სამართალი
„იმედის“ სამეთვალურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძემ გარდაცვლილი პატარკაციშვილის აქტივები მიითვისა - ბრიტანული სასამართლოს სკანდალური დასკვნა

„იმედის“ სამეთვალურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძემ გარდაცვლილი პატარკაციშვილის აქტივები მიითვისა - ბრიტანული სასამართლოს სკანდალური დასკვნა

დიდი ბრიტანეთის უმაღლესი სასამართლოს კომერციული პალატის გადაწყვეტილებით, ირაკლი რუხაძემ ბადრი პატარკაციშვილის აქტივების მოძიების ბიზნესი უკანონოდ მიითვისა.

„ტაბულას“ ინფორმაციით, ლონდონის სასამართლოს განჩინებით, ქართველი ბიზნესმენის, ირაკლი რუხაძის მიერ ბადრი პატარკაციშვილის მრავალმილიარდიანი ქონების (აქტივების) მოძიების/შეგროვების პროცესი უკანონო იყო.

2018 წლის 1-ელ ნოემბერს, ბრიტანულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სამმა პიროვნებამ - ირაკლი რუხაძემ, იგორ ალექსეევმა და ინგლისელმა იურისტმა ბენ მარსონმა შეთქმულება მოაწყო და „სერიოზულად“ დაარღვია იმ კომპანიის ფინანსური ინტერესების დაცვის (Fiduciary-ფიდუციალური) ვალდებულება, რომელშიც ისინი თავად მუშაობდნენ, ამის მიზანი იყო, რომ უკანონოდ მოეპოვებინათ პატარკაციშვილის აქტივების მოძიება/შეგროვების უფლება.

სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ მათ წინააღმდეგ სასამართლო პროცესები გაგრძელდება, რათა მოხდეს პატარკაციშვილის აქტივების მოძიება/შეგროვების პროცესში მათ მიერ მითვისებული თანხების დაბრუნება.

ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, ოლიგარქის აქტივების დაცვის და შეგროვების ამოცანა თავდაპირველად მისმა ოჯახმა Salford Capital Partners Inc- ს (Salford, სალფორდი) მიანდო.

კომპანია „სალფორდი“ რამდენიმე წლის განმავლობაში პატარკაციშვილის მრჩეველი და პარტნიორი იყო. სალფორდის აღმასრულებელი დირექტორისა და მფლობელის, იუჯინ ჯაფეს ხელმძღვანელობით კომპანიის რიგი მაღალი რგოლის თანამშრომელი პატარკაციშვილის ქვრივს ქონების დაცვაში ეხმარებოდა. თავდაპირველად მათ შორის იყო ირაკლი რუხაძე, იმ დროისათვის სალფორდის დირექტორი, ასევე იგორ ალექსეევი და ინგლისელი იურისტი ბენ მარსონი.

სამი წლის წარმატებული მუშაობის შემდეგ, ერთის მხრივ სალფორდსა და მეორეს მხრივ რუხაძეს, ალექსეევსა და მარსონს შორის დავა წამოიჭრა, რასაც მათი გაყრა მოჰყვა 2011 წელს.

სალფორდის მიერ შექმნილმა Recovery Partners GP Limited-მა და Revoker LLP-მ, სამართალწარმოება დაიწყო რუხაძის, ალექსეევის და მარსონის წინააღმდეგ.

ორწლიანი დავისა და ოთხკვირიანი სასამართლო პროცესის დასასრულს მოსამართლე ქოქერილმა დაადგინა, რომ სამმა მოპასუხემ მოსარჩელეს წაართვა გამზადებული პროექტის განხორციელების შესაძლებლობა. მოსამართლემ ასევე დაადგინა, რომ სამეულმა მოამზადა შეთქმულება და იმ მიზნით გამოეყო სალფორდს, რომ მიეთვისებინა აქტივების მოძიება/შეგროვების სარგებლიანი პროექტი. მოსამართლემ დაასაბუთა: "ამ გარემოებებით ვადგენ რომ შეთქმულება დაგეგმილი იყო და მისი პირობები შეთანხმებული იყო მოპასუხეებს შორის".

