ხელოვნება
44-წლიანი ემიგრაციის შემდეგ, გუჯი ამაშუკელი საქართველოში პირველად ჩამოდის

44-წლიანი ემიგრაციის შემდეგ, გუჯი ამაშუკელი საქართველოში პირველად ჩამოდის

ვიზიტის მიზეზი მის მიერ “ვეფხისტყაოსნის” უნიკალური ხელნაწერისათვის შექმნილი ორიგინალური ჭედური ყდაა - სახელგანთქმული სკულპტორის პირველი სამუზეუმო ნაკეთობა, რომელიც საქართველოსთვის შეიქმნა. ამ ნამუშევრის პრეზენტაციაც 24 სექტემბერს, 18:00 საათზე ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში შედგება და ქართულ საზოგადოებას მისი ნახვის საშუალება ორი დღის განმავლობაში მიეცემა.

„ვეფხისტყაოსანის“ უნიკალური სამუზეუმო ეგზემპლარი შეიქმნა 2017-2018 წელს, თბილისსა და პარიზში, მხატვრებისა და კალიგრაფების ჯგუფის მიერ, გივი და დიმიტრი აბდუშელიშვილების ოჯახის მხარდაჭერით.

პროექტი მომზადდა ხელოვნების განვითარების ფონდის IMT მიერ. იდეა ეკუთვნის ია ხურციძეს. პროექტი მოამზადეს ია ხურციძემ, თამარ ჩიქოვანმა და მარინა ბაბუნაშვილმა.

ორიგინალური მხატვრობა ეკუთვნის სოფიო კინწურაშვილს და თამაზ ვარვარიძეს. კალიგრაფები: დავით მაისურაძე, გიორგი სისაური, ნინო იკაშვილი, ანა გოქაძე და ლევან ცხვირავაშვილი.

ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური საგანძურის ჭედური ყდა, გუჯი ამაშუკელის ავტორობით, შექმნილია ვერცხლისგან და გამოყენებულია 20-მდე დასახელების ძვირფასი ქვა - სერპანტინი, პირინეის ქვა, ნაცრისფერი და წითელი იასპი, ამეთვისტო, მთის ბროლი, დართვილული ვარდისფერი კვარცი, აქატი, სოდალიტი, ქალცედონი, ლაზურიტი, შევარდნის თვალი, ამაზონიტი, ავანტურინი, ტანზანიტის იასპი... ნამუშევარში ასევე გამოყენებულია მეტეორიტის ქვები.

პრეზენტაციის შემდეგ, რამდენიმე დღეში, „ვეფხისტყაოსანის“ უნიკალური ეგზემპლარი აშშ-ში, ქ. ნიუ-იორკში გაიგზავნება, სადაც ის განთავსდება გაერო-ს არტ კოლექციაში, როგორც ქართული კულტურის უნიკალური ნიმუში.

ბრენდი, სახელად Goudji

გუჯი ამაშუკელმა საბჭოთა კავშირი 1974 წელს, მრავალწლიანი მცდელობისა და მოლოდინის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტის, ჟორჟ პომპიდუს უშუალო ჩარევით დატოვა.

ცნობილი ფრანგი რეჟისორის ანდრე ბარსაკის ქალიშვილზე, კეტრინზე ქორწინების შემდეგ, გუჯი ამაშუკელის საფრანგეთში გადასვლით და იქ მოღვაწეობით ფრანგული მხარეც აქტიურად იყო დაინტერესებული. სწორედ საფრანგეთის პრეზიდენტმა პომპიდუმ უშუამდგომლა ხელოვანს მაშინდელ საბჭოთა კავშირის ლიდერ ბრენჟნევთან, რათა მას შესძლებოდა საბჭოთა კავშირის დატოვება და შემოქმედებითი კარიერის საფრანგეთში გაგრძელება.

1976 წელს საფრანგეთის აკადემიის ახალი წევრის, მწერალ ფელისიენ მარსოსთვის დამზადებული სიმბოლო - აკადემიური ხმალი გუჯის შემოქმედებითი კარიერის დასაწყისი აღმოჩნდა. დღეისათვის გუჯის მიერაა დამზადებული თხუტმეტი ხმალი საფრანგეთის უკვდავთა აკადემიის წევრებისათვის.

დღეს გუჯი ამაშუკელს მსოფლიოში მხოლოდ სახელითაც იცნობენ - Goudji მსოფლიო სახელოვნებო წრეებში აღიარებული ბრენდია. გუჯის მიერ შექმნილი ყოველი ნივთი უნიკალურია და არ მეორდება.

გუჯი ამაშუკელის მიერ შექმნილი ქანდაკებები, სიმბოლური ხასიათის ნაკეთობები, მედალიონები, სამკაულები თუ მითოლოგიურ–რელიგიურ თემებზე გამოქანდაკებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები მსოფლიოს ცნობილი მუზეუმების, გალერეებისა და კერძო კოლექციონერების საკუთრებაა.

გუჯის ნამუშევრები დაცულია ვატიკანის მუზეუმში, ლუვრის მუზეუმში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მუზეუმში, პარიზის და ლიონის დეკორატიული ხელოვნების მუზეუმებში, ნანტის თომას დობრეს მუზეუმში, მანდეტის მუზეუმში და ა.შ.

გუჯი ამაშუკელის შემოქმედების ნიმუშები ასევე დაცულია ფრანსუა მიტერანის, ჟაკ შირაკისა და ნიკოლა სარკოზის საპრეზიდენტო კოლექციებში.

გუჯი ამაშუკელი ლიტურგიული ხელოვნების გამორჩეული შემოქმედია. მას ეკუთვნის რომის პაპის სარიტუალო ნივთები, პარიზის ღვთისმშობლის ტანძრის მოსანათლი ემბაზი, შარტრის ტაძრისათვის შექმნილი 17 ლიტურგიული ნივთი, რომლებიც საფრანგეთის სახელმწიფომ ეროვნულ საგანძურად აღიარა; ასევე ნოტრდამის კათედრალისთვის შექმნილი 50 უნიკალური ნაკეთობა, რომელიც გუჯის შემოქმედების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. გუჯი ამაშუკელი დღემდე აქტიურად მუშაობს ვატიკანის სამუზეუმო კოლექციებზე.

ლუვრის მუზეუმის კოლექციის საპატიო მთავარი პასუხისმგებელი პირის, დანიელ აკლუფის სიტყვებით, „გუჯი 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი ოქრომჭედელია. თომას ჟერმენი იყო XVIII საუკუნეში, ფომენ-მორისი XIX საუკუნეში, პუიფორკატი XX საუკუნეში და გუჯი არის XXI საუკუნეში,“- წერს დანიელ აკლუფი.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის