საზოგადოება
C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგის კუთხე 12 იუსტიციის სახლში მოეწყო

C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგის კუთხე 12 იუსტიციის სახლში მოეწყო

სკრინინგის კუთხე საქართველოს მასშტაბით 12 იუსტიციის სახლშია (თბილისი; ბათუმი; ქუთაისი; რუსთავი; მარნეული; გორი; ახალქალაქი; თელავი; ოზურგეთი; ახალციხე; გურჯაანი; ფოთი) მოწყობილი. პროცესის მიმდინარეობას დღეს პირადად გაეცნენ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. სიახლეებია დაფინანსების კუთხითაც, პროგრამის ფარგლებში სრულად ფინანსდება პირველი-კონფირმაციული ტესტი  და გენოტიპირების ანალიზი. პაციენტის მაქსიმალური ხარჯი 160 ლარს არ აღემატება. სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვისა და ვეტერანებისთვის მოქმედებს 70%-იანი თანადაფინანსების სისტემა. გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, უკვე დაწყებულია დეცენტრალიზაციის პროცესი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, იქნება მინიმუმ ერთი დაწესებულება, რომელებშიც  ბენეფიციარებს სრულ სერვისს შესთავაზებენ.  პროცესში ასევე, ჩართულია ზიანის შემცირების ცენტრები, რაც მნიშვნელოვანია პროგრამის ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფის – ნარკომომხმარებელთა ჩართვისთვის. დეცენტრალიზაციის პროექტში უკვე ჩართულია 8 პირველადი ჯანდაცვის და 3 ზიანის შემცირების ცენტრი. სიახლეები განხორციელდა პროგრამის ადმინისტრირების მიმართულებითაც. ბენეფიციარებს პროგრამაში რეგისტრაციისთვის აღარ მოუწევთ მომსახურების სააგენტოში მისვლა. ცვლილების თანახმად რეგისტრაცია შესაძლებელია პირდაპირ პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე მუშაობის ონლაინ ფორმატზე გადავიდა პაციენტთა დოკუმენტაციის შემსწავლელი კომისია, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს პაციენტების მოლოდინის პერიოდს. ბენეფიციარები მკურნალობის დაწყებას დარეგისტრირებიდან 7 დღეში შეძლებენ, ნაცვლად 1 თვისა. პროგრამის დაწყებიდან დღემდე დარეგისტრირებულია 50000-ზე მეტი ბენეფიციარი. მკურნალობაში ჩაერთო 49000-ზე მეტი ადამიანი. მკურნალობა დაასრულა 45000-ზე მეტმა პირმა, განკურნების მაჩვენებელი 98,3%-ია. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის