სამართალი
ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი პროკურატურის მიერ ბიზნესმენის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას ეხმაურება. ოჯახი გამოძიების უმოკლეს დროში დასრულებას და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვს. „იმის მიუხედავად, რომ გამოძიება უკვე ძალიან დიდი ხანია გრძელდება პროკურატურის დღევანდელი ბრიფინგი იყო ძლიერი შოკი ჩვენი ოჯახისთვის. ძნელია გადმოსცე რას გრძნობს ოჯახი, რომელმაც დაკარგა ბადრი, მაშინ, როდესაც ეთერით ვისმენთ საუბრებს იმის შესახებ, თუ როგორ იგეგმებოდა მისი მკვლელობა. მოვითხოვთ სრულყოფილი გამოძიების უმოკლეს დროში დასრულებას და ვიმედოვნებთ, რომ ყველა, ვინც ამ ბოროტებას გეგმავდა, მკვლელობის დამკვეთებიდან დაწყებული, შემსრულებლებით დამთავრებული, სრული სიმკაცრით აგებს პასუხს როგორც კანონის, ასევე, თავის დროზე ღმერთის წინაშე“, - ნათქვამია ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის განცხადებაში. ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურაში დღეს ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრიფინგი გაიმართა. უწყების ცნობით, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გ.მ., მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ლ.ქ.-ს და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროსს რ.შ.-ს კი ბრალდებები წარედგინათ. „ჩატარებული გამოძიებით დადგენილია: საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ ე.წ. „ფარული კადრების ჩამწერი პირების საქმეზე“, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს, აღმოჩენილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ხმის ჩამწერი მოწყობილობა, რომელზედაც ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ 2007 წლის 4 და 5 თებერვლის ორი ჩანაწერი, კონკრეტული პირის ლიკვიდაციის მომზადების საკითხს შეეხებოდა. კერძოდ, 2007 წლის 4 თებერვლის ჩანაწერში კუდის მაღალჩინოსანი გ.დ. ესაუბრება ბადრი პატარკაციშვილის დაცვის წევრს და მის გადმობირებას ცდილობს. საუბრისას გ.დ. ადასტურებს, რომ მკვლელობის მომზადების საკითხი სანქცირებულია საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ, რადგან ბადრი პატარკაციშვილი მათი პოლიტიკური ოპონენტი და ხელისუფლების დაუძინებელი მტერია. ჩანაწერის მიხედვით, ასევე დგინდება, რომ ლიკვიდაცია კუდმა უნდა განახორციელოს. რაც შეეხება მეორე ჩანაწერს, რომელიც 2007 წლის 5 თებერვლით თარიღდება, მასში ასახულია ე.წ. „მოდულის“ შენობაში გამართული თათბირი, რა დროსაც კუდის მაღალჩინოსანი გ.დ., მის დაქვემდებარებაში მყოფი ასევე კუდის თანამშრომლები და ამჟამად ბრალდებულები ლ.ქ.; რ.შ. და გ.მ., პოლიტიკური სივრციდან ჩამოშორების მიზნით, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას ამზადებენ. საუბრის მიხედვით, ისინი განიხილავენ პატარკაციშვილის ლიკვიდაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნას, მათ შორის დაცვის თანამშრომელთა სიის მოპოვების და პერსონალის შესახებ ინფორმაციის შეგროვების შესაძლებლობებს. ასევე მსჯელობენ მკვლელობის სხვადასხვა გზებზე, კერძოდ, მისი ისეთი ნივთიერებით მოწამვლაზე, რაც ბუნებრივი სიკვდილის ეფექტს გამოიწვევს. ამავე საუბრის თანახმად დგინდება, რომ ყველა საკითხი, მათ შორის ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის შესაბამისი მეთოდები თანხმდება კუდის იმდროინდელ ხელმძღვანელ დათა ახალაიასთან. საქმეზე დაკითხული არაერთი მოწმის ჩვენებით და მოპოვებული წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მკვლელობის მოსამზადებლად მუდმივად კონტროლდებოდა ბადრი პატარკაციშვილის გადაადგილების მარშრუტი, მათ შორის აეროპორტის ის გასასვლელები, რომლითაც იგი სარგებლობდა“, - განაცხადეს პროკურატურაში.
წყარო: epn.ge
გუშინ კვირის თვის