სპორტი
ღირსეული რევანში: ტიმმა ნადალი დაამარცხა

ღირსეული რევანში: ტიმმა ნადალი დაამარცხა

რომის მასტერსის მეოთხედფინალში დომინიკ ტიმმა რაფაელ ნადალი მძიმე ბრძოლაში 6:4, 6:3 დაამარცხა და ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩსა და ხუან-მარტინ დელ პოტროს შორის გამარჯვებულს შეხვდება. 2 აპრილს, მაიამის მასტერსის ფინალში როჯერ ფედერერთან წაგების შემდეგ, ესპანელმა ზედიზედ 17 მატჩი მოიგო და 3 ტურნირზე იმარჯვა. აქედან ბარსელონასა და მადრიდში გამართულ ჩემპიონატებზე ნადალმა გადამწყვეტ მატჩებში ტიმი დაამარცხა და როგორც ჩანს ამჯერად მეტოქე სათანადოდ ვერ შეაფასა.

მთელი მატჩის განმავლობაში ნადალი 4-ჯერ დაბრეიკდა, ხოლო ტიმი - ერთხელ. დომინიკი აგრესიულად თამაშობდა და შედეგიც სახეზეა. ზედიზედ ორი ფინალის წაგების შემდეგ, ავსტრიელმა შესაშური გამძლეობა გამოიჩინა და რომის მასტერსის შვიდგზის გამარჯვებულს შანსი არ დაუტოვა. მიმდინარე წელს თიხის კორტზე ტიმს 17 მატჩი აქვს მოგებული, ხოლო 3-ჯერ წააგო. დომინიკმა ნადალთან ურიერთშეხვედრებში ანგარიში ორამდე შეამცირა - 2:4.

ტიმი ნახევარფინალში ჯოკოვიჩსა და დელ პოტროს შორის გამარჯვებულს შეხვდება. სერბთან ავსტრიელი 0:4-ს აგებს, ხოლო არგენტინელთანაც უარყოფითი ბალანსი აქვს (0:2).

დღესვე გაიმართა კიდევ ორი მეოთხედფინალური შეხვედრა. ჯონ ისნერმა მარინ ჩილიჩი 7:6, 2:6, 7:6 დაამარცხა, ხოლო ალექსანდრ ზვერევმა მილოშ რაონიჩი 7:6, 6:1 სძლია. 2002 წელს ტომი ჰაასის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ, ზვერევი გახდა პირველი გერმანელი, რომელიც რომის ტურნირის საუკეთესო ოთხეულში მოხვდა. მასტერსის ნახევარფინალში კი 20 წლის ჩოგბურთელი პირველად გავიდა. ამერიკელი ზვერევს აქამდე ორჯერ შეხვდა და ორივეჯერ დაამარცხა.

წყარო: worldsport.ge
გუშინ კვირის თვის