საზოგადოება
კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავი სოსო ოსორაული ცოცხალია...

კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავი სოსო ოსორაული ცოცხალია...

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ტყვეობაში მყოფი ქართველი მფრინავი, 42 წლის სოსო ოსორაული ცოცხალია. დადასტურებული ინფორმაციით, სოსო ოსორაული ცენტრალური აფრიკიდან თბილისში მყოფ ოჯახის წევრებს მას შემდეგაც ესაუბრა ტელეფონით, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ის გარდაცვლილად არაერთხელ გამოაცხადა. როგორც "რეგინფოს" სოსო ოსორაულის ახლობლებმა უთხრეს, ბოლოს ასეთი კომუნიკაცია რამდენიმე კვირის წინ შედგა, რის შემდეგაც მისი ძმა, გიორგი ოსორაული კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. მას შემდეგ, რაც ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლებისთვის გახდა ცნობილი, ის პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა გიორგი უკვე გერმანიაში იყო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მარი ნარჩემაშვილის განმარტებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოსო ოსორაული ცოცხალია, გუშინ გავრცელდა, რის შემდეგაც სამინისტრო ოჯახთან დაკავშირებას ცდილობს. 41 წლის სოსო ოსორაული ერთი წელია, რაც კონგოში, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ტყვეობაშია. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში არსებული Ми-24 ტიპის დამრტყმელი შვეულმფრენი, რომელსაც სოსო ოსორაული მართავდა, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში 2017 წლის 27 იანვარს ჩამოვარდა. ქართველი პილოტები კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სამუშაოდ მას შემდეგ წავიდნენ, რაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ისინი სამსახურიდან გაათავისუფლა. ქართველი სპეციალისტები კონგოელ მფრინავებს მოიერიშე თვითმფრინავების საბრძოლო გამოყენებას ასწავლიან. 2017 წლის 24 მაისს, ზუსტად იმ დროს, როცა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში თუშები საპროტესტო აქციას მართავდნენ და ხელისუფლებას სოსო ოსორაულის გასათავისუფლებლად არასაკმარის რეაგირებაში ადანაშაულებდნენ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძემ განაცხადა, რომ კონგოში დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეტაკება მოხდა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა და სამწუხაროდ, შესაძლოა, იოსებ ოსორაულიც გარდაცვლილი იყოს. იმავე წლის 5 ივნისს ტყვეობაში მყოფი სოსო ოსორაულის ვიდეომიმართვა გავრცელდა, სადაც ის ოჯახის წევრებს მიმართავს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა განაცხადა, რომ ვიდეომასალა რამდენიმე თვის წინანდელი იყო და სოსო ოსორაულთან კავშირი 13 მაისიდან გაწყდა. ივნისში, ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში კონგოს რევოლუციური ორგანიზაცია „23 მარტის“ პოლიტიკურმა ლიდერმა ბერტრან ბისიმვამ დაადასტურა, რომ სოსო ოსორაული 13 ან 14 მაისს კონგოს ხელისუფლების მიერ მოწყობილი ოპერაციის მოგერიებისას დაიღუპა. ივნისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 7 ივნისს, მათ გაეროს მისიისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ 13 ან 14 მაისს ნამდვილად მოხდა შეტაკება და სოსო ოსორაული დაიღუპა. სოსო ოსორაულის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ტყვეობაში მყოფი ქართველი მფრინავის გათავისუფლების მოთხოვნით, რამდენჯერმე გამართეს აქცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. მისი ძმის, გიორგი ოსორაულის თქმით, მას კონგოელი გენერლებისგან აქვს ინფორმაცია, რომ სოსო ოსორაული ცოცხალია. 2017 წლის ოქტომბერში, ადგილობრივი თვითმმართველობის საპარლამენტო არჩევნებამდე, ოსორაულის ოჯახის წევრებმა მასშტაბური საპროტესტო აქციები დაანონსეს, თუმცა აქციები აღარ გაიმართა. რამდენიმე კვირის შემდეგ გიორგი ოსორაულმა განმარტა, რომ თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მას აქციის გაუქმების სანაცვლოდ დაპირდა ორ რამეს: საკითხს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაიტანდა და კონგოში გამგზავრებაშიც დაეხმარებოდა. გიორგი ოსორაულის თქმით, მინისტრი წუხდა, რომ სოსო ოსორაულის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ საპროტესტო აქციას ოპოზიციური პარტიები წინასაარჩევნოდ გამოიყენებდნენ. ოსორაულმა აქცია ჩაშალა, მაგრამ მინისტრმა მოატყუა. ის სამხედრო სამსახურიდანაც გაათავისუფლეს. თადარიგის პოლკოვნიკი სოსო ოსორაული ის სამხედრო მფრინავია, ვინც 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის დროს, 11 აგვისტოს, 2-3 საათზე ბოლო გაფრენა შეასრულა ცხინვალის მიმართულებით და მე-2 ქვეითი ბრიგადის ორი ბატალიონი ალყიდან დაიხსნა.
წყარო: geotimes.ge
გუშინ კვირის თვის