საზოგადოება
"მე მილიონი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ჩემ შვილს არც მანქანა დაჯახებია და არც გადაუვლია" - მერებაშვილები გამოძიების შედეგებს არ ენდობიან

"მე მილიონი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ჩემ შვილს არც მანქანა დაჯახებია და არც გადაუვლია" - მერებაშვილები გამოძიების შედეგებს არ ენდობიან

თორნიკე მერებაშვილის ოჯახი გამოძიების შედეგებს არ ენოდობა. „ნიუპოსტის“ კორესპონენტის ცნობით, მერაბ მერებაშვილი დარწმუნებულია, რომ პირი, რომელიც შინაგან საქმეთა სმაინისტრომ მისი შვილის გარდაცვალების საქმეზე დააკავა, რეალურად, დამნაშავე არ არის და გამოძიება მკვლელს მფარველობს.

„სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა სამი დღის წინ მოვიდა, რომელსაც მე არ ვენდობი. ორი-სამი დღის წინ დააკავეს ჩვენებური ბიჭი, რომელთანაც არაერთხელ მქონდა საუბარი და ამბობდა რომ, არ ჰქონდა გადავლილი. თუ მაინც და მაინც, რაღაც მოხდა და გადაუარა, გადაუვლიდა მხოლოდ ფეხებზე.“-აცხადებს მერაბ მერებაშვილი.

გარდაცვლილი ბიჭის მამა ასევე ამბობს, რომ ის საქმეზე დაკავებულის ჩვენებასაც გაეცნო.

„პირველ ჩვენებაში მან აღიარა, რომ ავტომანქანით მე გადავუარეო. ბავშვს ზედ გადავლილის არაფერი არ ეტყობა. რახანც პირველად მან თქვა, მე გადავუარეო, საფუძველი მიეცათ აეყვანათ. მე მილიონი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ჩემ შვილს არც მანქანა დაჯახებია და არც გადაუვლია. ის არის განზრახ მოკლული სხვა პირების მიერ.“-აცხადებს გარდაცვლილის მამა.

18 წლის თორნიკე მერებაშვილის საქმეზე ბრალდებულ 44 წლის მამაკაცს ბრალი დღეს წაუყებეს. დაკავებულს გორის რაიონულ სასამართლო სხდომაზე უთხრეს, რომ მას 50 დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. შუახნის მამაკაცი ბრალს არ აღიარებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული 2018 წლის 6 ივლისს, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის გზაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც მან ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დაცვა და 1999 წელს დაბადებულ თორნიკე მერებაშვილს შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, გამოიკითხა 140-მდე პირი, ამოღებულია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები და ჩატარდა კომპლექსური ექსპერტიზები.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე მერებაშვილი გორი-მეჯვრისხევის გზაზე, სოფელ ხელთუბანთან გარდაცვლილი, გასული წლის 6 ივლისს ნახეს. თავდაპირველი ვერსიით, ბიჭს მანქანა დაეჯახა, თუმცა, ოჯახი ამ ვერსიას ამ დრომდე კატეგორიულად გამორიცხავს და საქმეში სხვა პირების მონაწილეობაზე საუბრობს. ოჯახი დარწმუნებულია, რომ თორნიკეს სასიკვდილო დაზიანება მიაყენეს და გზაზე უგონო მდგომარეობაში დატოვეს. გამოძიება კი რეალურ დამნაშავეებზე იმიტომ არ გადის, რომ მათ ძალოვან უწყებებში მფარველობენ. მერებაშვილები არ გამორიცხავენ, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ, სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის