სპორტი
შუშის კაცი - რამდენჯერ მიიღო ტრავმა ჯანომ უკანასკნელ 3 წელიწადში?

შუშის კაცი - რამდენჯერ მიიღო ტრავმა ჯანომ უკანასკნელ 3 წელიწადში?

ჯანო ანანიძე ვერ ახერხებს სრულფასოვნად ფეხბურთის თამაშს, მიზეზი ხშირი ტრავმიანობაა, რის გამოც ქართველის კარიერის დიდი ნაწილი გამოჯანმრთელებასა და ფორმის აღდგენას ეთმობა. სწორედ ამ მიზეზის გამო თქვა მასზე უარი მოსკოვის "სპარტაკმა". გავიხსენოთ "ჯვაროსნების" შემტევის ყველაზე მძიმე და ხშირი დაზიანებები. მარცხენა კოჭი: 2015 წლის სექტემბერი - 2016 წლის თებერვალი პირველი სერიოზული ტრავმა, რომლის გამოც ჯანოს 7 თვე გაუცდა. ქართველი დაშავდა შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში და ერთი შეხედვით, დაზიანება არ ჩანდა მძიმე. ერთი კვირის შემდეგ კი "სპარტაკის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ანანიძეს ქირურგიული ჩარევა სჭირდებოდა. 10 ნოემბერს ქართველს ჩაუტარდა კოჭის ოპერაცია, რაც ნიშნავდა იმას, რომ ჯანო კიდევ რამდენიმე თვე იქნებოდა ფეხბურთის გარეშე. ანანიძემ მხოლოდ თებერვალში მოახერხა დაბრუნება. ბარძაყის კუნთის სპაზმი: 4 აგვისტო - 16 აგვისტო ეს ყველაფერი ხდებოდა ზაფხულში, როდესაც "ჯვაროსნების" შემტევი ახალი ძალებითა და იმედებით ემზადებოდა მორიგი სეზონისთვის. ჯანოს ენდობოდა როგორც დმიტრი ალენიჩევი, ისე მასიმო კარერაც, მაგრამ ანანიძემ მიიღო კიდევ ერთი ტრავმა, რის გამოც მან ისევ ლაზარეთში გადაინაცვლა. კვლავ ბარძაყის კუნთი: 4 ნომბერი - თვის ბოლომდე ანანიძე ამჯერად ვარჯიშზე დაშავდა. ქართველს ისევ ბარძაყის კუნთმა შეაწუხა და გამოჯანმრთელების პროცესმა თვის ბოლომდე გასტანა. ჯანომ გამოტოვა "სპარტაკის" რამდენიმე მატჩი, რის შემდეგაც 2016 წლის ტრავმატული სეზონი დასრულდა. მუხლი/ბარძაყის კუნთი: 2017 წლის 13 თებერვალი - 2 მარტი 2017 წელი იმედიანად იწყებოდა. ანანიძე გაემგზავრა სანაკრებო შეკრებაზე, მოგვიანებით კი გუნდსაც შეუერთდა. ეს ყველაფერი ხდებოდა ტრავმების გარეშე, მაგრამ თებერვლის შუა რიცხვებში ჯანომ ისევ მიიღო დაზიანება, რომელიც თითქმის ერთი თვის მანძილზე არ აძლევდა ქართველს მოსვენებას. აღნიშნული ტრავმის შემდეგ, ანანიძემ საბოლოოდ დაკარგა ადგილი "სპარტაკის" ძირითადში, თუმცა ამის მიუხედავად, მან მაინც ჩაიწერა თავის აქტივში რუსეთის ჩემპიონობა. მარცხენა კოჭი: 23 სექტემბერი - 2018 წლის 2 მარტი დაზიანება, რომლის გამოც ჯანომ ჯამში გამოტოვა 17 მატჩი 5 თვეში. ანანიძე შეაწუხა კვლავ კოჭმა, მაგრამ ამჯერად ყველაფერი უფრო სერიოზულად იყო. კიდევ ერთი ქირურგიული ჩარევა, ამჯერად რომში. თავდაპირველად, ქართველის დაბრუნება იგეგმებოდა ზამთარში, მაგრამ რეაბილიტაციის პროცესმა მარტამდე გასტანა. ჯვარედინი მყესების გაწყვეტა: 24 მარტი - 21 სექტემბერი კატასტროფა მოხდა საქართველო-ლიტვას ამხანაგურ მატჩში და ეს იყო ყველაზე მძიმე დაზიანება ფეხბურთელისთვის. ანანიძე ახლა მწყობრშია, თუმცა ჯვარედინი მყესების გაწყვეტამ სერიოზული დაღი დაასვა მის კარიერას. 7 თვე სპორტის გარეშე, ფორმის დაკარგვა და შედეგად - "სპარტაკიდან" გაშვება.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის