საზოგადოება
საქართველოს სახალხო დამცველმა სოციალური შემწეობის გაცემის წესი დისკრიმინაციულად მიიჩნია

საქართველოს სახალხო დამცველმა სოციალური შემწეობის გაცემის წესი დისკრიმინაციულად მიიჩნია

2017 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და დაცვის მინისტრს მოქალაქეობის ნიშნით ასოციაციით დისკრიმინაციის დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა,- ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

"განმცხადებლის ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში ააიპ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ წარმოადგენდა.

საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განმცხადებელი მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაში მყოფი 7-სულიანი ოჯახის წევრია. მისი მეუღლე არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც არ აქვს საქართველოში ბინადრობის მოწმობა. განმცხადებელი და მისი შვილები სარგებლობდნენ დახმარებით, თუმცა, ვითარება შეიცვალა მას შემდეგ, რაც ოჯახს მისი მეუღლე შეუერთდა.

საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და დაცვის მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებით დადგენილია, რომ შემწეობის მიღების მიზნით, ოჯახის წარმომადგენელმა თან უნდა იქონიოს „საკუთარი და ოჯახის დეკლარაციის მიხედვით ოჯახის ყველა წევრის პირადობის/ბინადრობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია დოკუმენტის მფლობელის პირადი ნომერი.“ განმცხადებლის მეუღლემ ვერ მოახერხა ბინადრობის მოწმობის წარმოდგენა, რის გამოც დახმარება მთლიან ოჯახს შეუწყდა.

რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა მნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ სარგებლის მიღების თვალსაზრისით, ერთი პირის სამართლებრივმა მდგომარეობამ გავლენა არ უნდა იქონიოს სხვა პირების - განმცხადებლისა და მისი შვილების, უფლებრივ მდგომარეობაზე, რის შედეგადაც იქმნება ისეთი სამართლებრივი რეალობა, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან კუთვნილი დახმარების მიღების უფლება ერთმევათ პირებს, რომლებსაც სრული ფაქტობრივ-სამართლებრივი შესაბამისობა აქვთ აღნიშნული სიკეთის მისაღებად.

სახალხო დამცველმა შრომის, ჯანმრთელობისა და დაცვის მინისტრს მოუწოდა, დახმარების შესახებ არსებული კანონმდებლობა მოდიფიცირდეს იმგვარად, რომ ოჯახის ერთი რომელიმე წევრის მიერ დახმარების მისაღებად საჭირო კრიტერიუმების დაუკმაყოფილებლობამ არ გამოიწვიოს სხვა წევრებისთვის აღნიშნული უფლებით სარგებლობის შეზღუდვა."- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის