საზოგადოება
რა უნდა ვიცოდეთ დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ

საქართველოს მთავრობა 2019 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის ამოქმედებას გეგმავს. დაგროვებითი პენსიის კანონი პარლამენტმა 21 ივლისს მიიღო. სისტემის ამოქმედების შემდეგ, მოქალაქეების მიერ დაზოგილ თანხას საპენსიო ფონდი განკარგავს, აღნიშნულ ფულს გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და მოქალაქეებს ამ თანხას პენსიაზე გასვლის შემდეგ დაუბრუნებს. საპენსიო სქემაში მონაწილეობა დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობა შესაძლებელია საქართველოს ყველა დასაქმებული და თვითდასაქმებული მოქალაქისთვის და საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. საპენსიო სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა: საქართველოს ყველა დასაქმებული მოქალაქისთვის და საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის, რომელსაც 2018 წლის 6 აგვისტოსთვის ჯერ არ ჰქონდა შესრულებული 40 წელი. ნებაყოფლობითია: ყველა დასაქმებულისთვის, მიუხედავად მისი ასაკისა; ყველა დასაქმებულისთვის, რომელიც 2018 წელს 6 აგვისტოს იყო 40 ან მეტი წლის. 2019 წლის 1 იანვრიდან საპენსიო სქემაში ავტომატურად გაწევრიანდება საქართველოს ყველა დასაქმებული მოქალაქე და საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც 2018 წელს 6 აგვისტოსთვის ქალბატონების შემთხვევაში ჯერ არ ჰქონდა შესრულებული 55 წელი, ხოლო მამაკაცების შემთხვევაში ჯერ არ ჰქონდა შესრულებული 60 წელი. საქართველოში დასაქმებულ იმ საქართველოს მოქალაქეებს ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ან თვითდასაქმებულებს, რომლებიც არ ექვემდებარებიან ავტომატურ გაწევრიანებას, აქვთ უფლება, მაგრამ არა ვალდებულება საპენსიო სქემაში გაწევრიანდნენ ნებაყოფლობით, საპენსიო სააგენტოს საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის გზით (www.pensions.ge) 2019 წლის 1 აპრილიდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით, საქართველოში დასაქმებულ იმ საქართვლოს მოქალაქეებს, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოსთვის შეუსრულდათ 40 წელი ან მეტი, აქვთ უფლება დატოვონ საპენსიო სქემა, საპენსიო სააგენტოსთვის განცხადებით მიმართვის გზით. დეტალური ინფორმაცია საპენსიო სქემის დატოვების წესის შესახებ გამოქვეყნდება საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.pensions.ge. საპენსიო სქემაში კვლავ გაწევრიანება შესაძლებელი იქნება დამსაქმებლისთვის მიმართვის გზით. საპენსიო შენატანები საპენსიო სქემაში მონაწილე დასაქმებულის სასარგებლოდ საპენსიო სააგენტოში მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადაირიცხება დარიცხული ხელფასის 2%. დამატებით, მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე დასაქმებულს და სახელმწიფო ხაზინას შეაქვთ ხელფასის 2% თითოეულს. მაგალითად, დასაქმებულის დარიცხული ხელფასი შეადგენს თვეში 1000 ლარს. საპენსიო სქემაში მონაწილეობამდე, დასაქმებული, საშემოსავლო გადასახადის გამოკლების შემდეგ ხელზე მიიღებდა 800 ლარს. საპენსიო სქემაში მონაწილეობის შემთხვევაში, დარიცხული ხელფასის 2%, ანუ 20 ლარი. გადაირიცხება მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, დარჩენილი თანხიდან 1000-20=980 ლარი, დაკავდება 20% საშემოსავლო გადასახადი და მონაწილე ხელზე აიღებს 784 ლარს. საპენსიო სქემაში მონაწილეობის შემთხვევაში, დასაქმებულმა ხელზე აიღო 800-784=16 ლარით ნაკლები განკარგვადი თანხა. სანაცვლოდ, მონაწილეს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ჩაერიცხა 20 ლარი საკუთარი შენატანი, 20 ლარი დამსაქმებლის შენატანი და 20 ლარი სახელმწიფოს შენატანი, სულ - 60 ლარი. ფაქტობრივად, მონაწილემ განახორციელა 16 ლარის ურისკო „ინვესტიცია“ და მიიღო (60-16)/16 =275% მყისიერი ამონაგები. სახელმწიფო ხაზინა საპენსიო სქემის მონაწილე დასაქმებულს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ურიცხავს დარიცხული ხელფასის 2%-ს ვიდრე დასაქმებულის დარიცხული ხელფასის ჯამური ოდენობა გადააჭარბებს 60,000 ლარს წლიურად, რის შემდეგაც სახელმწიფო ხაზინა დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე შენატანებს აღარ განახორციელებს. თვითდასაქმებული საპენსიო სქემის მონაწილე, რომელიც განიხილება როგორც საკუთარი თავის დასაქმებული, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ჩარიცხავს თავისი დაუბეგრავი შემოსავლის 2%+2%=4%-ს, ხოლო სახელმწიფო ხაზინა ასეთ მონაწილეს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ჩაურიცხავს დაუბეგრავი შემოსავლის 2%-ს. საპენსიო ფონდის თანხების ინვესტირება ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე არსებული მონაწილეთა თანხები, მონაწილეთათვის დამატებითი ამონაგების მიღების მიზნით ინვესტირდება კეთილსაიმედო ფინანსურ ინსტრუმენტებში. საინვესტიციო საბჭოს მიერ შემუშავებული და საპენსიო სააგენტოს მიერ სქემის ამოქმედებიდან პირველი 5 წლის განმავლობაში, მონაწილეთა თანხები განთავსდება მხოლოდ დაბალრისკიან საინვესტიციო პორტფელში, ხოლო 5 წლის შემდეგ, მონაწილეებს მიეცემათ საშუალება აირჩიონ დაბალრისკიანი, საშუალორისკიანი ან მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელი. რისკების კონტროლი საპენსიო სააგენტოს კონტროლის სტრუქტურები მონიტორინგს გაუწევენ მონაწილეთა თანხების ინვესტიციის პროცესს რისკის კონტროლის კუთხით, მოახდენენ რისკების იდენტიფიცირებას, მათი რაოდენობრივ შეფასებას და შესაბამის ანგარიშგებას, იმ მიზნით, რომ საინვესტიციო პორტფელის რისკის პროფილი სრულ შესაბამისობაში იყოს საპენსიო სააგენტოს მიერ დამტკიცებულ საინვესტიციო პოლიტიკაში განსაზღვრულ რისკის პროფილიდან. დაგროვებული საპენსიო თანხის გატანა საპენსიო ასაკის მიღწევიდან ნებისმიერ დროს, მონაწილის განცხადების საფუძველზე, მონაწილე დაიწყებს დაგროვილი საპენსიო თანხის ყოველთვიურ გატანას. ყოველთვიური გასატანი თანხა განისაზღვრება საპენსიო ანგარიშზე არსებული თანხის გაყოფით იმ წლების რაოდენობაზე, რომელიც ტოლია იმ დროისთვის სიცოცხლის საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებელს გამოკლებული მონაწილის მიმდინარე ასაკი და გაყოფილი 12-ზე. საპენსიო სააგენტოს დირექტორის, ლევან სურგულაძის თქმით, დაგროვებითი საპენსიო სქემის უმთავრესი სარგებელი არის სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება, ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, მსხვილი საინვესტიციო კაპიტალის ბაზის შექმნა, ადგილობრივი კაპიტალის ბაზის განვითარება, ძლიერი სტიმული მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის. „დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობა უზრუნველყოფს ამ სქემაში მონაწილეთა ფინანსურად უზრუნველყოფილ და ღირსეულ სიბერეს პენსიაზე გასვლის შემდგომ. მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე დაგროვებული თანხა წარმოადგენს მონაწილეთა უპირობო და ხელშეუხებელ საკუთრებას, რომელიც დაცულია კანონით და არ ექვემდებარება ყადაღას, დავალიანებაში გაქვითვას, ინკასოს ან აღსრულებას რომელიმე სხვა საშუალებას. მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე დაგროვილი თანხა ექვემდებარება მემკვიდრეობით გადაცემას. საპენსიო აქტივები უკვე ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ქვეყანაში შექმნის მნიშვნელოვან (რამოდენიმე მილიარდი ლარის) საინვესტიციო კაპიტალის ბაზას, რომელიც გადამწყვეტი იქნება საქართველოში კაპიტალის ბაზის განვითარებისთვის და რომლის მინუმუმ 80% „იმუშავებს“ საქართველოს ეკონიმიკის ზრდაზე და უზრუნველყოფს ეკონომიკის ზრდის მნიშვნელოვან დაჩქარებას. აღნიშნული განვითარების ბენეფიციარი იქნება საქართველოს თითოეული მოქალაქე და მაცხოვრებელი, მიუხედავად იმისა მონაწილეობს თუ არა ის დაგროვებით საპენსიო სქემაში“, - განაცხადა ლევან სურგულაძემ.
წყარო: epn.ge
გუშინ კვირის თვის