საზოგადოება
„გენგეგმაზე კალაძე იტყვის, არ ვარგა, ბატონო, ეს დოკუმენტი და ვერ დავამტკიცებო,“ - გოგი ლორთქიფანიძე

„გენგეგმაზე კალაძე იტყვის, არ ვარგა, ბატონო, ეს დოკუმენტი და ვერ დავამტკიცებო,“ - გოგი ლორთქიფანიძე

თბილისის გენგეგმასთან დაკავშირებით თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია „სახალხო თვითმმართველობის“ ხელმძღვანელი, გოგი ლორთქიფანიძე ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

„თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“ ერთადერთი დოკუმენტია, რომელიც „ქართული ოცნების“ (ბ-ნი ნარმანია) მიერ მომზადდა და რომელსაც მხურვალედ უჭერს მხარს „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და მათთან ასოცირებული პოლიტიკური პერსონები. მხარს უჭერენ არა მისი განსაკუთრებულობის და ზეპროფესიონალურობის გამო, არამედ, იმის გამო, რომ ეს ჯერ კიდევ უგულავასდროინდელი გენგეგმის კოსმეტიკური ცვლილებაა. იმ გენგეგმაში კი, ჩადებული იყო ერთი ჯგუფისთვის საინტერესო გარკვეული ზონალობები, რკინიგზის გადატანის პროექტი, რომელშიც მათ უამრავი ფული ჩადეს და იშოვეს კიდეც და ასევე, კონკრეტული ბიზნესლოკაციები, რომელთა მითვისებაც უნდოდათ.

ამ პროექტს დღევანდელ ხელისუფლებაშიც ჰყავს ლობისტი, რომელიც ძალიანაც ხმამაღლა (ცოტა საზოგადოების ეშინია და ცოტაც - უფროსის) ვერ უჭერს მხარს ამ გენგეგმას, მაგრამ მაინც ცდილობს, როგორმე ხელი შეაშველოს მედიამხარდაჭერით ამ გენგეგმას.

ნარმანია თავის დროზე მიხვდა, რომ შარი იყო ამ დოკუმენტის დამტკიცება, მოიწვია ფრანგი ექსპერტები და როცა მათ უარყოფითი დასკვნა დადეს, ნელ-ნელა დრო გაწელა და კალაძეს გადაულოცა ეს თავის ტკივილი.

კალაძესაც არ უნდა, რომ მისი ხელით მოხდეს ყველაფერ ამის „გაპრავება“ და კიდევ უფრო მეტი ექსპერტი მოიწვია და მათი დასკვნის მერე იტყვის, რომ არ ვარგა, ბატონო, ეს დოკუმენტი და ვერ დავამტკიცებო.

ასე დასრულდება ეს ისტორია, მაგრამ დაგვრჩება დაკარგული 3 წელი, 3 მილიონი ლარი და დოკუმენტი, რომელიც არაფერში გამოგვადგება.

გასაგებია, რომ როგორც ყოველთვის, არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება, მაგრამ „რაღაცა მაინც ხომ კეთდება“.

ყველაფერს ჯობია, იმ ექსპერტების დასკვნის მერე ახალი სამსახური დაჯდეს და 2-3 თვეში რაღაც გარდამავალი დოკუმენტი მაინც დადოს, რომელიც მერე რეალური გენგეგმის საწინდარი გახდება,“ - აცხადებს გოგი ლორთქიფანიძე.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის