საზოგადოება
„ტაძრის დაკეტვის გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო ჯვრის მონასტრის წინამძღვარმა, მამა კონსტანტინემ - ს...

„ტაძრის დაკეტვის გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო ჯვრის მონასტრის წინამძღვარმა, მამა კონსტანტინემ - ს...

მცხეთის ჯვრის მონასტერი მომლოცველებისთვის სავარაუდოდ ხვალ გაიხსნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ განუცხადა, რომლის ინფორმაციითვე, ტაძრის დაკეტვის გადაწყვეტილება მონასტრის წინამძღვარმა მამა კონსტანტინემ ერთპიროვნულად მიიღო. მუნიციპალიტეტის მერი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, რომ სასულიერო პირებს აღნიშნულ ტერიტორიაზე კელიის დადგმასთან დაკავშირებით მერიაში განცხადება არ გაუკეთებიათ და განმარტავს, რომ მსგავს შემთხვევაში, მერია ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, რადგან აღნიშნული ტერიტორია მთლიანად შედის იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ქვეშ. გიორგი კაპანაძე ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს სასულიერო პირებს სურთ აღნიშნული ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების გაყრა. კაპანაძე განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტმა მის კომპეტენციაში არსებული სამუშაოები უკვე შეასრულა და გარემოვაჭრეები გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანა, ასევე ვაჭრობის უფრო ცივილური ფორმებიდან გამომდინარე, მერიამ დაამზადა ჯიხურები, რომელიც აკმაყოფილებს არსებულ სტანდარტებს და არ ავნებს მონასტრის იერსახეს. მერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის იძულებით ვერ დაატოვებინებს ვერც ერთ ადამიანს ტერიტორიას, ვინაიდან ვაჭრობა მათი ერთადერთი საარსებო წყაროა. „როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ტაძრის დაკეტვის გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო ჯვრის მონასტრის წინამძღვარმა, მამა კონსტანტინემ. სავარაუდოდ, ეს დიდი ხანი არ გაგრძელდება და ხვალ გაიღება ტაძარი. არ მგონია, ეს მითითება ჩვენი უწმინდესისგან ყოფილიყო. რამეთუ მონასტრის დაკეტვა ყველასთვის მიუღებელი იქნება. ის, რომ მიზეზი იყოს, რომ მათ სურთ გარემოვაჭრეების გაყვანა, რათა კელია აშენდეს, ამაზე ჩვენთან საუბარი არასდროს ყოფილა. ამავდროულად მე ვერ გამოვიყვან იქ მყოფ ადამიანებს და ხელებს ვერ გადავუგრიხავ მათ, რომლებიც ამინდის მიუხედავად, ვაჭრობენ, რათა არჩინონ ოჯახები. მერიამ რაც გააკეთა, არის ის, რომ მოვაჭრეები გადაიყვანა გზის სავალი ნაწილიდან და ეს ტერიტორია მთლიანად დაუთმო მონასტერს“, - განაცხადა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ. ჯვრის მონასტერი დღეს დილიდან სასულიერო პირების გადაწყვეტილებით დაკეტილია. მონასტრის ბერებმა ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვეს და განაცხადეს, რომ არსებულ კითხვებზე პასუხს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია გასცემდა. მათივე ინფორმაციით, შესაძლოა, მოგვიანებით განცხადებაც გავრცელდეს, რომლის შესახებაც გადაწყყვეტილებას მონასტრის წინამძღვარი მიიღებს.
წყარო: geotimes.ge
გუშინ კვირის თვის