვის, სასამართლო სხომის დახურვას ეწინააღმდეგებოდა თავად ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე და მან პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა და იმავეს გაკეთებისკენ ადვოკატებსაც მოუწოდა.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის