ხელოვნება
ნიკორწმინდაში ამ დრომდე უცნობი რელიეფის უნიკალური ნაშთები აღმოაჩინეს

ნიკორწმინდაში ამ დრომდე უცნობი რელიეფის უნიკალური ნაშთები აღმოაჩინეს

სააგენტოს ცნობით, ქვაში ნაკვეთი ფრაგმენტები ტაძრის გუმბათის ყელის ქვედა ნაწილში მიმდინარე კონსერვაციის დამასრულებელი ფაზის სამუშაოებისას აღმოჩნდა. მათზე ერთ-ერთი მღვდელმთავრის პორტრეტი და ნიკორწმინდისთვის სახასიათო მდიდარი ორნამენტია წარმოდგენილი.

სამხატვრო აკადემიის რესტავრატორთა ჯგუფის წევრებმა რელიეფურ წყობას ტაძრის მკლავისა და გუმბათის ყელის კონსტრუქციული ბმის იმ სეგმენტზე მიაგნეს, სადაც ფასადი ბათქაშის ადრესარესტავრაციო ფენის ნარჩენისაგან უნდა გაწმენდილიყო. ორნამენტული რიგი გადახურვის ხის კონსტრუქციის ქვეშ იყო მოქცეული და ამ დრომდე თვალთახედვის არეში არ ხვდებოდა. ის არც ნიკორწმინდის ტაძრის თუნუქით გადახურვის პროცესისას შეუმჩნევიათ, რომელიც დაახლოებით 15 წლის წინ განხორციელდა.

ნიკორწმინდის აღმოსავლეთ მკლავის გადახურვა სხვა მკლავების სახურავთან შედარებით მაღალია, რასაც მისი საპირე წყობის ქვების სიმაღლე განაპირობებს. რესტავრატორების დასკვნის მიხედვით, ახლადგამოვლენილი ორნამენტული კარნიზიც ამ დრომდე სწორედ ამ გარემოების გამო არ ჩანდა.
პირველადი მონაცემების საფუძველზე რესტავრატორები ვარაუდობენ, რომ ახლადგამოვლენილი რელიეფური ორნამენტები ნიკორწმინდის გუმბათის ორნამენტების თანადროულია (XI საუკუნე) და მისთვის დამახასიათებელი ქვაშიკვეთილობის სტილითაა შესრულებული.

ნიკორწმინდის ექსტერიერის ფასადზე ქვის საკონსერვაციო სამუშაოებს სამხატვრო აკადემიის რესტავრატორთა ჯგუფი მხატვარ-რესტავრატორ ნანა კუპრაშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარე წლიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთის საფუძველზე ახორციელებს. საკონსერვაციო პროექტი ტაძრის ყველა ფასადის საპირე წყობის მთლიანი სეგმენტების კირხსნარის ინექტირების მეთოდით გამაგრებას, ბზარების კონსოლიდაციას, დაძრული ქვების შეწებებისა და დაანკერების მეთოდოლოგიით გამაგრებასა და ცემენტის ნალესობის კირხსნარით შეცვლას მოიცავს. ტაძარზე მიმდინარე სამუშაოები მიმდინარე წელსვე უნდა დასრულდეს.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის