საზოგადოება
თსუ-ში რუსუდან ნიშნიანიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

თსუ-ში რუსუდან ნიშნიანიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ რუსუდან ნიშნიანიძის ორტომეულის ,,უცნობი ჯორჯ (გიორგი) პაპაშვილი" პრეზენტაცია გაიმართა. ორტომეული ქართული წარმომავლობის ამერიკელი მწერლისა და მოქანდაკის ჯორჯ-გიორგი პაპაშვილის შემოქმედებას ეხება. წიგნის პრეზენტაციას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, პროფესორები, მოწვეული სტუმრები და სტუდენტები დაესწრნენ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, „რუსუდან ნიშნიანიძის წიგნი ეძღვნება ცნობილი ამერიკელი-ქართველი მწერლის, ჯორჯ პაპაშვილის შემოქმედებას. ის უნიჭიერესი ადამიანი, მოქანდაკე და ხელოვანი იყო და ფანტასტიური საჩუქარი გაუკეთა ავტორმა ჩვენს მკითხველს ამ ორტომეულის სახით,“ - განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

ორტომეულის ავტორი, რუსუდან ნიშნიანიძე თსუ სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა აშშ-ში ლიჰაის უნივერსიტეტში, სადაც გაეცნო ჯორჯ და ჰელენ პაპაშვილების უნიკალურ საარქივო მასალას.

როგორც თსუ პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, რუსუდან ნიშნიანიძე ამბობს, წიგნი აშშ-ში შენახული სპეციალური კოლექციისა და მასალების მიხედვითაა დაწერილი. „ორტომეულში წარმოდგენილი არაერთი ბიოგრაფიული ცნობა და შემოქმედებითი ამბავი, ასევე, უნიკალური ფოტოები სრულიად უცნობია მკითხველისთვის და სწორედ აღნიშნულ გამოცემაში ქვეყნდება პირველად“, - განაცხადა რუსუდან ნიშნიანიძემ.

1945 წელს, ჯორჯ-გიორგი პაპაშვილისა და მისი მეუღლის თანაავტორობით დაწერილი წიგნი ,,ყველაფერი შეიძლება მოხდეს" ბესტსელერად იქცა. წიგნი ითარგმნა მსოფლიოს 17 ენაზე.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის