პოლიტიკა
მაღრაძე: რუსეთის ინტერესია, ამ მარშებით საქართველოს როგორც ცივილური ქვეყნის იმიჯი შეასუსტოს

მაღრაძე: რუსეთის ინტერესია, ამ მარშებით საქართველოს როგორც ცივილური ქვეყნის იმიჯი შეასუსტოს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გუგული მაღაძე აიპრესთან აცხადებს, რომ ქართველთა მარშის ორგანიზატორები რუსეთიდან ფინანსდებიან. მისივე თქმით, მათი ლოზუნგებს გაუთვითცნობიერებელი ადამიანები შეცდომაში შეჰყავს.

"იმ ადამიანებს რომლებიც იქ არიან, რომ უთხრა ხვალ, რომ შენ რუსეთის შემადგენლობაში უნდა შეხვიდეო, ყველა დაფრთხება იმ რამდენიმე ადამიანის გარდა, ეს პროპაგანდისტული თამაშია, ორგანიზატორები ამაზე აკეთებენ ფულს. იმ ადამიანებს რომლებიც ასე პოლიტიკაში ტივტივებენ და არაფერი პროფესია არ აქვთ, არასდროს არაფერი გაუკეთებიათ, იმათ უნდათ ფული, მაგიტომ ტივტივებენ, სხვა თუ შესთავაზებდა რამე ფულს, სხვას მიეყიდებოდნენ, მაგრამ სხვას არ სჭირდება ეგენი",-აცხადებს გუგული მაღრაძე.

დეპუტატი ამბობს, რომ რუსეთის ინტერესია, ასეთი მარშებით საქართველოს საერთაშორისო იმიჯი შეულახოს და მის სასარგებლოდ ნიადაგი მოიმზადოს, თუმცა, გუგული მაღრაძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს მსგავსი აქტივობები ვერ შეცვლის.

"რუსეთს სურს ამით უჩვენოს, რომ საქართველოს რა ღირებულებებიც აქვს ვითომ, ეს მიუღებელია დასავლური ცივილური სამყაროსთვის და ამით უფრო მეტად შეასუსტოს საქართველოს იმიჯი როგორც ცივილური თანამედროვე ქვეყნისა, ეს არის მთავარი, უნდა რაღაც ნიადაგი გაიკეთოს, რომ მისკენ გადაიხაროს, მაგრამ წარმოდგენელია, საქართველოს იმდენად განსაზღვრული აქვს თავის დასავლური ორიენტაცია, რომ ამას ვერანაირი მარშები ვერ შეარყევს",-აცხადებს გუგული მაღრაძე.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ასეთი მარშები მიუღებელი უნდა იყოს საზოგადოებისთვის, თუმცა, აღნიშნავს, რომ თუ მარში დარღვევების გარეშე ტარდება, ხელისუფლების მკვეთრი განცხადებების საჭიროება არ დგას.

"მე არ მიმაჩნია აუცილებლობად, რომ განცხადებები ვაკეთოთ, გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს, გამოვიდნენ, გაიარეს, თუკი ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენეს, მან უნდა იჩივლოს და ასწავლოს ჭკუა. აქ რაიმე განცხადებების გაკეთება ჩვენი მხრიდან არ მიმაჩნია (აუცილებელი), იმიტომ რომ გამოხატვის თავისუფლებაა, რაც კანონის ფარგლებში რეგულირდება უნდა დავარეგულიროთ. ასეთი ადამიანების მიმართ რომლებიც ცუდს წერენ, ცუდს ამბობენ, საზოგადოების დამოკიდებულება უნდა იყოს უარყოფითი, უნდა შევქმნათ ისეთი სიტუაცია, რომ ხალხში გამოსვლა რცხვენოდეს, მაგრამ საზოგადოება უნდა იყოს აქტიური ამ დროს, ეს არ არის ხელისუფლების ამბავი, იქ რომ რაღაც დაემტვრიათ, დაემსხვრიათ, მაშინ ხელისუფლებას უნდა დაეჭირა ესენი, თუკი მშვიდად გამოხატავენ ჩვენთვის, ხელისუფლების უმრავლესობისთვის მიუღებელ აზრებს, გაოხატვის თავისუფლება გვაქვს და რა ვქნათ? თუ ინდივიდუალურად ვინმე იქნა შეურაცხყოფილი იმ ინდივიდმა თუ მიაჩნია საჭიროდ უნდა იჩივლოს და ასწავლოს ჭკუა ასეთ ადამიანებს, თუ არა გაატაროს, ეს მისი საქმეა",-განაცხადა გუგული მაღრაძემ.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის