სამართალი
„თუ ვიღაცამ მოკლა და ამან დაინახა, რატომ არ მიაკლეს ზედ, რა ინტერესით და რა გარანტიით, რომ ეს პირს ა...

„თუ ვიღაცამ მოკლა და ამან დაინახა, რატომ არ მიაკლეს ზედ, რა ინტერესით და რა გარანტიით, რომ ეს პირს ა...

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეში ბრალდებულის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას განიხილავს: ყოველგვარ ზღვარს გადასცდა სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული პირის უპირობო და უსაფუძვლო დაცვის და გამართლების, პირდაპირ დავარქმევ, კამპანია. უამრავი პოსტი სოციალურ ქსელში, ათასობით კომენტარი, უთვალავი ტელე, რადიო თუ საგაზეთო სიუჟეტი. ამ თემას იხილავს ყველა, ესმის თუ არა საგამოძიებო საქმე, ფსიქოლოგია თუ ფსიქიატრია. თუმცა, მხოლოდ ფსიქიატრიიდანაა ფრაზები: „19 წლის ბავშვი არ ჩაიდენდა“, „არ აქვს მკვლელის თვალები“, „სხვებმა მოკლეს, აყურებინეს და დაავალეს დაბრალება“ და ა.შ., რადგან ლოგიკასთან ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო. ასაკს რაც შეეხება, დაგავიწყდათ სარალიძის და დადუნაშვილის შვილების მკვლელების ასაკი? ასაკთან დაკავშირებით კიდევ ერთ გარემოებას მინდა ხაზი გავუსვა. მთელ მსოფლიოში 18 წელი სრულწლოვან ასაკად ითვლება, აძლევენ მართვის მოწმობას, ოჯახის შექმნის უფლებას, მიჰყავთ ჯარში და ა.შ. რა დონის ზიზღით უნდა იყო შეპყრობილი, რომ მხოლოდ და მხოლოდ მმართველი პოლიტიკური ძალის ჯიბრზე, ყოველგვარი საფუძველის გარეშე, წინასწარ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო ასეთი სისაძაგლით ჩადენილი მკვლელობის გამოძიების შედეგები. ცხარე ცრემლებს ვღვრით ამერიკის საელჩოსთან და მეორე დღეს ვამბობთ, რომ არც ამერიკის სპეცსამსახურების გამოძიების გვჯერა, უგონებენო. წარმოგიდგენიათ ხომ, ამერიკის სამი მოქალაქე საქართველოში მოკლეს და გამოძიების ფედერალური ბიურო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებას (არ მიყვარს ეს სიტყვა) „უპრავებს“?! ვიმეორებ, მესმის, რომ ამ ს ავტორთა უმეტესობას არა უბრალოდ არ მოსწონს ხელისუფლება, არამედ ეზიზღება და ყველაფერი მიუღებელია, კარგიც და ცუდიც. მაგრამ რა შუაშია მკვლელობაში ბრალდებულის ან უპირობოდ დადანაშაულება, ან უპირობოდ გამართლება? რა ქვეყანას ვაშენებთ, იქნებ ამიხსნათ? ასევე, იქნებ ამიხსნათ, თუ ვიღაცამ მოკლა და ამან დაინახა, რატომ არ მიაკლეს ზედ, რა ინტერესით და რა გარანტიით, რომ ეს პირს არ დააღებდა? ამ კითხვაზე ძალიან ბევრი აბდაუბდა ისაუბრა ბრალდებულის ადვოკატმა. იცოდნენ ამერიკის მოქალაქეები იყვნენო, ამერიკა არ შეარჩენდა თავისი მოქალაქეების მკვლელობასო, რეალურ მკვლელებს მონახავდნენო, ამიტომ სჭირდებოდათ ეს, რომ თავის თავზე აეღოო. ზოგიერთი ადვოკატის ყოლას, არ ყავდეთ ის აჯობებს. შე კარგო ადამიანო, თუ ასე გჯერათ, რომ ამერიკის სპეცსამსახურები 100% იპოვნიან საკუთარი მოქალაქეების მკვლელებს, რატომ გსურთ ჩვენ დავიჯეროთ იმ არაკვალიფიციური ვერსიის, რომ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო მაგ ზღაპარს, ანუ იმ ორი ორმეტრიანის გადმოგდებულ ანკესს ჩაყლაპავენ და უდანაშაულო მწყემსს შეტენიან (უკაცრავად) ამერიკელების მკვლელობას? ის ხომ დაიჯერეთ, რაც მოყვა ბრალდებულმა, რომ ორ-ორ მეტრიანები იყვნენო, შავი მანქანითო და თუ დაიჭერთ, ამოვიცნობო? ამავე დროს, იმ ტიპებთან შეხვედრა ხანმოკლე იყოო. ამ მოკლე დროში, იმ ორმეტრიანებმა, მოასწრეს 3 ადამიანის მოკვლა, ბავშვის ცხედრის გადამალვა, ბრალდებულისთვის ჩვენება, თან ისე დააზეპირებინეს, რომ „19 წლის ბავშვმა“ ზედმიწევნით ზუსტად დაიზეპირა და საგამოძიებო ექსპერიმენტი წარმატებით ჩააბარა. იცით რა არის საგამოძიებო ექსპერიმენტი? ალბათ არ იცით. ზუსტად უნდა დაასახელოს რა წერტილზე და რა პოზაში იდგა მსხვერპლი, რა წერტილზე იდგა თვითონ და როგორ ესროლა, რა სიმაღლიდან და ეს ყველაფერი, შემდეგ, ექსპერტიზის მონაცემებს უნდა დაემთხვას, რადგან, თუ არ დაემთხვა, ეს ბრალდება სასამართლოზე დაიმსხვრევა. აღარაფერს ვამბობ რუსთავი-2-ის მიერ გავრცელებულ საშვზე, რომელიც ასევე არ დაიჯერა ბევრმა, - მასეთი საშვი ახალგორში ყველას აქვსო. რუსთავმა გამოაცხადა, რომ ოჯახიდან მხოლოდ მას ჰქონდაო. მაინც არ სჯერათ. აღარაფერს ვამბობ ასევე მწყემსების მონაყოლზე, რომლებიც ტელევიზიებმა (თუ არ ვცდები რუსთავმა და იმედმა) აჩვენეს, ასევე მობილურიდან ამოღებულ ფოტოებს. მაკვირვებთ. არ მოგწონთ ხელისუფლება? უამრავი თემაა კრიტიკისთვის. ზიზღმა ასე როგორ გაგაბოროტათ? ბოროტება არაა, როცა საშინელი სისატიკით მოკლული (თუ გაუპატიურებაც დადასტურდა...) მკვდარი ოჯახი, პატარა ბავშვი, აღარც გაინტერესებთ, მთავარია დავირაზმოთ და შესაძლო მკვლელი გავამართლოთ. ვფიქრობ, როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებამდე დადანაშაულება არ შეიძლება, ასევე არ შეიძლება ასე დაუსაბუთებლად, კამპანიურად, ძალიან დიდი ალბათობით მკვლელობის ჩამდენის გამართლება. რაც შეეხება ძალოვან სტრუქტურებზე შეტევას, უნდობლობის დათესვას, ეს საკმაოდ საშიშია საზოგადოების უსაფრთხოებისთვის. ტქვენ არა მხოლოდ გამომძიებლებზე, პოლიციელებზე და სხვა თანამშრომლებზე ახდენთ ზეწოლას, მათ დემორალიზებას, არამედ მკვლელობების წახალისებას ახდენთ. მიდით, მასე გააგრძელეთ, მოჭერით საკუთარი ოჯახების, მთელი საზოგადოების უსაფრთხოების ტოტი. ყანას ავაშენებთ ქვეყნის ნაცვლად. ახლა უფრო მკაფიოდ და გასაგებად. ვინც ამ კამპანიას არ შეწყვეტთ, კარგს იზამთ. ზოგს ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს ინფორმაციის აღქმასთან, ამიტომ დავაზუსტებ: რაც ზემოთ დავწერე, სულაც არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი ძალოვანი უწყების კრიტიკა არ შეიძლება, ან რომელიმე კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის განხილვის წინააღმდეგი ვარ. არ მოგწონს საპატრულო სამსახურის, ქვეითი იქნება, თუ საავტომობილო, მიუთიტეთ კონკრეტული შენიშვნები და გააკრიტიკეთ, თუ იმსახურებენ, ვინ გიშლით? იგივე ეხება სხვა მიმართულებებს. ისე, კრიტიკასთან ერთად იმითაც დაინტერესდით რა რეფორმები ტარდება. ნორმალურ საზოგადოებაში ასე ხდება. დაბალანსებული უნდა იყოს კრიტიკაც და დადებითი მომენტებით დაინტერესება. სმიტების ოჯახის ტრაგედიის გამოძიებას კი დაველოდოთ, ერთობლივად გამოიძიებენ ჩვენი და აშშ-ს საგამოძიებო სტრუქტურები და არა მგონია ამ საქმეში ვინმე უდანაშაულო დაისაჯოს. მე პირადად, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მკვლელობაში ჩვენი მოქალაქის უდანაშაულოდ დასჯა არ მინდა, კატეგორიულადაა მიუღებელი. მაგრამ, ოჯახი ამოხოცეს, ბავშვია მკვდარი, ქალზე შესაძლო ძალადობაზეა საუბარი. როცა გვჭირდება ქალზე ძალადობა აქტუალურია, როცა გვჭირდება არა? არავის გიყენებთ პრეტენზიას. ის რომ ჩვენს საზოგადოებაში სერიოზული პრობლემებია, ბევრჯერ დავწერე. უბრალოდ მთრგუნავს ეს ყველაფერი... თუ იმ რუსულ საშვთან დაკავშირებით ინფორმაცია და ეჭვები დადასტურდა, ალბათ ძალიან ბევრს უნდა შერცხვეს. თუმცა, სულაც არ მინდა, რომ ეს ასე იყოს. მირჩევნია მხოლოდ ის, რაც ვიხილეთ.
წყარო: geotimes.ge
გუშინ კვირის თვის