პოლიტიკა
მაუწყებელი დღეს უმრავლესობის ინტერესებსაც არ წარმოადგენს, ის წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს

მაუწყებელი დღეს უმრავლესობის ინტერესებსაც არ წარმოადგენს, ის წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს

ჩვენ დღეს ვსაუბრობთ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელსაც რეალურად არ აქვს არანაირი ნდობა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადეს, სადაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავენ.

როგორც სერგო რატიანმა აღნიშნა, საუბარი იმაზე, რომ არ არის აუცილებელი, მაუწყებელს ჰქონდეს მაღალი რეიტინგი, საერთოდ არ არის ადეკვატური.

„ეს პოზიციები არ არის რელევანტური იმასთან მიმართებაში, რომ ჩვენ ვსაუბრობთ არა რეიტინგზე, არამედ ნდობაზე. საზოგადოებრივ მაუწყებელს არ აქვს ნდობა და ეს ნდობა გაანადგურეთ თქვენ. 2012 წელს, ხელისუფლების გადაბარების შემდეგ იყო შანსი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ნდობა გაზრდილიყო, რადგან ხელისუფლების ცვლილების პროცესში არის ასიმეტრიულობა. არის ის, რომ ფაქტობრივად მაუწყებელი აღარ იყო დაქვემდებარებული, მისი კრიტიკულობა იზრდებოდა. 2013 წელს საზოგადოებრივი მაუწყებელი გახდა და იყო მეტად კრიტიკული. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი და თქვენ ეს მომენტი გაუშვით ყველგან. თქვენ ეს შესაძლებლობა გაუშვით როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლობის მიმართ, ასევე სასამართლოების და სხვა ინსტიტუციების მიმართ. დემოკრატია ნიშნავს იმას, რომ არის ასიმეტრიულობა, როდესაც არსებობს შემაფერხებელი ფაქტორები, ეს ფაქტორები უნდა ყოფილიყო სასამართლო, რომელიც თქვენ გაანადგურეთ და დაიქვემდებარეთ. ბოლო ინსტანცია იყო საკონსტიტუციო სასამართლო. თქვენ ეს შანსი გაუშვით. რაღაცეები კი არ უნდა გეკეთებინათ, არამედ უნდა გაჩერებულიყავით ამ მიმართულებით და ნორმალური პროცესები წავიდოდა ყველა მიმართულებით. გვახსოვს, როგორ ანგრევდით ბორდს და ფაქტობრივად, როგორ გაუუქმეთ წინა ბორდს უფლებამოსილება. თქვენ გჭირდებოდათ არა ის, რომ უმრავლესობა გყოლოდათ ბორდში, არამედ თქვენ გჭირდებოდათ, რომ შიგნით არ ყოფილიყო უმცირესობაც კი. ეს იყო თქვენი პოზიცია და დღეს ჩვენ მივედით მდგომარეობამდე, როდესაც უმრავლესობას ერთმნიშვნელოვნად არ მოსწონს, რადგან ხვდება, რომ ეს მისი იმიჯის წინააღმდეგ მოქმედებს“, – აღნიშნა რატიანმა.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ინტერესებსაც არ წარმოადგენს, ის წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს.

„მაუწყებელი წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს. ბიძინა ივანიშვილის პროგრამას კი არ წარმოადგენს, არამედ ის წარმოადგენს 2030-ს. დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელია 2030, რომელიც არის ინსტრუმენტი, რათა ბიძინა ივანიშვილმა შეინარჩუნოს ძალაუფლება. რა ხდება აქ? ის ხდება უკონტროლო, რადგან რეალურად ბორდს, თავისი უმრავლესობით არის დაკომპლექტებული და დღეს ითხოვთ თქვენ, უმრავლესობით დაკომპლექტებულ ბორდსაც კი უფლებამოსილება ჰქონდეს შეზღუდული. უცნაური რამე არის, რომ ეს ასე ხდება. მას არ სჭირდება ბორდი, უმრავლესობა, ზედმეტი თვალი, ამისთვის ხდება ეს და ამისთვისაა ეს კანონი შემოტანილი. ასევე, რეკლამის უფლება. ვხედავდით, როგორ ანადგურებდით თქვენ როგორც სარეკლამო ბაზარს, ისე კრიტიკულ მედიას. თქვენი ბრძოლა იყო „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ და ასევე სხვადასხვა არხისა და სხვადასხვა კრიტიკული პროგრამის მიმართ. არ იყო მხოლოდ „რუსთავი 2“-ის მიმართ. „რუსთავი 2“ იყო მთავარი სამიზნე, მაგრამ ასევე ებრძოდით ყველა გადაცემას, ინგა გრიგოლიას გადაცემას და ასე შემდეგ, პირველ არხზე დაიხურა გადაცემები. ასე მიდიოდით და თანმიმდევრობით ანადგურებდით ამ სივრცეს. ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა იყო ასევე კანონპროექტი რეკლამის შესახებ, როდესაც თქვენ შეზღუდეთ სარეკლამო ბაზარი“, – განაცხადა რატიანმა.

მისივე თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელს 50 მლნ ეძლევა, ყოველწლიურად მას ბიუჯეტი გაეზრდება 5 მლნ არა იმიტომ, რომ უკეთეს გადაცემას გააკეთებს, არა იმიტომ, რომ რაღაც სასარგებლო იქნება, ხალხს დააინტერესოს, არა იმიტომ, რომ ნდობა გაიზრდება მის მიმართ, არამედ იმიტომ, რომ ჩაწერილია კანონში.

„სინამდვილეში თქვენ ის კი არ გინდათ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან მივიდეს ეს სარეკლამო ფული, არამედ თქვენ გინდათ, თავისუფალი მედიის სივრცის შეზღუდვა. ეს არის მნიშვნელოვანი. ახლა კიდევ სტარტაპები. ძირითადი პრეტენზიები ამ მიმართულებით მიდის. ის, რომ ფული იფლანგება სრულიად არამიზნობრივად. სერიოზული პრობლემა არის ეს. ძალაუფლება და მედია ერთად ვერ თანხმდებიან, ერთად ვერ მიდის. დროებითია თქვენი კავშირი. ვერაფერი ვერ გამოასწორებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ნდობას, რაც უფრო მეტ კანონს მიიღებთ, მეტ სასათბურე პირობებს შეუქმნით, რაც უფრო საზოგადოებრივი მაუწყებელი იქნება მოთამაშე სხვა მედიის წინააღმდეგ, მით უფრო დააკნინებს მის როლს. ეს ინსტრუმენტები ვერ დაგეხმარებათ ხელისუფლების შენარჩუნებაში, რადგან თქვენ ქმნით ძალიან სერიოზულ პრობლემურ გარემოს, რაც უკვაშირდება პოლიტიკურ დევნას, პოლიტიკურ დაპატიმრებებს. გუშინ ვამბობდი ზუსტად იმას, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თქვენ მოახერხეთ, ორჯერ წაგეგოთ სასამართლო სტრასბურგში. ერთი არის მედიის მიმართულებით და „რუსთავი 2“-ის მიმართულებით. ამ ფონზე ამ კანონების მიღება კიდევ უფრო აზიანებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს და დემოკრატიულ განვითარებას აფერხებს“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

წყარო: timer.ge
გუშინ კვირის თვის