საზოგადოება
"კლასელმა მომაძახა თამაშისას, აქ რა გინდა, შე ბრუციანოო?!... იმ ბიჭის გარდა სკოლის წლებში პირდაპირ არავინ მჩაგრავდა"

"კლასელმა მომაძახა თამაშისას, აქ რა გინდა, შე ბრუციანოო?!... იმ ბიჭის გარდა სკოლის წლებში პირდაპირ არავინ მჩაგრავდა"

პროექტი "ქალები საქართველოდან" წარმოგიდგენთ მარინე წულუკიძის ისტორიას.

მარინე წულუკიძე, 18 წლის, სოფელი მოხე, ადიგენის მუნიციპალიტეტი/თბილისი

მხედველობასთან დაკავშირებით ორი წლიდან დავყავდი მშობლებს ექიმებთან. ამიტომ თვალთან დაკავშირებით რაღაც პრობლემები რომ მქონდა და ვმკურნალობდი, ამას სკოლამდეც ვაცნობიერებდი, თუმცა დიდი ტრაგედია ეს ჩემთვის არ ყოფილა. ჩემი განსხვავებულობა პირველად ვიგრძენი, პირველ კლასში, როდესაც ერთ–ერთმა კლასელმა მომაძახა თამაშისას, აქ რა გინდა, შე ბრუციანოო?!

იმ ბიჭის გარდა სკოლის წლებში პირდაპირ არავინ მჩაგრავდა. მყავდნენ მეგობრები, რომლებიც თქმის გარეშე მიკითხავდნენ, როცა მე ვერ ვახერხებდი სწრაფად წაკითხვას წვრილი შრიფტის გამო (ინგლისურის სახელმძღვანელო იყო განსაკუთრებით წვრილი შრიფტით ნაბეჭდი). თავად იმ ბულერსაც ხშირად უთხოვია, გადამაწერინეო. კარგად ვსწავლობდი. 9 კლასის წარჩინებით დამთავრებისთვის, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მე–10 კლასშიში კომპიუტერითაც დავჯილდოვდი. ერთი წაკითხვით ვითვისებდი ტექსტებს. სხვების მოყოლილი გაკვეთილიდანაც ვსწავლობდი ხშირად. სახლში ჩემით ვკითხულობდი, სანათით, ლუპასთან შეხება არასდროს მქონია. აი, კლასში კი ვერ ვკითხულობდი ხმამაღლა. მრცხვენოდა, ყველასგან გამორჩეული არ მინდოდა რომ ვყოფილიყავი. მასწავლებლები წინა მერხზე მსვამდნენ, დაფა უკეთ რომ დამენახა, მაგრამ მაინც ვერ ვხედავდი. ერთხელ, არ ვიცი როგორ გავბედე, მაგრამ ვუთხარი, ხმამაღლა წაიკითხეთ, რასაც დაფაზე დაწერთ, თორემ მე ვერ ვხედავ–მეთქი. იმის შემდეგ კი მიკითხავდნენ ხმამაღლა, მაგრამ ყოველთვის ხაზს უსვამდა მასწავლებელი, ხმამაღლა წაიკითხეთ, მარინემაც რომ გაიგოსო. სკოლაში და საერთოდ ყველგან ვცდილობდი, არ მეჩვენებინა, მცირემხედველი რომ ვარ. არ მინდოდა, ის ზედმეტი ყურადღება და ხმამაღალი შეცოდებები, ზემოდან ქვემოთ მიმართული დამოკიდებულებები. არადა ამას სულ ვგრძნობდი. მასწავლებელი კლასში ყველას თანდასწრებით რომ შემპირდებოდა, ამას საკონტროლოზე ვერ დაინახავ და გადიდებული შრიფტით ამობეჭდილს მოგიტანო, სულ ავიწყდებოდა მოტანა და საკონტროლოს წინ ისევ თხოვდა ჩემს გვერდით მჯდომს, ეს ამას ვერ წაიკითხავს და შენ წაუკითხეო. სკოლის დირექტორმა ერთი დასაფასებელი საქმე მაინც გამიკეთა: მირჩია, დამეწერა განცხადება ჩემი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შესახებ, შესაბამისი პირობები რომ შეექმნათ საატესტატო და ეროვნულ გამოცდებზეც. დროც დამიმატეს, ნათელ ოთახშიც დამსვეს და გადიდებული შრიფტითაც მომიტანეს ტესტი. მამაჩემიც დაარწმუნა, რომ ასეთი მიდგომა მჭირდებოდა. მანამდე მამა წინააღმდეგი იყო, სმარტფონში ხომ წერს ტექსტურ შეტყობინებებს და კომპიუტერზე რატომ ვერ დაწერსო.

საერთოდ ოჯახში ჩემს შეზღუდულ შესაძლებლობაზე არასდროს ვსაუბრობდით. ბაბუა არის სულ მომართული მხოლოდ ჩემი განკურნებისკენ, რომ როგორმე „უკეთ დავინახო“. ჩემს საჭიროებებზე კი საუბრისგან ყველანი თავს ვიკავებთ. ძალიან მიჭირდა, მაგალითად, რესურსცენტრში, ფსიქოლოგთან, მამაჩემის თანდასწრებით შრიფტების შერჩევისას უფრო მსხვილი შრიფტის მოთხოვნა მეუხერხულებოდა. სულ ვფიქრობდი, ის ამ დროს როგორ განიცდიდა. თავს ძალას ვატანდი, ისეთი მეთხოვა, რომელიც მჭირდებოდა. შშმ პირის სტატუსის დადგენა რომ მინდოდა, პირდაპირ ვერ ვუთხარი მამას. ერთ ოთახში ვისხედით და შეტყობინებებს ვწერდით ტელეფონით. იმანაც ვერ შეძლო, პირადად ეთქვა ჩემთვის. შშმ პირი რას ნიშნავდა, რომ განვუმარტე და მომწერა, ჩემს შვილს ეგ სტატუსი არასდროს ექნებაო, ავორთქლდი იმ ოთახიდან. დედაჩემს მხოლოდ ახლა, როცა უკვე თბილისში უნივერსიტეტში გადმოვედი სასწავლებლად, ვუთხარი, რომ სკოლაში სწავლისას კლასში ხმამაღლა ვერ ვკითხულობდი. ძალიან გაუკვირდა. მეც გამიკვირდა, რომ ამაზე თურმე არასდროს გვილაპარაკია. სულ მინდოდა, ჩემს დასავით ჩემთვისაც დაევალებინათ რამე ოჯახში და რომ არ მავალებდნენ, გაკეთებას მაინც დავასწრებდი ხოლმე დედმამიშვილებს.

უნივერსიტეტშიც ბევრი გამოწვევაა. ჩემს თავს ვებრძვი. სულ მგონია, რომ სტუდენტები ჩემს მხედველობას განიხილავენ. მეგობარიც სულ ორიოდე მყავს. სახეზე რომ მიჭირს ადამიანების სწრაფად ამოცნობა და მოკითხვა, იმათ გონიათ, რომ უყურადღებო ვარ. რამდენიმე ლექტორს რომ ვუთხარი, აზრის გამოთქმა ხელის მინიშნებით არ დაევალებინათ, რადგან ამ მოძრაობას ვერ ვხედავდი, მალევე დაავიწყდათ და ახლაც იმასვე აგრძელებენ. აუდიტორიების ნომრებს ფოტოს ვუღებ ხოლმე, ვადიდებ და ისე ვეძებ. ყველაფერი ძალიან წვრილი შრიფტით წერია, აუდიტორიებიც ბნელია ხშირად. ტრანსპორტით სარგებლობაც გამიჭირდა თავიდან: ავტობუსების ნომრებს ტაბლოზე ვერ ვხედავ, ავტობუსში სულ კითხვა–კითხვით და „აქა და აქ რომ გაჩერდება, მითხარით“ თხოვნებით ვაგნებ დანიშნულების ადგილს.

ვსწავლობ თსუ–ში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. ფსიქოლოგობა თავიდან იმიტომ ავირჩიე, ჩემს თავს რომ დავხმარებოდი და თვითთერაპია მესწავლა. თბილისში რამდენიმე თვის წინ გადმოვედი და დამოუკიდებლად ცხოვრებამ გამაძლიერა. ახლა შშმ პირის სტატუსის გაკეთებასაც ვაპირებ და უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში მისვლას – ერთი ლექტორის რჩევით საგამოცდოდ ჩემს საჭიროებებზე მორგებული პირობების შექმნა უნდა მოვითხოვო. მშობლებიც უკვე აღიარებენ ჩემი სტატუსის საჭიროებას და თანახმა არიან. მგონია, რომ ყველაზე მთავარია ვილაპარაკოთ საჯაროდ. ლაპარაკი „მე“–ს შენარჩუნების შესაძლებლობას გვაძლევს, თორემ სულ ტყუილში ჩავეფლობით. ჩვენ უნდა მოვყვეთ ჩვენი ისტორიები, თუ არა და სხვა ილაპარაკებს ჩვენს მაგივრად ჩვენს შესახებ თავის გემოზე. შშმ პირების მშობლებს კი ვთხოვდი, რაც შეიძლება, ადრე მიიღონ თავიანთი შვილები ისეთები, როგორებიც არიან და ნაკლებად დააკომპლექსონ ისინი ამ მდგომარეობის „ტრაგიკულად“ შეფასებით.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის