ეკონომიკა
ქობულია: ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის პროექტი შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს

ქობულია: ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის პროექტი შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს

“ეს არის ერთ-ერთი ინდუსტრიული პროექტი და, რა თქმა უნდა, აჭარის გარდა მთელი საქართველოს მასშტაბითაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. მიგვაჩნია, რომ ესეთი ტიპის პროექტები უფრო მეტ საფუძველს შექმნის და მაგალითს მისცემს სხვა კომპანიებს სხვა ქვეყნებიდან, რომ ანალოგიური ინვესტიციები განახორციელონ”, – აცხადებს ქობულია. გიორგი ქობულიამ დადებითად შეაფასა საქართველოში მსხვილი ამერიკული ინვესტიციის განხორციელება და აღნიშნა, რომ პროექტი, რომლის განხორციელებასაც აღნიშნული ინვესტიცია ემსახურება, საქართველოში დამატებით სატრანზიტო ტვირთებს მოიზიდავს. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი ხელს შეუწყობს რკინიგზის დატვირთვას და ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის არა მხოლოდ ბათუმსა და აჭარაში, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებშიც. “ბათუმის შემთხვევაში საქმე გვაქვს მაღალტექნოლოგიური ტერმინალის მშენებლობასთან, რომელიც იქნება დახურული ციკლით მომუშავე საწარმო. აღნიშნული პროექტი, პირიქით, ხელს შეუწყობს ბათუმის პორტის ეკოლოგიური სტანდარტების ამაღლებას”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ. ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე დაგეგმილია მინერალური სასუქების ტერმინალის მშენებლობა გრანულირებული კარბამიდის გადატვირთვის მიზნით. ტერმინალი რეგიონალური მნიშვნელობის იქნება და ხელს შეუწყობს, როგორც აჭარის, ისე მთლიანად საქართველოს ეკონომიკის ზრდას. პროექტი გულისხმობს ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან შავი ზღვის ნავსადგურებში, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ლოჯისტიკური დერეფნის შექმნას. ბათუმის პორტში ახალი, მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობის პროექტს განახორციელებს კომპანია Wondernet Express , რომელიც წარმატებით საქმიანობს ევროკავშირის, დსთ-სა და ბალტიის ქვეყნებში, ასევე ჩინეთში, კორეასა და თურქეთში, სხვადასხვა სახის ტვირთების ლოჯისტიკისა და ტრანსპორტირების მომსახურების სფეროში. კომპანია Wondernet Express Investment Group-მა, მინერალური სასუქების ახალი ლოჯისტიკური დერეფნის შექმნასთან დაკავშირებით უკვე გააფორმა შეთანხმებები ძირითად პარტნიორებთან – ესენია საქართველოს რკინიგზა, ბათუმის პორტი, აზერბაიჯანის რკინიგზა, ბაქოს ნავსადგური. ტერმინალი აღჭურვილი იქნება მინერალური სასუქების გადატვირთვისათვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობით, კერძოდ კონვეიერული სისტემით და გემის დამტვირთველით, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან ფილტრაციის უახლესი ტექნოლოგიით. სასაწყობე ობიექტები განკუთვნილია 60 000 ტონა ჯამური მოცულობის სასუქის შესანახად. ტერმინალის დაგეგმილი საწარმოო სიმძლავრე წელიწადში 1 200 000 ტონამდე მინერალური სასუქის გადამუშავების საშუალებას იძლევა. კომპანია მულტიმოდალური ტერმინალის ასაშენებლად 20 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტირებას გეგმავს.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის