სპორტი
რეალთან მატჩი, ქართველი კალათბურთელების გავლენა და მოლოდინი - ბითაძის ინტერვიუ

რეალთან მატჩი, ქართველი კალათბურთელების გავლენა და მოლოდინი - ბითაძის ინტერვიუ

გოგა ბითაძემ შთამბეჭდავად შეაბიჯა ევროლიგის სამყაროში. ქართველ კალათბურთელს დასჭირდა მხოლოდ 18 წამი ყურადღების მოსაქცევად. 4 მატჩის შემდეგ, 19-წლის ცენტრის ანგარიშზეა 14.8 ქულა, 6.8 ართმევა და 3.3 ბლოკი - ეს ყველაფერი ხდება საშუალოდ ერთ თამაშში. გთავაზობთ ბითაძის ინტერვიუს, რომელიც მან ევროლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდს მისცა. პოდგორიცას "ბუდუჩნოსტის" ცენტრი ბევრ საინტერესო დეტალის შესახებ საუბრობს. მოლოდინი "არ განვიცდი არავითარ ზეწოლას, შესაბამისად ვცდილობ ჩემს თამაშს მივყვე. მე უბრალოდ მინდა ყოველი მატჩის შემდეგ, სარკეში ჩახედვა და თქმა: ყველაფერი გავაკეთე. სიმართლე გითხრათ, ასეთ დასაწყისს ნამდვილად არ ველოდი." პირველი საშინაო გამარჯვება "ბრწყინვალე შეგრძნებაა. დიახ, "დარუშაქაკა" ტურნირის ბოლო ადგილოსანია, მაგრამ მათ ჰყავთ შესანიშნავი კალათბურთელები, აქედან გამომდინარე, თურქების წინააღმდეგ გამარჯვება განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი მომენტი იყო." ბუდუჩნოსტი-დარუშაფაკა 75:74 სხვაობა ევროლიგასა და ადრიატიკას შორის "ვიცოდი, რომ აქ ყველაფერი გაცილებით რთულად იქნებოდა. ევროლიგას ბავშვობიდანვე ვადევნებდი თვალს და დღეს, თავად ვარ მისი ნაწილი. აღნიშნულ ტურნირზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ფიზიკურ სიძლიერეს, სისწრაფესა და მოქნილობას." ადაპტაცია "უდიდესი შრომა ჩავდე ჩემს პროგრესში. მადლობა მინდა მოვუხადო ჩემს ყოფილ კლუბს - "მეგა ბემაქსსა" და მის კალათბურთელებს. ისინი რომ არა, მე ვერ შევძლებდი სათანადოდ მომზადებას ევროლიგისთვის." გუნდის გამოცვლა სეზონის მსვლელობისას "დიახ, ეს არის რთული პროცესი, რომელიც ზედმეტ პრობლემებთანაა დაკავშირებული, მაგრამ "ბუდუჩნოსტმა" ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თავი კომფორტულად მეგრძნო ახალ გარემოში." ნორის კოული "ის არის NBA-ს ორ-გზის ჩემპიონი და ამით ყველაფერი ნათქვამია. ნორისი დიდებული ადამიანი და კალათბურთელია, რომელიც ფლობს კოლოსალურ გამოცდილებას. როდესაც გუნდში კოულის დონის გამთამაშებელია, მშვიდად ცდილობ შენი საუკეთესო თვისებების წარმოჩენას." შენგელიას, შერმადინის, მარკოიშვილისა და ბოისას კვალდაკვალ "მე გავიზარდე მათ თამაშებზე და ვცდილობდი ბევრი საჭიროს ათვისებას ჩემი თანამემამულეებისგან. დღეს, ჩვენ არამხოლოდ ერთ საქმეს ვაკეთებთ, არამედ საქართველოს ნაკრების ეგიდით ვართ გაერთიანებულები. ძალიან მიხაროდა, როდესაც ისინი მხარდაჭერას მიცხადებდნენ "ბუდუჩნოსტში" გადასვლის მომენტში. აღნიშნულმა მოთამაშეებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს ქართული კალათბურთის განვითარებაში. შენგელია ახლაც ბრწყინავს, შერმადინმა ორჯერ მოიგო ევროლიგა, მანუ ალბათ ყველაზე კარგი ადამიანია, ვისაც კი ვიცნობ, ბოისა ფედერაციაშია და მე ყოველთვის შემიძლია მასთან დარეკვა. ერთი დიდი ოჯახი ვართ." სახლის დატოვება 16 წლის ასაკში "ძალიან რთული მომენტი იყო, მაგრამ მიზნების ასრულებისთვის ზოგჯერ მსხვერპლის გაღება არის საჭირო. სერბეთში ჩამოვედი როგორც მსუქანი ბავშვი, რომელიც გამუდმებით ცდილობდა 3-ქულიანების ჩაგდებას. "მეგა ბემაქსი" ყველაფერში დამეხმარა, დიდი მადლობა მათ." რეალთან მატჩის მოლოდინში "ეს იქნება სრული სიგიჟე! რეალი არის მოქმედი ჩემპიონი და ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, მაგრამ იცოდეთ - პოდგორიცაში შეიძლება ყველაფერი მოხდეს. ჩვენ ეს უკვე დავამტკიცეთ, როდესაც მოვუგეთ "ბარსელონას", "ბასკონიასა" და "ცსკა"-ს." ბუდუჩნოსტი-ბარსელონა 67:64 ბუდუჩნოსტის პოტენციალი დაბალი პოზიციის მიუხედავად, სერიოზულ ძალას წარმოვადგენთ. საქმე იმაშია, რომ ახალი გუნდი ვართ, ახალი მოთამაშეებითა და მწვრთნელით. ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ გამარჯვების მოპოვება "ბაიერნსა" და "მაკაბისთან", არადა მიზანთან ახლოს ვიყავით." გავიხსენოთ ბითაძის საუკეთესო მომენტები
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის