პოლიტიკა
ბარნოვი: რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ არც გულში მჯიღის ბრაგუნია გამოსავალი, არც - მოსკოვზე სალაშქროდ წასვლა

ბარნოვი: რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ არც გულში მჯიღის ბრაგუნია გამოსავალი, არც - მოსკოვზე სალაშქროდ წასვლა

"მე არაერთხელ მქონდა, მათ შორის, ძალიან ხმაურიანი, მცდელობები, რომ საზოგადოებისთვის მეთქვა: რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ არც გულში მჯიღის ბრაგუნია გამოსავალი, არც - მოსკოვზე სალაშქროდ წასვლა და არც - მხოლოდ (მხოლოდ) საერთაშორისო არენაზე წუწუნი და პუტუნი. ოცნებისა და ენმ-ს ყოფილი ლიდერშიფის (დღევანდელი ევროსაქები) კორუფციული ძალისხმევით ამ თემას ვერასოდეს მიენიჭა სათანადო კონკრეტიკა - ტელემედია მთლიანად მათ ხელში იყო, არადა, გამოსავალი სწორედ კონკრეტულია", - ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაცია "სამოქალაქო რეფორმაციის" დამფუძნებელი, ანდრო ბარნოვი სოციალურ ქსელში წერს.

"გამოსავალია იმ სახელმწიფო ინსტრუმენტების აღდგენა და ადგილზე ამუშავება, რომლებიც ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება. ეს არის პრაქტიკულად გაუქმებული კონტრდაზვერვის კვლავ ამუშავება, პოლიციის კომპეტენტური კადრით დაკომპლექტება და შესაბამისი სპეციალური ქვედანაყოფების ამოქმედება კონფლიქტის ზოლის მთელ პერიმეტრზე. მარტივად რომ ვთქვა, ჩვენ სრულიად მოშიშვლებული გაქვს ეს ტერიტორიები, რაც დაუშვებელია. ცხადია, ძალიან ბევრი სხვა დეტალიცაა, მაგრამ ახლა ძირითადზე ვწერ.

ძალიან საწყენია, რომ ასეთი მწვავე საკითხზე დისკუსია ვერადავერ გასცდა არაკომპეტენტური და ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი ჯგუფების ქილიკსა და ქიშპობას. საწყენია ასევე საზოგადოების პატრიოტულად განწყობილ წარმომადგენელთა საშინლად უმწიფარი მსჯელობებიც. ბატონებო, თქვენ უნდა ელაპარაკოთ და მოსთხოვოთ სახელმწიფოს. "მთავრობავ, გაიწიე და თავად მოვუვლით" ისეთი ინფანტილიზმია, ტირილს რომ მოგანდომებს. ელაპარაკეთ და მოსთხოვეთ სახელმწიფოს, მოსთხოვეთ კონკრეტული მექანიზმების ამუშავება და ჟურნალისტებო, გახსენით ღია დისკუსია ამ თემებზე - ანუ კონკრეტულ გამოსავალზე, რაც სახელმწიფოს ევალება.

საიდუმლო ინფორმაციაზე აპელირებით თემების დაბლოკვა ასევე ფარისევლობა და ინფანტილიზმია. რუსეთს ვერაფერს ვუმალავთ და ერთმანეთისთვის გვქონია ეს საიდუმლო, გამოდის.

ძალიან საწყენია პოლიტიკური სპექტრის ეგოისტური დამოკიდებულება ამ საყოველთაოდ საჭირბოროტო თემის მიმართ, რომელიც, სამწუხაროდ, არ იცვლება. არ არის ახალი ევროსაქების ჩასვრილი გაიძვერობა და მეოცნებეთა ჩასვრილი მერკანტილიზმი. ახალია ენმ-ს ინერტულობა და ჩამოყალიბებული ხედვის არქონა არც გამოსავალზე, არც - საკუთარ სამოქმედო გეგმაზე და არც - ხელისუფლებისთვის წასაყენებელ მოთხოვნებზე. ისეთ მოთხოვნებზე, რაც საზოგადოებისათვის გასაგები და გასაზიარებელი იქნება. პრალელურად, სანამ ახალი პოლიტიკური ჯგუფები უფასო სასადილოებით და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების კამპანიით ცდილობენ პოლიტიკური აჯენდის შექმნას, ჩვენ შეიძლება სულაც დავკარგოთ დამოუკიდებლობა.

გაითვალისწინეთ, რომ მაიქ პენსის ვიზიტის წინ რუსეთის მიერ საოკუპაციო ზოლის გადმოწევა პრაქტიკულად იგივე ქმედებაა, რაც კონდოლიზა რაისის ვიზიტის დროს საჰაერო სივრცის დარღვევა იყო. მთავრობამ იქნებ გაითვალისწინოს, რომ თავდაცვა ყველაფერთან ერთად იმისთვისაცაა საჭირო, რომ ქვეყანამ დიპლომატიური ვაჭრობის საშუალება დაიტოვოს. თავდაცვის გაუქმებით თქვენ სახელმწიფოებრიობას სრულიად აუქმებთ.

ამ ფონზე ნიშანდობლივია, რომ ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გუშინდელ მიღებაზე პრემიერმა სიტყვა არ დაძრა არც ოკუპაციაზე (მითუმეტეს, დღევანდელ კონტექსტში - ახალი ოკუპაციისა და პენსის ვიზიტის მოლოდინისას) და არც იმ დახმარებაზე, რასაც აშშ წლების განმავლობაში გვიწევს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. კატასტროფაა ნამდვილად...", - წერს ანდრო ბარნოვი.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის