სხვადასხვა
ის რაც Sarahah-ის აპლიკაციაზე უნდა იცოდეთ - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის რეკომენდაციები

ის რაც Sarahah-ის აპლიკაციაზე უნდა იცოდეთ - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის რეკომენდაციები

აპლიკაცია Sarahah მსოფლიოსა და საქართველოში ინტერნეტის სენსაციად იქცა. მისი დახმარებით ანონიმური შეტყობინებების გაგზავნისა და მიღების მსურველი უკვე 300 მილიონზე მეტია. თუმცა რთული სათქმელია, ამ 300 მილიონიდან რამდენი გაეცნო აპლიკაციის წესებსა და პირობებს (Terms and Conditions) და კონფიდენციალურობის პოლიტიკას (Privacy Policy) სანამ „ვეთანხმები“ ღილაკს დააჭერდა.

 

რა წერია წესებსა და პირობებში?

Sarahah-ის წესები და პირობები საკმაოდ მოკლედ და მარტივად არის დაწერილი. აპლიკაცია აცხადებს, რომ ყველა მომხმარებელმა უნდა იმოქმედოს ეთიკის ფარგლებში და თავი შეიკავოს შეურაცხყოფისგან. საიტი იტოვებს უფლებას დაბლოკოს ნებისმიერი მომხმარებელი და წაშალოს ნებისმიერი მესიჯი ან ანგარიში, თუ ამას ვებგვერდის მენეჯმენტი საჭიროდ მიიჩნევს. Sarahah ასევე, უფლებას იტოვებს მოგწეროთ e-mail-ები, მათზე უარის თქმის შესაძლებლობით.

 

მოკლე ჩამონათვალის ბოლოს 2 საყურადღებო პუნქტია. პირველი მათგანი წესებისა და პირობების ცვლილებას ეხება, მეორე კი აპლიკაციის პასუხისმგებლობას ზიანთან დაკავშირებით.

 

"ჩვენ გვყავს წესები და პირობების ცვლილების უფლება საჭიროების შემთხვევაში" - აცხადებს აპლიკაცია. ის ასევე იხსნის პასუხისმგებლობას შეტყობინებების შინაარსთან დაკავშირებით. "ვებსაიტის მეშვეობით გაგზავნილი შეტყობინებების შინაარსზე პასუხისმგებელია მათი შემქმნელები და სარაჰი არ პასუხობს ზიანს, რომლითაც კონტენტის ან საიტის სერვისების გამოყენება შეიძლება დადგეს." - ნათქვამია დოკუმენტში.

მომხმარებლის რა პერსონალურ მონაცემებს აგროვებს Sarahah?

კონფიდენციალურობის პოლიტიკის დოკუმენტში კომპანია ამბობს, რომ აგროვებს ვებსაიტზე ვიზიტის თარიღსა და დროს, ასევე ინტერნეტპროტოკოლის (IP) მონაცემებს. ბრაუზერის ტიპსა და იმ ვებგვერდის URL-ს, რომელმაც Sarahah-ზე გადაგამისამართათ. აქვე აპლიკაცია აცხადებს, რომ ეს მონაცემები შეიძლება სხვადასხვა მიზნით გროვდებოდეს.

 

რაც შეეხება ინფორმაციის გამჟღავნებას, კომპანია ირწმუნება, რომ ყოველთვის დაიცავს თქვენი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და იმ პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობას, რომელსაც ის იღებს. ამავე დროს კი აცხადებს: „ჩვენ არასოდეს გავამჟღავნებთ ამ ინფორმაციას, თუ ეს არ იქნება კანონის მოთხოვნა, ან თუ არ მივიჩნევთ, რომ ეს პროცედურა საჭირო ან სასურველია კანონმდებლობის მოთხოვნების შესასრულებლად, ამ ვებსაიტის საკუთრების უფლების დასაცავად, ან საიტისგან სარგებლის მიმღები სხვა მხარეების დასაცავად.“

 

ვებგვერდი გპირდებათ, რომ არასოდეს მიჰყიდის თქვენ მიერ მიწოდებულ მონაცემებს მესამე მხარეს მარკეტინგისთვის თქვენი წინასწარი და წერილობითი თანხმობის გარეშე. გამონაკლისად სახელდება მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია, რომელიც სტატისტიკისა და კვლევისთვისაა საჭირო და იდენტიფიცირების საშუალებას არ იძლევა.

 

"ჩვენ არასდროს გავყიდით, გავეცნოთ ან გავეცნოთ ნებისმიერი ინფორმაცია მესამე მხარესთან ერთად ამ ვებსაიტის და ჩვენს ქსელში ჩართული საიტების გარეთ. ინფორმაცია გაეხსნა მხოლოდ იურიდიული პირის ან ორგანიზაციის ბრძანების შემთხვევაში "ნათქვამია კონფიდენციალურობის პოლიტიკაში. თუმცა არ არის დაკონკრეტებული ვინ იგულისხმება იურიდიული პირები და ორგანიზაციებში, ან რა სახის ბრძანებას შეიძლება საუბარი. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში გამოყენებული ტერმინოლოგია ზოგჯერ საკმაოდ ბუნდოვანია და ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

 

რაც შეეხება Privacy Policy-ს ცვლილებას, აპლიკაცია მოდიფიკაციის უფლებას აქაც იტოვებს: „ჩვენ გვაქვს მონაცემთა კონფიდენციალურობის წესებსა და პირობებში ცვლილებების შეტანის უფლება საჭიროების შემთხვევაში.“ - ნათქვამია დოკუმენტში

 

ამჟღავნებს თუ არა Sarahah მესიჯების ავტორების ვინაობას?

ეს არის მთავარი საკითხი, რომელიც დღეს Sarahah-ის მომხმარებლებს აწუხებთ. ამას ადასტურებს აპლიკაციის ვებგვერდზე გამოტანილი ხშირად დასმული კითხვებიც (FAQ), სადაც ეს შეკითხვა ნომერ პირველია.

 

"Sarahah არ გაგიჟღავნებს საიტზე შესული (შესვლა) მესიჯების ავტორების ვინაობა მათი თანხმობის გარეშე" - პასუხობს აპლიკაცია. აქ მნიშვნელოვანია ცოდნა, რომ მესიჯის გაგზავნა საიტზე შესვლისა და რეგისტრაციის გარეშეც არის შესაძლებელი.

 

ამავე დროს, კომპანია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას შინაარსთან დაკავშირებულ ზიანზე, რომელიც შეიძლება მომხმარებელს მიადგეს. „Sarahah არ არის პასუხისმგებელი შინაარსსა ან ზიანზე, რომელიც საიტის მომსახურების გამოყენების შედეგად შეიძლება წარმოიქმნას.“ - ამბობს ვებგვერდი.

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი გირჩევთ, „ვეთანხმები“ ღილაკზე დაჭერამდე:

 

ყურადღებით გაეცნოთ აპლიკაციის წესებსა და პირობებს, გააანალიზოთ, რა მასშტაბის წვდომას ითხოვენ თქვენს მონაცემებზე მომსახურების სანაცვლოდ, შეაფასოთ აპლიკაციის/ვებგვერდის სანდოობა და გააკეთოთ ინფორმირებული არჩევანი.

 

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის