სპორტი
იქნება რამოსი შემდეგი კაპიტანი, რომელსაც რეალი სანაგვეზე მოისვრის?

იქნება რამოსი შემდეგი კაპიტანი, რომელსაც რეალი სანაგვეზე მოისვრის?

იტალიური გამოცემა "Il Mattino" წერს, რომ მადრიდის "რეალი" კალიდუ კულიბალისთვის 100 მილიონ ევროს ამზადებს. 2018-2019 წლების სეზონში ნათლად ჩანს, რომ "სამეფო კლუბის" დაცვას სერიოზული პრობლემები აქვს. სანტიაგო სოლარი და ფლორენტინო პერესი სენეგალელით გეგმავენ ხარვეზის აღმოფხვრას. შეგახსენებთ, რომ კულიბალი "მანჩესტერ იუნაიტედსაც" სურდა, თუმცა "ნაპოლიმ" მის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო მოითხოვა. კალიდუ მალე 28 წლის ხდება და ინგლისელებმა არა ახალგაზრდა ფეხბურთელში ამხელა თანხის გადახდა მართებულად არ მიიჩნიეს. რაც შეეხება "რეალს", ეს ყველაფერი ოდნავ უცნაურია, რადგან დაცვის ცენტრში "სამეფო კლუბს" ჰყავს სერხიო რამოსი და რაფაელ ვარანი. თუ გავიხსენებთ იმას, რომ თავის დროზე "ბლანკოსის" ძირითადი 11-ეულიდან იკერ კასილასი და რაულ გონსალესი ამოვარდნენ, არ უნდა გაგვიკვირდეს მომავალში რამოსის გაუჩინარებაც. დიახ, 21-ე საუკუნეში მადრიდელთა კაპიტნები ცუდად ამთავრებენ. ისინი არიან გუნდის ლეგენდები და წარსულში მათ სწორედ "სანტიაგო ბერნაბეუზე" უწინასწარმეტყველებდნენ კარიერის დასრულებას, მაგრამ პერესმა სხვანაირად ისურვა. საუბარია არა მხოლოდ რაულსა და კასილასზე, არამედ იეროსა და რედონდოზეც. "რეალის" უკანასკნელი კაპიტანი, რომელსაც არ მოუწია სხვა კლუბის ძებნა იყო მანუელ სანჩისი. ესპანელი მცველი 18 სეზონის მანძილზე იცავდა "თეთრების" ღირსებას, რის შემდეგაც მან 2001 წელს კარიერა დაასრულა და სამკლავური იეროს გადაულოცა. სწორედ ფერნანდოთი დაიწყო ის დაწყევლილი ციკლი, რომელმაც რამდენიმე ეპოქალური მოთამაშე იმსხვერპლა. რაც შეეხება უშუალოდ იეროს, ის იყო თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული ესპანელი ფეხბურთელი. ცნობისთვის, მადრიდელთა მცველი 29 გოლით "ფურია როხას" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირადაც ითვლებოდა. მისი რეკორდი დაამხო რაულმა, რომლის შესახებაც მოგვიანებით ვისაუბრებთ. იერომ "რეალთან" ერთად მოიგო უამრავი ტიტული და 2003 წლისთვის ის კარიერის დასრულებაზეც დაფიქრდა. ფერნანდო გეგმავდა კიდევ 1-2 სეზონის გატარებას "ბერნაბეუზე", შემდეგ კი ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას. ვეტერანს გეგმები აურია პერესმა, რომელმაც აღარ ისურვა ასაკოვანი მცველის გუნდში გაჩერება. ესპანელი წავიდა, რის შემდეგაც მან გაატარა ხანმოკლე პერიოდი "ალ-რაიანსა" და "ბოლტონში". იმ პერიოდშივე ფლორენტინომ კარისკენ მიუთითა კიდევ ორ ლეგენდას - ფერნანდო რედონდოსა და ფერნანდო მორიენტესს. იეროს საქმე გადაიბარა რაულმა. ის, თუ რას წარმოადგენდა გონსალესი "რეალისთვის" - ახსნას არ საჭიროებს. ლეგენდარული შვიდიანი, რომლის რეკორდები და მიღწევები კრიშტიანუ რონალდუს გადმოსვლამდე ითვლებოდა მიუღწეველად. ესპანელი ფორვარდი წლების მანძილზე არ აგდებდა ნამდვილი კაპიტნისა და ბომბარდირის სტანდარტს, მაგრამ პერესისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. 00-იანების მიწურულს ფლომ გადაწყვიტა "ელ გალაქტიკო 2.0"-ს შექმნა, რის შედეგადაც მადრიდელთა შეტევაში მოვიდნენ ზემოთხსენებული რონალდუ, ბენზემა და კაკა. რაულს, მისი წინამორბედების მსგავსად, წასვლა მოუწია. მან თავი შეაფარა "შალკეს", მოგვიანებით კი "კოსმოსს". "სამეფო კლუბის" ახალი კაპიტანი გახდა კასილასი, რომელმაც აღნიშნული წოდებით გაძლო 5 წელი. რა მოხდა ამ პერიოდში, კარგად გვახსოვს. კონფლიქტი ჟოზე მოურინიოსთან, სათადარიგოთა სკამი, შედეგად კი ტრანსფერი "პორტოში". იკერმა აცრემლებულმა დატოვა მადრიდი, ისევე როგორც რაულმა, იერომ და სხვებმა. დღეს, "ბლანკოსის" კაპიტნის სტატუსს ინარჩუნებს რამოსი. მისი წინამძღოლობით "რეალმა" მიაღწია არნახულ მწვერვალებს, 4 ჩემპიონთა ლიგა 5 წელიწადში - ტრიუმფალური შედეგია, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, თუ რამხელა წვლილი შეიტანა სერხიომ თავისი გუნდის წარმატებაში. ეს ყველაფერი ხდებოდა "სამეფო კლუბის" ოქროს ეპოქაში, თუმცა მიმდინარე სეზონში "ბერნაბეუზე" კრიზისმა დაისადგურა. ვნახოთ, შეძლებს თუ არა რამოსი ადგილის შენარჩუნებას რთულ პერიოდში.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის