მსოფლიო
კირკუკში დაღვრილი სისხლი და რეგიონში ახალი კონფლიქტის საფრთხე

კირკუკში დაღვრილი სისხლი და რეგიონში ახალი კონფლიქტის საფრთხე

,,კირკუკი ერაყის არმიის კონტროლს ექვემდებარება,, ამის შესახებ განაცხადება ერაყის პრემიერმა ჰაიდარ აბადიმ გააკეთა და აღნიშნა, რომ თავადაც მოკლე ხანში მოინახულებს ამ ქალაქს.


ცენტრალურ და ერაყის ქურთულ რეგიონულ მთავრობას შორის დაძაბულობის გაზრდის შემდეგ, წინა ღამეს, ერაყის არმიამ კიკრკუკის სამხედრო ბაზების და ნავთობის ჭაბურღილების ხელში ჩასაგდებად დაიწყო ოპერაცია, რომლის დროსაც თავისი კონტროლის ქვეშ მოაქცია ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორიცაა, კიკრკუკის აეროპორტი, ჩრდილოეთის ნავთობ კომპანია, კეივანის სამხედრო ბაზა, ქალაქის ელექტროენერგომომარაგებელი კომპანიის ოფისი და ბუნებრივი გაზის საბადოები. ერაყის ნავთობის სამინისტროს ცნობით, მყისიერად არის შესაძლებელი დანარჩენი ნავთობის სფეროების ხელში ჩაგდებაც.
კირკუკის ერაყის არმიისა და პროირანული შიიტური ,,ჰაშდი შაბის,, მილიციონერების ხელში გადასვლის შემდეგ, ქალაქის ციხეზე, არაბი, თურქმენი და ქურთი მოსახლეობის საერთო გადაწყვეტილებით, თურქმენული დროშა აღიმართა.
ფრანგული საინფორმაციო სააგენტოს „AFP“-ს ცნობით, ერაყის ძალოსნებთან კონფლიქტში დაიღუპა ქურთისტანის შეიარაღებული ძალების ,,ფეშმერგას,, 10 მებრძოლი. მსხვერპლის შესახებ აცხადებენ ასევე ქურთული წყაროებიც.
გავრცელებული ინფორმაციით, ქურთისტანის ,,ფეშმერგას,, მიერ ქალაქის დატოვებამ და ჯეროვანი წინააღმდეგობის გაუწევლად უკან დაწევამ, ამ დაჯგუფების ლიდერებს შორის კრიზისი გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ ქურთების ,,ფეშმერგა,, საკმაოდ ძლიერი შეიარაღებული ძალაა, რომელმაც ქალაქი კირკუკი მას შემდეგ დაიკავა, რაც 2014 წელს ერაყის არმიამ ,,ისლამური სახელმწიფოს,, ბოევიკებთან ბრძოლის დროს კირკუკიდან სამარცხვინო გაქცევით უშველა თავს. ამერიკელების მოკავშირე ,,ფეშმერგა,, ყველაზე ეფექტური ძალა იყო, როგორც სადამ ჰუსეინის არმიის, ასევე ,,ისლამური სახელმწიფოს,, წინააღმდეგ ბრძოლის დროს.
მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს გამართულ ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმში, კირკუკიც ღებულობდა მონაწილეობას, რამაც ერაყთან ერთად თურქეთიც ძალიან გააღეზიანა, რადგან თურქები ამ ქალაქს მათი მონათესავე თურქმენების ქალაქად მიიჩნევენ, რომლებიც აქ ქურთებთან და არაბებთან ერთად უხსოვარი დროიდან ცხოვრობენ.
მიუხედავად დასავლეთის ლიდერთა მოწოდებისა, ერაყის ხელისუფლებამ კირკუკში სისხლისღვრა ვერ აიცილა, აქედან გამომდინარე რთული გამოსაცნობია, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში და ექნება თუ არა მცდელობა ქურთებს ქალაქი კირკუკი ძალისმიერი გზით ისევ დაიბრუნონ. არც ისაა გამორიცხული, რომ ერაყის არმიამ პროირანულ-შიიტური ,,ჰაშდი შაბის,, , თურქეთის წაქეზებით და ქვეყნის ტერიორიული მთლანობის აღდგენის მოტივით, ქურთების შევიწროება უკვე მათ ტერიტორიებზეც განაგრძნოს, რაც რეგიონში ახალი დიდი კონფლიქტის დასაბამი გახდება.

სპეციალურად ,,თაიმერისთვის,,
კახაბერ ადამია

წყარო: timer.ge
გუშინ კვირის თვის