პოლიტიკა
მილიონამდე ლარი პრეზიდენტის ინსტიტუციის პიარისთვის პრეზიდენტის ფონდიდან

მილიონამდე ლარი პრეზიდენტის ინსტიტუციის პიარისთვის პრეზიდენტის ფონდიდან

რაში იხარჯება პრეზიდენტის ფონდის მილიონები? რომელ პროექტებს აფინანსებს სქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის ფონდიდან? რატომ ლიდერობს დაფინანსებულ პროექტებს შორის კონსტიტუციისა და არჩევნების თემატიკა? რა პრიოტიტეტების გამო იღებენ ბიუჯეტით დაფინანსებული ფონდიდან 100 ათასობით ლარზე მეტს კონკრეტული ორგანიზაციები და კომპანიები?

"აიპრესმა" პრეზიდენტის ფონდის 2016-2017 წლის ხარჯები გამოითხოვა.

"აიპრესის" მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2016-2017 წელს საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განკარგულებით, მარტო ერთი ორგანიზაციისთვის, "ევროპულ-ქართულ ინსტიტუტისთვის“ 4 პროქტი დაფინანსდა.

4 პროექტისთვის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თავდაპირველად 589 599 ლარი გამოიყო, ხოლო შემდეგ პრეზიდენტმა ორ განკარგულებაში ცვლილება შეიტანა და აღნიშნულ ორგანიაციას დაფინანსება 108 188 ლარით გაუზარდა. საერთო ჯამში, ორგანიზაციამ, რომელიც 2015 წელს შეიქმნა, 697 787 ლარი მიიღო.

1. 2016 წლის 2 აგვისტოს "ევროპულ-ქართულ ინსტიტუტის“ მიერ დაგეგმილი პროექტისთვის "მოდი არჩევნებზე, შეცვალე მომავალი" სარეზერვო ფონდიდან 387 799 ლარი გამოიყო. ორ დღეში პრეზიდენტმა განკარგულებაში ცვლილება შეიტანა და 37 704 ლარი დაუმატა, რამაც საბოლოო ჯამში 425 503 ლარი შეადგინა.

2. 2016 წელის 8 დეკემბერს პროექტისთვის "ახალგაზრდული ინიციატივისთვის" 20 000 ლარი გამოიყო.

3. 2016 წლის 26 დეკემბერს იმავე ორგანიზაციას პროექტისთვის "ზამთრის სკოლა - აქტიური მოქალაქე" 31 800 ლარი გამოეყო.

4. ხოლო 2017 წლის 2 მარტს პროექტისთვის "ახალგაზრდული ინიციატივისთვის“ სარეზერვო ფონდიდან 150 000 ლარი გამოიყო, რომელშიც 3 აგვისტოს ცვლილება შევიდა და 70 484 ლარი დაემატა, ჯამში 220 484.

ორგანიზაცია "ევროპულ-ქართულ ინსტიტუტი" 2015 წლის 1 ივლისს დაარსდა და მიზნად ისახავს ახალგაზრდული საქმიანობების ხელშეწყობას და საზოგადოებაში არაფორმალური განათლების დამკვიდრებას. ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან: 1. გიორგი მელაშვილი 2. შალვა ჩხეიძე 3. რევაზ თოფურია.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების მთავარი მოქმედი გმირი პირადად პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია. სტუდენტებთან გამართულ თითქმის ყველა შეხვედრას გიორგი მარგველაშვილი ესწრებოდა და წამყვანიც თავად იყო. ამასვე მოწმობს "ევროპულ-ქართული ინსტიტუტის პროექტის "შენი ხმა ჩვენი მომავალია" შემაჯამებელი ვიდეორგოლი, რომელზეც ან პრეზიდენტი ჩანს, სადაც არ ჩანს, მისი სიტყვები გასდევს. იხ. ვიდეორგოლი:

გარდა ამისა, ამ პროექტის პოპულარიზაციას თავად პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე ეწეოდა:

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში „ევროპულ-ქართული ინსტიტუტის“ დაგეგმილ საზაფხულო სკოლებთან დაკავშირებით 2016 წლის აგვისტოში "ვახო სანაიას დღის ამბებში“ ისაუბრა, როდესაც საზაფხულო სკოლას სტარტი ახალი აღებული ჰქონდა. მან განაცხადა, რომ პრეზიდენტი ამ პროექტებში იქნება ძალიან აქტიური და ყველა ბანაკში აპირებს მისვლას.

"ამ ბანაკებში პრეზიდენტი ყველგან აპირებს მისვლას, აპირებს რომ ჩავიდეს, პირადად ესაუბროს ამ ახლგაზრდებს, ვერც წარმოიდგენთ, რამდენად დამუხტულები არიან ეს ახალგაზრდები რამხელა ინტერესი გაუჩნდათ და გაუღვივდათ ამ საკითხებთან მიმართებაში. ამ პროექტში პრეზიდენტის პარტნიორები არიან ორი მიმართულებით, ორი ორგანიზაცია ერთი "ევროპულ-ქართული ინსტიტუტი", რომელიც ამ კონკრეტული საზაფხულო სკოლების ორგანიზებაზე მუშაობს. პარალელურად ჩაფიქრებულია კონკურსი რომელსაც "დემოკრატიის ლაბორატორია" ახორციელებს. ამ ორგანიზაციას პროექტი „მე და კონსტიტუცია“ ასევე პრეზიდენტის მხარდაჭერით აქვს განხორციელებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ძალიან დიდი ენთუზიაზმი განაპირობა ამან ახალგაზრდებში", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

როგორც "აიპრესისთვის" თავად პროექტის ორგანიზატორებისგან გახდა ცნობილი, პრეზიდენტის მონაწილეობის ფაქტორი პროექტის შეტანისთანავე იყო გაწერილი. ანუ, პროექტის დაფინანსებამდე იყო ცნობილი, რომ მისი მთავარი გმირი გიორგი მარგველაშვილი იქნებოდა.

საერთო ჯამში კი, მედიაში გავრცელებული მასალებისა და პროექტის ხელმძღვანელების განცხადებების მიხედვით დგინდება რომ, ამ პროქეტში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა წამყვანი პირი იყო ჩართული: პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძე.

პროექტის მიმდინარეობის ამსახველი ფოტოები მრავლად მოიპოვება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც.

"აიპრესი" ორგანიზაციის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს გიორგი მელაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც პრეზიდენტის ფონდიდან დაფინანსებულ პროექტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პროექტები ემსახურებოდა სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი მხარდაჭერის გაზრდას.

ორგანიზაციის დამფუძნებლის თქმით, ამ პროექტებში "პრეზიდენტის ჩართულობა დიდი იყო, რამდენიმე მათგანზე პირადად ჩავიდა, გახსნა, დახურა და მიმართა მონაწილეებს“. ორგნიზაციის დამფუძნებელი "აიპრესთან" არც იმას უარყოფს, რომ პროექტი გარკვეულწილად პრეზიდენტის ინსტიტუციის პიარს ემსახურებოდა.

გიორგი მელაშვილის თქმით, პროექტი "მოდი არჩევნებში შეცვალე მომავალი" მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში აბსენტიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, არჩევნებისადმი ახალგაზრდების ინტერესის გაზრდასა და Y2Y (ახალგაზრდები-ახალგაზრდებისთვის) პროგრამის ინიცირებას არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებთ.

პროექტი მოიცავდა საქართველოს ყველა რეგიონში საზაფხულო სკოლების ჩატარებას, რომელთა მონაწილეებმა გაიარეს ტრენინგი არჩევნებში ახალგაზრდების მონაწილეობასთან დაკავშირებით და მარკეტინგის საფუძვლებში. პროქტი საზაფხულო სკოლებში ჩატარდა საქართველოს ყველა რეგიონში, მონაწილეების გასვლითი ღონისძიებები ასევე საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდა, ძირითად ურბანულ დასახლებულ პუნქტებში.

საზაფხულო სკოლების მონაწილეები იყვნენ ახალგაზრდები, სტუდენტები და დამამთავრებელი კლასების (X-XI-XII)მოსწავლეები. გასვლითი ღონისძიებების დროს სამიზნე აუდიტორია იყო კონკრეტული გასვლითი ღონისძიების არეალში მცხოვრები მოსახლეობა.

- ემსახურებოდა თუ არა ეს პროექტები გარკვეულწილად პრეზიდენტის პიარს?

- ვერ დაგეთანხმებით ამაში, რადგან ამ პროექტების მიზნობრიობა გარკვეულწილად იყო გაწერილი. რაც შეეხება პიარს, ზოგადად ემსახურებოდა სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერის გაზრდას. კონკრეტულად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პიარი ეს ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა შემიძლია დავადასტურო, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის პატივისცემა, სამოქალაქო ინსტიტუტებისა და ქვეყნისადმი დამოკიდებულება ამ პროექტების შედეგად მონაწილეებს გაეზარდათ.

-გასაგებია, ანუ პერსონალურად გიორგი მარგველაშვილის პიარი არა, მაგრამ პრეზიდენტის ინსტიტუციის პიარი არ არის?

-ინსტიტუციის, დიახ.

-პრეზიდენტის ადმინისტრაციის გარდა, სხვა უწყების წარმომადგენლები თუ იყვნენ ჩართულები ამ პროექტში? და ვინ კონკრეტულად?

ინსტიტუციურად, სხვადასხვა პროექტებში პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად მონაწილეობდა სხვადასხვა დროს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (დანაშაულის პრევენციის ცენტრი), ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში (ნატოსა და ევროკავშირის ცენტრი) და ასევე მოწვეული ექსპერტები, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებში მუშაობენ (აღვნიშნავ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების ლექციებს, ასევე თსუ-ს, თავისუფალი უნივერსიტეტისა და სხვა უნივერსიტეტებში მოღვაწე პროფესორების ლექციებს).

-პრეზიდენტის ჩართულობა თავიდანვე განსაზღვრული იყო პროექტით თუ შემდეგ დაემატა?

თავიდანვე დაშვებული იყო, რომ პრეზიდენტი მიიღებდა მონაწილეობას პროექტების გახსნაში. როგორც აღვნიშნე, სამწუხაროდ, 4-დან 2 პროექტში პრეზიდენტმა მონაწილეობა ვერ მიიღო. თუმცა, იმ პროექტებში, სადაც მონაწილეობა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ვერ მიიღო, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი მონაწილეობდა.

ეს არ არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომლის წარდგენილ პროექტებშიც თავიდანვე იყო დაფიქსირებული გიორგი მარგველაშვილის მონაწილეობის ფაქტორი.

პრეზიდენტი ასევე აქტიურად იყო ჩართული ორგანიზაცია "დემოკრატიის ლაბორატორიის" პროექტში "მე და კონსტიტუცია", რომელიც პრეზიდენტის ფონდიდადნ დაფინანსდა და უკვე ორი წელია პრეზიდენტის ინციატივით ტარდება. აღნიშნული პროექტის ფინალი პრეზიდენტის სასახლეში თავად პრეზიდენტმა გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. პროექტი მიზანად ისახავდა სკოლის მოსწავლეებში კონსტიტუციის ცოდნის ამაღლების ხელშეწყობასა და უზენაესი კანონის პოპულარიზაციას.

"აიპრესის" გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციით ირკვევა, რომ პრეზიდენტმა 2016 წლის 29 იანვარს სარეზერვო ფონდიდად "დემოკრატიის ლაბიორატორია"-ს პროექტის "მე და კონსტიტუციას“ განსახორციელებლად 99 856 ლარი გამოუყო. 11 თვის შემდეგ კი "დემოკრატიის ლაბიორატორია“-ს იგივე პროექტის "მე და კონსტიტუციას“ განსახორციელებლად პრეზიდენტმა 119 975 ლარი გამოუყო. ჯამში ორჯერ განხორციელებული ერთი და იმავე პროექტისთვის ფონდიდან 219 831 ლარი დაიხარჯა.

არის თუ არა პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის პიარი აღნიშნული პროექტები, ამის გასარკვევად „აიპრესი“ ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსს სოფო ჯაჯანაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც სატელეფონო კომენტარი არ გააკეთა და გვთხოვა, რომ მიგვეწერა ადმინისტრაციისთვის ოფიციალურად.

„სატელეფონო კომენტარს ვერ გავაკეთებ, ან მოგვწერეთ ოფიციალურად, ან ეკა მიშველაძის ბრიფინგზე დასვით კითხვა. ეხლა ვარ მე ბათუმში კონკრეტულად რას გულისხმობთ მე არ მაქვს ინფორმაცია. თუ მოგვმართავთ ოფიციალურად, მაშინ სავარაუდოდ ხვალ გიპასუხებთ“, - განაცხადა სოფო ჯაჯანაშვილმა.

„მე არ ვარ ფონდის საქმის კურსში, უნდა დაურეკოთ ადამიანს ვინც ფონდზე გაგცემთ პასუხს. ბრიფინგამდე კითხვა გამომიგზავნეთ და სამშაბათამდე გაგირკვევთ, თუ არ გეჩქარებათ“, - განგვიცხადა ეკა მიშველაძემ.

„აიპრესი“ ინფორმაციის მიღების შემდგომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას აუცილებლად შემოგთავაზებთ.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის