ეკონომიკა
ბოლო ორი წლის განმავლობაში ქართულ ავიაბაზარზე Turkish Airlines-ის  წილი თითქმის განახევრდა

ბოლო ორი წლის განმავლობაში ქართულ ავიაბაზარზე Turkish Airlines-ის წილი თითქმის განახევრდა


ბოლო ორი წლის განმავლობაში ქართულ ავიაბაზარზე Turkish Airlines-ის პოზიცია შეასუსტა და მისი წილი საქართველოს ავიაბაზარზე თითქმის განახევრდა.

„გალტ & თაგარტის“ ინფორმაციით, Turkish Airlines საქართველოს საავიაციო ბაზარზე, 2017 წლის 9 თვეში გადაყვანილი მგზავრთა რაოდენობის მიხედვით წამყვან პოზიციას ინარჩუნებს.

თუმცა, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში გაზრდილმა კონკურენციამ ავიაკომპანიის პოზიცია შეასუსტა და მისი წილი საქართველოს საავიაციო ბაზარზე თითქმის განახევრდა, 2015 წელს არსებული 19.8%-დან 2017 წლის 9 თვეში არსებულ 11.2%-მდე.

„გალტ & თაგარტის“ ანალიზის მიხედვითვე, Georgian Airways-ის წილი, რომელიც არის ერთადერთი ადგილობრივი ავიაკომპანია, მცირედით ჩამორჩება თურქულ ავიახაზებს და მას ბაზრის 9.6%-იანი წილი უკავია.

„ქუთაისიდან ევროპის ქალაქებში დამატებული ფრენების შედეგად, Wizz Air-ის კონკურენტული პოზიცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის წილი 2015 წელს არსებული 4.6%-დან (100,464 მგზავრი) 7.7%-მდე (240,055 მგზავრი) გაიზარდა 2017 წლის 9 თვეში. ჯამურად, წამყვანი სამეულის წილი ბაზარზე მცირდება, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედი კომპანიების რიცხვი 2015 წელს არსებული 33-დან 52-მდე გაიზარდა", აღნიშნულია „გალტ & თაგარტის“ ანგარიშში.

მათივე ცნობით, საჰაერო ტრანსპორტით ჩამოსული ვიზიტორების წილი საქართველოში მზარდია.

„ეს დიდწილად საჰაერო კავშირების გაუმჯობესებისა და მეორადი ბაზრებიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობის ზრდის შედეგია. საჰაერო ტრანსპორტით ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობამ მიაღწია 1.4 მლნ-ს (+49.0% წ/წ) 2017 წლის 10 თვეში და მთლიანი ვიზიტორების 21.5% შეადგინა (13.5% 2015 წლის 10 თვეში). საჰაერო ტრანსპორტით ჩამომსვლელთა მატებამ და ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციამ განაპირობა 2017 წლის 10 თვეში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის შთამბეჭდავი ზრდა: +41.1% წ/წ თბილისში (2.7მლნ მგზავრი), +58.7% წ/წ ბათუმში (0.5მლნ) და +65.6% წ/წ ქუთაისში (0.4მლნ).

საჰაერო მიმოსვლა დასავლეთ ევროპასთან და მეორად აზიურ ბაზრებთან უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გააქტიურდება. Wizz Air-მა დააანონსა ოთხი ახალი პირდაპირი ფრენა 2018 წლის მაისიდან: რომის, პარიზის, პრაღის და ბარსელონის მიმართულებით. 2017 წლის ოქტომბრის მონაცემებით, Wizz Air ყოველკვირეულად 24 ფრენას ახორციელებს 11 მიმართულებით. ქუთაისის აეროპორტის გაფართოების პროექტი, რომლის დასრულება 2018 წლის მეორე კვარტალში იგეგმება, მნიშვნელოვანია დამატებითი ფრენების დასაკმაყოფილებლად. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე აზიურ ავიახაზებთან, მათ შორის ჩინურ და ინდურ კომპანიებთან, საქართველოს ბაზარზე შემოსვლის შესახებ“, აცხადებენ „გალტ & თაგარტში“.




წყარო: georgianpress.ge
გუშინ კვირის თვის