სპორტი
ენდი მარი კარიერის პოტენციურად უკანასკნელ ტურნირს დიდი ბრძოლის შემდეგ გამოეთიშა

ენდი მარი კარიერის პოტენციურად უკანასკნელ ტურნირს დიდი ბრძოლის შემდეგ გამოეთიშა

ბრიტანელმა კორტზე ყველაფერი დატოვა, მაგრამ ამაოდ... მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა ლიდერმა, ენდი მარიმ, ავსტრალიის ღია პირველობის წინ გამოაცხადა, რომ 2019 წელს კარიერას დაასრულებს და მეტიც, შესაძლოა, მისთვის უკანასკნელი ტურნირი სწორედ წლის პირველი გრენდ სლემი გახდეს. თავად ენდის სურვილია, რომ კარიერა უიმბლდონზე დაასრულოს, მაგრამ, არ იცის, რამდენად მისცემს მას ჯანმრთელობა ამის საშუალებას, ის 20 თვის მანძილზე ბარძაყის ტრავმას წარუმატებლად ებრძვის. უშუალოდ პირველი წრის შეხვედრაში, მარის მეტოქე ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი იყო, რომელიც უკანასკნელ პერიოდში შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და გასულ კვირას დოჰაში გამართული ტურნირიც მოიგო. პირველი ორი სეტი აგუტმა საკმაოდ დამაჯერებლად, 6-4 6-4 მოიგო და თითქოს, ენდი წაგებას მაქსიმალურად მიუახლოვდა. მაგრამ, შოტლანდიელმა საბრძოლო სულისკვეთება კიდევ ერთხელ გამოავლინა და მომდევნო ორი სეტი ძალიან დაძაბულ ბრძოლაში, 7-6 7-6 მოიგო. სამწუხაროდ, გადამწყვეტი სეტისთვის მარის გამძლეობა აღარ ეყო და საბოლოოდ, 2-6 დამარცხდა. დიდია იმის ალბათობა, რომ ეს მარისთვის პროფესიონალურ კარიერაში უკანასკნელი მატჩიც კი იყო. შეძლებს თუ არა ბრიტანელი უიმბლდონზე გამოსვლას და დიდებული კარიერის სამშობლოში დაბრუნებას - ჯერჯერობით, არავინ იცის. უნდა აღინიშნოს, რომ გადამწყვეტ სეტში, როდესაც ანგარიში აგუტის სასარგებლოდ, 1-5 იყო, გულშემატკივრებმა ენდის დიდებული ოვაციები მიაგებეს, რაზეც სპორტსმენმა, ისევე, როგორც ტრიბუნაზე მჯდომმა მისმა დედამ, ცრემლი ვერ შეიკავა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის