ეკონომიკა
EBRD-ი საქართველოში Trade Ready-ს იწყებს

EBRD-ი საქართველოში Trade Ready-ს იწყებს


​EBRD-იმ ვაჭრობის მხარდამჭერი ახალი პროექტი, Trade Ready წარადგინა, რომელიც მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის გაძლიერებაში დაეხმარება.

Trade Ready, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ “ევროკავშირი საქართველოსთვის” ინიციატივის ფარგლებში, საშუალებას მისცემს საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, მიიღონ ვაჭრობის დაფინანსება და ბიზნეს კონსულტაციები.

იმ ქვეყნებში, სადაც EBRD ახორციელებს ინვესტიციებს, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის საერთაშორისო სავაჭრო ნაკადებში მზარდი ინტეგრაცია წარმოადგენს როგორც შესაძლებლობას, ასევე გამოწვევას. ქართული კომპანიებისათვის კონკურენტუნარიანობის გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი პარამეტრია საერთაშორისო ბაზარზე მუდმივი ადგილის დასამკვიდრებლად.

Trade Ready მიზნად ისახავს აღნიშნული გამოწვევების დაძლევას და სხვა ამ თემასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. ახალი ინიციატივა სთავაზობს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს ვაჭრობის დაფინანსებაზე წვდომას, ადგილობრივ ბანკებთან ბიზნეს კონტაქტების გამყარებას და პოლიტიკის დიალოგის გზით მარეგულირებელი გარემოს გაუმჯობესებას. ბანკები, პროექტის ფარგლებში ახალ მომხმარებლებს მოიზიდავენ ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტების შეთავაზების გზით, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესები ისარგებლებენ ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტებზე წვდომის და საერთაშორისო ბაზარზე ვაჭრობის შესაძლებლობით.

Trade Ready წარმოადგენს EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის (TFP) და მცირე და საშუალო საწარმოთა დაფინანსებისა და განვითარების გუნდის ერთობლივ ინიციატივას. პროექტი Trade Ready უკვე ფუნქციონირებს სერბეთში და რამდენიმე თვეში ხელმისაწვდომი იქნება იმ ქვეყნებში, სადაც EBRD ახორციელებს ინვესტიციას.

სავაჭრო ფინანსირების პროგრამა (TFP) შეიქმნა საერთაშორისო ვაჭრობის გაძლიერების მიზნით EBRD-ის რეგიონებში და ფუნქციონირებს 1999 წლიდან. მხოლოდ საქართველოში 1.2 მილიარდი ევროს ოდენობის 2000-ზე მეტი საერთაშორისო სავაჭრო ტრანზაქცია შესრულდა.

მცირე ბიზნესის ინიციატივის ფარგლებში, EBRD სთავაზობს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს კონსულტაციებს ზრდისა და განვითარებისათვის, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკის გაჯანსაღებას. 15 წლის განმავლობაში, პროგრამამ მოიზიდა 12.5 მილიონი ევრო დონორებისგან და დაეხმარა 1,100-ზე მეტ მცირე და საშუალო ზომის საწარმოს საქართველოში.

EBRD წარმოადგენს წამყვან ინტიტუციურ ინვესტორს საქართველოში. ქვეყანაში ფუნქციონირების დღიდან, ბანკმა განახორციელა 3.1 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგო სექტორებში არსებულ 223 პროექტში, აქედან ინვესტიციების 91% გამიზნულია კერძო სექტორის განვითარებისათვის.




წყარო: georgianpress.ge
გუშინ კვირის თვის