მოსამართლე სარა ქოქერილმა დაადგინა, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს მათი, როგორც მაღალი რგოლის თანამშრომლების, მოსარჩელის მიმართ არსებული „სერიოზული“ ფიდუციარული ვალდებულებები.

მან განაცხადა: "ეჭვგარეშეა, რომ ფიდუციარული ვალდებულების კონტექსტში, მათი ქმედებები მოღალატეობრივია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით თუ როგორ ემზადებოდნენ ისინი იმისთვის,რომ თვითონ წარემართათ აქტივების მოძიება/შეგროვების მომგებიანი პროექტი სალფორდთან გაყრის შემდგომ. მე ვასკვნი, რომ სამივე მოპასუხემ დაარღვია ფიდუციარული ვალდებულებები“.

ირაკლი რუხაძის დახასიათებისას, მოსამართლე ქოქერილმა განაცხადა: "დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას არ უჭირს მოიტყუოს, თუ მას ეს გამართლებულად მიაჩნია; მე დავადგინე, რომ მისი ჩვენებები გარკვეულ საკითხებში, არ შეესაბამებოდა სიმართლეს და იყო კონსტრუირებული (ხანდახან იქვე მოგონილი და მისივე ადვოკატების ჩვენებებთან წინააღმდეგობაში მყოფი) ისე, რომ ეს მას დახმარებოდა საქმის მოსაგებად".

მოსამართლე ქოქერილმა ასევე აღნიშნა რომ, ბ-ნი მარსონის არასერიოზული დამოკიდებულება დაცვის მიერ ჭეშმარიტების დეკლარაციის (Statement of Truth) არასწორად გამოყენების მიმართ იურისტის კვალიფიკაციის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ​

სალფორდიდან გამოყოფის შემდეგ სამმა მოპასუხემ დაასრულა პატარკაციშვილის აქტივების მოძიება/შეგროვება მათ მიერ ამ მიზნით სპეციალურად დაარსებული კომპანია Hunnewell Partners-ის საშუალებით. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოპასუხეებმა რიგი სერიოზული ინვესტიციები განახორციელეს საქართველოში, მათ შორის Hunnewell-ის სახელით. ინვესტიციებს შორის იყო ლიბერთი ბანკის, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის, მაგთიკომისა და ჰაიდელბერგცემენტის აქციების შესყიდვა. მათვე დააარსეს სასამართლო დავების დაფინანსების კომპანია. ამჟამად მომჩივანის ადვოკატები ემზადებიან შემდგომი სამართლებრივი ნაბიჯებისათვის საკომპენსაციო თანხების მოსაპოვებლად. პატარკაციშვილის ოჯახს სულ 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ქონება დაუბრუნდა და ამისათვის მოპასუხეებმა ასეულობით მილიონი დოლარის გასამრჯელო მიიღეს.

Recovery Partners-ის წარმომადგენელმა განაცხადა: „ეს არის სასამართლოს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ გვაძლევს საშუალებას დავიბრუნოთ თანხები რომელსაც მივიღებდით რომ არა მოპასუხეების კონსპირაციული ქმედებები რომლითაც სალფორდს წაერთვა კუთვნილი ბიზნეს შემოსავლები.

ახლა დაიწყება სასამართლო პროცესის მეორე ეტაპი, რომლის დროსაც სასამართლო განსაზღვრავს თუ რა დაკარგა სალფორდმა მოპასუხეების ქმედებების შედეგად და რა მოიპოვეს მოპასუხეებმა უკანონოდ. მეორე ეტაპის ბოლოს სასამართლო გასცემს განკარგულებას, თუ როგორ უნდა მოხდეს ჩვენი დანაკარგის კომპენსირება მოპასუხეების მიერ - ზარალის ანაზღაურებით, თუ მოპასუხეების მიერ უკანონოდ მიღებული მოგების ჩვენთვის დაბრუნებით“.

წყარო: „ტაბულა“

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის