სპორტი
მწვრთნელი, რომელიც ხმამაღალი სახელების ჩრდილშია - რით აღემატება პოჩეტინო კლოპსა და პეპს?

მწვრთნელი, რომელიც ხმამაღალი სახელების ჩრდილშია - რით აღემატება პოჩეტინო კლოპსა და პეპს?

მაურისიო პოჩეტინო - მწვრთნელი, რომელსაც თავისი კონკურენტებისგან განსხვავებით, ორმაგი სამუშაოს კეთება უწევს გუნდში. დავიწყოთ თავიდან - როგორი იყო "ტოტენჰემის" სტარტი? მძიმე, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, არგენტინელის განკარგულებაში არ აღმოჩნდა ერთბაშად 9 ფეხბურთელი. საქმე იმაშია, რომ მუნდიალის დასკვნით ფაზაში მოთამაშეთა უმეტესობა სწორედ "ჰოტსპურიდან" იყო. აქედან გამომდინარე, პოჩეტინოს მხოლოდ სეზონის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე დაუბრუნდნენ გუნდის ლიდერები. ეს ყველაფერი აისახა შედეგზეც - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე აუტსაიდერად ყოფნა რამდენიმე ტურის მანძილზე, სწორედ ამით იყო განპირობებული. ამის გარდა, მაურისიოს ცუდად მოექცა კლუბის პრეზიდენტი. სამხრეთ ამერიკელმა სპეციალისტმა იმ პირობით გაახანგრძლივა ხელშეკრულება, რომ დანიელ ლევი ტრანსფერებისთვის ფულს გაიღებდა. ასე არ მოხდა, "ტოტენჰემი" გახდა პრემიერ ლიგის პირველი გუნდი 2003 წლის შემდეგ, რომელსაც არავინ შეუძენია ზაფხულში. ცალკე აღნიშნვის თემაა სტადიონი, რომელზეც "დეზები" ატარებენ საშინაო მატჩებს. "ჰოტსპური" ჯერ კიდევ არ გადასულა განახლებულ "უაიტ ჰარტ ლეინზე". თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ "ტოტენჰემი" სექტემბრის დასაწყისში დაბრუნდებოდა სახლში, ამის გამო შეცვლილი იქნა ლონდონელთა კალენდარიც კი. პოჩეტინოს შეგირდებმა სეზონის სტარტზე 7 შეხვედრიდან 5 გამართეს გასვლაზე. მიზეზი - "უემბლის" გადატვირთული გრაფიკი და მასზე გამართული ღონისძიებები. ამერიკული ფეხბურთისთვის განკუთვნილი მინდორი - ამ კატეგორიიდანაა. ბოლოს კი მთავარი პრობლემა, რომელიც უკვე უშუალოდ მოთამაშეებს ეხებათ. ჩემპიონატის დაწყებიდან - 2018 წლის ბოლომდე, "დეზების" ლაზარეთი 14 ფეხბურთელით შეივსო. ამ ყველაფერს დაუმატეთ ტრანსფერების დეფიციტი და თეორიულად, ჯამში ჩვენ ვიღებდით "ჰოსტპურის" კატასტროფას. იმ შემთხვევაში, თუ ლონდონელები აღმოჩნდებოდნენ სატურნირო ცხრილის ფსკერზე და ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მათ ნაცვლად გავიდოდა მილანის "ინტერი" - საგანგაშო არაფერი იქნებოდა, რადგან პოჩეტინოს წინააღმდეგ იყო ყველა და ყველაფერი. პირიქით, ის რომ "ტოტენჰემმა" გაასწრო "ჩელსის", დაიმკვიდრა ადგილი 3-ეულში და აღმოჩნდა ევროპის საუკეთესო 16 გუნდს შორის - უკვე მოულოდნელობაა და სენსაციაც კი. ამასთან ერთად, წლევანდელი "ჰოტსპური" შარშანდელზე ძლიერია. 21 ტურის შემდეგ, "დეზებს" მოგროვებული აქვთ 48 ქულა, გასულ სეზონში ეს მაჩვენებელი 40-ს უდრიდა. ლონდონელებზე დიდი პროგრესი განიცადა მხოლოდ "ლივერპულმა", მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, თუ როგორ განაახლა იურგენ კლოპმა თავისი გარდერობი, განსაკუთრებით პოჩეტინოსთან შედარებით. "ტოტენჰემი" ერთ მატჩში საშუალოდ აგროვებს 2.29 ქულას. იმ შემთხვევაში, თუ "ჰოტსპურმა" იგივე რიტმში ჩაამთავრა მეორე წრეც, ლონდონელები მიაღწევენ 87-ქულიან ნიშნულს. 21-ე საუკუნეში "დეზები" 9 შემთხვევაში გახდებოდნენ ჩემპიონები, მაგრამ დღევანდელი პრემიერ ლიგა უკვე სხვა განზომილებაა. პოჩეტინო ხომ ებრძოლება გიგანტებს, შესაძლოა ყველაზე მრისხანეებსაც კი ეპლ-ის ისტორიაში. ის, თუ როგორ მოახერხა მაურისიომ "ჰოტსპურის" ნახევარდაცვის გარდაქმნა - ხელოვნების ცალკე ნიმუშია. შარშან, "ტოტენჰემის" კედელს წარმოადგენდნენ დემბელე, ვანიამა და დაიერი, თუმცა წელს ისინი დროის უმეტეს ნაწილს ატარებენ ლაზარეთში. არგენტინელმა მწვრთნელმა გამოაცოცხლა მათი რეზერვისტები: სისოკო და უინკსი, უნდა ითქვას, რომ ექსპერიმენტმა გაამართლა, მითუმეტეს ტრანსფერების დეფიციტის ფონზე. დიახ, ჰარი სუსტია დაცვაში, სამაგიეროდ ერთ-ერთი საუკეთესოა სიღრმიდან განხორციელებული გადაცემების მაჩვენებლით. რაც შეეხება ფრანგს, ის პრემიერ ლიგის ტიპიური ფეხბურთელია, ფიზიკურად ძლიერი და სწრაფი. უინკსისა და სისოკოს გარდაქმნით, პოჩეტინოს რეფორმები არ დასრულებულა. არგენტინელმა პრინციპებს გადაუხვია და ძირითადში დააბრუნა ორი ჭირვეული: ალდერვეირელდი და როუზი. ორივე მათგანი არ ჩქარობს ხელშეკრულების გაფორმებას, რის გამოც ისინი დასჯილები იყვნენ. ეს ყველაფერი გახდა მეორეხარისხოვანი, როდესაც "ტოტენჰემში" ტრავმიანობამ დაისადგურა. ცნობისთვის, ტობი უკვე გამოსწორდა. მაურისიოს სცენარი მარტივია: ბელგიელი აკეთებს შორეულ გადაცემას ლეონარდო ბონუჩის სტილში, დენი კი ფლანგიდან ამარაგებს შემტევებს. პოჩეტინოს აქტივში აგრეთვე იმის ჩაწერაც შეიძლება, რომ წელს, გუნდი აღარ არის ისე დამოკიდებული ჰარი კეინზე, როგორც ადრე. სტატისტიკა: გასულ სეზონებში ინგლისელი ბომბარდირი იტანდა "დეზების" გოლების საერთო რაოდენობის დაახლოებით 40.5%-ს, დღეს, ეს მაჩვენებელი 30.4-ს უდრის. უპირატესობა, რომელიც "ჰოტსპურს" გააჩნია "ლივერპულსა" და "სიტისთან" შედარებით არის საშინაო მატჩების ფაქტორი. დარჩენილი 17 შეხვედრიდან, ლონდონელები 10-ს გამართავენ საკუთარ მინდორზე. დიახ, "უემბლის" ხილ-ბოსტანი ნამდვილად არ არის დამხმარე ვარიანტი, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ კეინი და კომპანია როგორც იქნა დაბრუნდებიან "უაიტ ჰარტ ლეინზე", ეს უკვე სულ სხვა "ტოტენჰემი" იქნება. წარმოიდგინეთ, როგორი ატმოსფერო დაისადგურებს საშინაო სტადიონზე, სადაც არ გამართავენ კონცერტებსა და ამერიკული ფეხბურთის მატჩებს. ერთი სიტყვით, პოჩეტინომ შეძლო კრახზე განწირული გუნდისთვის ძველი იერ-სახის შენარჩუნება. ველოდებით ტრანსფერებს, ზამთარში მაინც და ჩემპიონობისთვის ბრძოლას.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის