სპორტი
როგორ გამოიყენებდა მოურინიო მანჩესტერში ოზილს?

როგორ გამოიყენებდა მოურინიო მანჩესტერში ოზილს?

15 სექტემბერს "The Sun"-მა გაავრცელა ჭორი, რომლის თანახმადაც მესუთ ოზილს კვლავ სურს ჟოზე მოურინიოსთან მუშაობა და იგი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება "მანჩესტერ იუნაიტედს". ამ ამბავს არავინ მიაქცევდა ყურადღებას, რომ არა "Metro" და "Mirror"-ი, რომლებმაც აგრეთვე დაწერეს გერმანიის ნაკრების შუახაზელის "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგების შესახებ. როდესაც რამდენიმე საინფორმაციო წყარო ერთსა და იმავე ამბავს აშუქებს, ეს უკვე ჭორი აღარ არის და ინფორმაცია სხვანაირად აღიქმება. ყველაფერს ამძაფრებს ის ფაქტიც, რომ "არსენალი" არ მართავს ოზილთან მოლაპარაკებებს კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, რომელიც 2018 წელს იწურება. უფრო ავტორიტეტულმა "ESPN"-მა მოგვიანებით დაწერა, რომ ოზილი და სანჩესი ლონდონურ კლუბს იანვარშივე დატოვებენ. აღნიშნული ინფორმაცია ბრიტანულმა გამოცემამ რობერტ პირესის მოცემული კომენტარით განამტკიცა: "მესუთი გაღიზიანებულია იმ ფაქტით, რომ არსენალმა ვერ მოახერხა საჩემპიონო გუნდის შეკვრა. "მეთოფეებმა" მხოლოდ ლაკაზეტი იყიდეს, რაც მაღალი მიზნებისთვის საბრძოლველად საკმარისი არ არის, " ზოგადად ოზილის "არსენალში" გადასვლა საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილება იყო. მართალია ის მალე გახდა ლონდონური კლუბის წამყვანი ფიგურა, თუმცა აქ მესუთი ყველანაირი ტიტულებისთვის ბრძოლას დაემშვიდობა (ასოციაციის თასის გარდა). ოზილმა ამოშალა თავი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მთავარი დაპირისპირებებიდან, მისი მთავარი ჯილდოები კი "რეალის" მუზეუმში დარჩა. ოზილის "მანჩესტერში" ტრანსფერი საკმაოდ რეალურია და გასაგებიც. ეს იქნება კვლავ მაღალ საფეხურზე დაბრუნება. "წითელი ეშმაკები" რეალური ტიტულებისთვის იბრძვიან და არა 4-ეულში მოსახვედრად, მათი შემადგენლობა "სიტისა" და "ჩელსის" თითქმის არაფრით ჩამოუვარდება, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კი ძალიან კარგად იცის ოზილის შესაძლებლობების შესახებ. "იუნაიტედს" ძალიან ბევრი შემტევი ფეხბურთელი ჰყავს, იბრაჰიმოვიჩი, ლუკაკუ, მხითარიანი, მატა, მარსიალი, რეშფორდი, ლინგარდი. ყველა ეს მოთამაშე მოედანზე ოთხი პოზიციის დასაკავებლად იბრძვის, თუმცა მოურინიოს მაინც სჭირდება ოზილი. პორტუგალიელი თავკაცი "მანჩესტერს" მეორე სეზონია, რაც წვრთნის. ხელმძღვანელობა კმაყოფილია მოპოვებული თასებით, თუმცა ისინი სულ სხვა მასშტაბის ტიტულებს ითხოვენ. წელს ჩემპიონატში ყველაფერი არც თუ ისე კარგად არის. "იუნაიტედი" უკვე 8 ქულით ჩამორჩება "სიტის", რომელთანაც ჯერ არ უთამაშია. იქვე ახლოს არიან "ტოტენჰემი" და "ჩელსიც" ("არისტოკრატებთან" მარცხის შემდეგ სხვაობა 1 ქულამდე შემცირდა). ერთი სიტყვით, მოურინიოს აუცილებლად სჭირდება ზამთარში გაძლიერება. "ჰადერსფილდთან" მარცხის შემდეგ ჟოზეს პირველად უმტყუნა ნერვებმა, რაც ის "ოლდ ტრაფორდზეა". ჟურნალისტებთან საუბარში ის მართლაც, რომ დრაკონივით ცეცხლს აფრქვევდა: "არ მახსოვს, რომ გუნდი ესეთი ცუდი განწყობით გასულიყო მოედანზე, ამხანაგურ მატჩშიც კი. გავიგე ანდერ ერერას უთქვამს, რომ მოთამაშეებს არასაკმარისი განწყობა და სურვილი ჰქონდათ და სწორედ მაგიტომ წააგეს. ეს გაუგებრობა თითოეულმა მათგანმა პირადად უნდა ამიხსნას. მე ძალიან გაბრაზებული ვარ. თუ ეს მოხდა დღეს, მაშინ მომავალშიც აუცილებლად განმეორდება, " მოთამაშეებს დამრიგებლის სიტყვები შეუძლიათ აღიქვან როგორც მოტივაცია, თუმცა არაა გამორიცხული, რომ გასახდელში განხეთქილებაც მოხდეს. მოურინიოსთვის ეს არ იქნება პირველი შემთხვევა და არც უკანასკნელი. ამ დროს მნიშვნელოვანია ის ფაქტი, თუ რამდენად პატივსაცემი და გავლენიანი ხარ შენს კოლექტივში. პორტუგალიელის მწვრთნელობის პერიოდში სამმა სატრანსფერო ფანჯარამ ჩაიარა, რომელმაც გუნდისთვის მთლინობაში დადებითი შედეგი გამოიღო. აღსანიშნავია, რომ ჟოზემ მისთვის უკვე ნაცნობი 3 ფეხბურთელი იყიდა. ლუკაკუსა და მატიჩს ის "ჩელსიდან" იცნობს, ზლატანს კი "ინტერიდან". მათ გარდა გუნდში არის ხუან მატაც, რომელთანაც პორტუგალიელი აგრეთვე მუშაობდა "სტემფორდ ბრიჯზე". "იუნაიტედში" უმნიშვნელოვანესი როლი უკავია ზლატან იბრაჰიმოვიჩს, რომელთანაც თანამშრომლობა კიდევ ერთი წლით გაგრძელდა. ყველამ კარგად იცის, თუ როგორი ურთიერთგაგება სუფევს მასა და ჟოზეს შორის. შვედმა ჯერ კიდევ "ინტერში" ყოფნის პერიოდში განაცხადა, რომ მოკვდებოდა მოურინიოს გამო, ამის გარდა იბრას ავტორიტეტი თანაგუნდელებში უდიდესია. ცხადია, რომ მსგავსი მოთამაშე ჰაერივით სჭირდება პორტუგალიელის გუნდის გასახდელს. მოურინიომ ანალოგიური რამ 2014 წელს "ჩელსიშიც" გააკეთა, როდესაც გუნდში დიდიერ დროგბა დააბრუნა. ვეტერანი მოედანზე პრაქტიკულად არ გამოდიოდა, თუმცა გუნდში საჭირო ატმოსფეროს ჰქმნიდა და ფეხბურთელებს სწორად განაწყობდა. ზლატანის ტრანსფერი არის ინვესტიცია პირველ რიგში გუნდის გასახდელში და უკვე შემდეგ სასტარტო თერთმეტეულში. ოზილი საჭირო ფეხბურთელია, რომელიც "მანჩესტერის" თამაშს უფრო მეტ კრეატიულობას შემატებს. გუნდში არიან მატა და მხითარიანი, რომლებიც მოედანზე გერმანელის მსგავს ფუნქციებს ასრულებენ და არაფრით ჩამოუვარდებიან მას, თუმცა მესუთი პირველ რიგში არის ერთგულებისა და გუნდში საჭირო ატმოსფეროს შენარჩუნების გარანტი. მოურინიოსნაირ ოდიოზურ პიროვნებას ყოველთვის სჭირდება გვერდში საიმედო ხალხი, რაც მეტი მით უკეთესი, რადგან ნებისმიერ დროს მას შეუძლია გააკეთოს ხმამაღალი განცხადება ან მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელმაც შეიძლება განხეთქილება გამოიწვიოს (გავიხსენოთ "რეალში" ყოფნის პერიოდი). ესეთ დროს მარტო დარჩენა შეიძლება სამსახურის დაკარგვის ტოლფასი გახდეს.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის