პოლიტიკა
,,მინდა, პოლიტიკურ ჯგუფებს მოვუწოდო, ნუ გამოიყენებენ ყიზილაჯლოში მომხდარ ფაქტს პოლიტიკური სპეკულაციების მიზნით”

,,მინდა, პოლიტიკურ ჯგუფებს მოვუწოდო, ნუ გამოიყენებენ ყიზილაჯლოში მომხდარ ფაქტს პოლიტიკური სპეკულაციების მიზნით”

“ქართული ოცნება” მარნეულში და ქვემო ქართლში ისეთივე ერთიანია, როგორც მთელ საქართველოში, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” პარტია “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ოპონენტების მიერ გაკეთებული შეფასება, რომ მმართველი პარტიის მარნეულის რაიონულ ორგანიზაციაში განხეთქილებაა, სიმართლეს არ შეესაბამება.

არჩილ თალაკვაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს გუშინ მომხდარი ინციდენტი არ გამოიყენონ პოლიტიკური მიზნებისთვის.

“თუ ვინმეს ჰქონდა საფუძველი, ეს ფაქტი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინა, ჩვენი პარტია იყო, მაგრამ ჩვენ ასე არ მოვიქეცით და მინდა, სხვა პოლიტიკურ ჯგუფებსაც მოვუწოდო, ნუ გამოიყენებენ ამ ფაქტს პოლიტიკური სპეკულაციების მიზნით. გამოძიება დაადგენს რა მოხდა, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, პოლიტიკური ინტერესი მომხდართან დაკავშირებით არ იკვეთება. ჩვენი პარტია ქვემო ქართლში და მარნეულში ისეთივე ერთიანია, როგორც მთელ საქართველოში. ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი კანდიდატები, გუნდი მუშაობს შეთანხმებულად და დარწმუნებული ვარ, დამაჯერებელ გამარჯვებას მივაღწევთ მარნეულში”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან გუშინ დაპირისპირება მოხდა. საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 პირი დაჭრა.

დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

წყარო: timer.ge
გუშინ კვირის თვის