სპორტი
გერმანიაში გამგზავრებამდე ილიას ზუროსმა ნაკრების შემადგენლობა ღია ვარჯიშზე დაასახელა

გერმანიაში გამგზავრებამდე ილიას ზუროსმა ნაკრების შემადგენლობა ღია ვარჯიშზე დაასახელა

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ერთვება.

ეროვნული გუნდი ხვალ, გამთენიისას გერმანიაში გაემგზავრება, სადაც 24 ნოემბერს, პირველ მატჩს გამართავს. საქართველოს ნაკრები გერმანიიდან ბელგრადში გადაინაცვლებს, სადაც 27 ნოემბერს სერბეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

ნოემბრის შესარჩევი თამაშებისთვის ილიას ზუროსმა ნაკრებში 24 კალათბურთელი გამოიძახა. დუდა სანაძემ და გიორგი ცინცაძემ ტრავმების გამო ნაკრებთან შეერთება ვერ მოახერხეს, ხოლო ეროვნულ გუნდში ვარჯიშისას მიღებული ტრავმის გამო ნაკრებს გიგი გოგობერიშვილი და ოთარ პერტაია გამოაკლდნენ.

ბერძენი სპეციალისტი ნაკრებს 12 ნოემბრიდან, დიღომში, „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე ამზადებდა. ეროვნულ გუნდში გამოძახებული 4 დინამოელი - ლევან ფაცაცია, მიხეილ ბერიშვილი, ნოდარ გოგოძე და ილია ლონდარიძე ნაკრებს 17 ნოემბერს, ფიბა ევროპის თასის მატჩის შემდეგ შეუერთდა.

20 ნოემბერს ნაკრებს პირველი ლეგიონერი - სერბული „მეგა ბიმაქსის“ ცენტრი, გოგა ბითაძე შეუერთდა, ხოლო უცხოეთში მოთამაშე დარჩნილი 2 წევრი - მანუჩარ მარკოიშვილი და მაიკლ დიქსონი ეროვნულ გუნდს გერმანიაში დაემატებიან.

ზუროსმა გაფართოვებულ შემადგენლობაში გამოიძახა ევროლიგის მოთამაშეები - გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია, თუმცა მათი გერმანიაში თამაში გამორიცხულია. ბოლო ინფორმაციით, ევროლიგის ხელმძღვანელობამ ჯარიმები დაუწესა იმ გუნდებს, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში მოთამაშეებს გაუშვებს.

დღეს, დიღმის ბაზაზე ეროვნულმა ნაკრებმა გერმანიაში წასვლამდე ბოლო ვარჯიში გამართა, რომლის დასრულების შემდეგ ილიას ზუროსმა ის 12 მოთამაშე დაასახელა, რომლებიც 24 ნოემბერს გერმანიას, ხოლო 27-ში სერბეთს დაუპირისპირდებიან.

მომზადებულია www.gbf.ge-ს მიხედვით.


წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის