სპორტი
ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება: ოცნებების თეატრს პარიზელი სტუმრები ჰყავს

ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება: ოცნებების თეატრს პარიზელი სტუმრები ჰყავს

2 თვიანი პაუზის შემდეგ ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ყველაზე სასიამოვნო მომენტი დადგა - დღეს საღამოს სტარტს იღებს ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის სტადია. მერვედფინალური ეტაპი "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "პარი სენ ჟერმენის" სუპერ-შეხვედრით "ოცნებების თეატრში" გაიხსნება - ოლე გუნარ სოლსკიაერს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე დიდი გამოწვევა ელის. მანჩესტერ იუნაიტედი - პსჟ დასაწყისი: 00:00 საათი სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი მთავარი მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია) მანჩესტერ იუნაიტედი ოლე გუნარ სოლსკიაერმა "მანჩესტერ იუნაიტედში" რადიკალურად განსხვავებული განწყობა შეიტანა და გუნდმა შესანიშნავი ფორმა აკრიფა - მანკუნიანელებმა 11 ოფიციალურად თამაშიდან 10 მოიგეს (1 ფრე) და საბოლოოდ მიზანსაც მიაღწიეს - "მანჩესტერმა" პრემიერ ლიგის წინა ტურში სტუმრად "ფულჰემი" 3:0 დაამარცხა და ოთხეულში შეაღწია. მაკუნიანელებმა ბოლო ორი შეხვედრა გაშვებული ბურთის გარეშე მოიგეს. სოლსკიაერის "მანჩესტერი" სულ სხვა გუნდია და ბოლო ორი თვის განმავლობაში საკმაოდ სერიოზული პროგრესი განიცადა - ფენომენალურ ფორმაშია პოლ პოგბა, რომელსაც გოლი გოლზე გააქვს და თავს მშვენივრად გრძნობს. აგრეთვე ძალიან ნაყოფიერად მოქმედებენ ენტონი მარსიალი და მარკუს რეშფორდი. კარს კი დიდებული დავიდ დე ხეა იცავს - ესპანელი საკუთარი გუნდის გადასარჩენად ყოველთვის მზად არის. პსჟ "პარი სენ ჟერმენის" შემთხვევაში სიტუაცია შებრუნებულია - პარიზელებმა სეზონი ფანტასტიკურად დაიწყეს, მაგრამ ახლა იდეალური ფორმისა და მდგომარეობისგან შორს არიან. თებერვლის დასაწყისში "პსჟ" საფრანგეთის ეროვნულ ჩემპიონატში პირველად დამარცხდა - სტუმრად ლიონის "ოლიმპიკთან" 1:2, რასაც რასაც საფრანგეთის თასზე "ვილეფრანსთან" უგოლო ფრე და დამატებითი დრო მოჰყვა, მაგრამ დამატებით დროში პარიზელებმა 3:0 იმარჯვეს. საფრანგეთის ლიგა 1-ს წინა ტურში "პსჟ-მ" შინ "ბორდო" მიიღო და მინიმალური ანგარიშით (1:0) დაამარცხა. ამ შეხვედრაში გუნდმა კიდევ ერთი ლიდერი, ედინსონ კავანი, დაკარგა და ურუგვაელის არყოფნაში თომას ტუხელს კიდევ ერთი თავსატეხი დაემატება. "პსჟ" ეროვნულ ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამოჩნდა, რომ პარიზული კლუბი სულაც არაა დაუმარცხებელი და დაცვაში სერიოზული პრობლემები აქვს. 3 ლიდერის გარეშე! "მანჩესტერ იუნაიტედს" მხოლოდ დაცვის ფრთებზე აქვს პრობლემები, ეგეც არც ისე სერიოზული - გუნდს მხოლოდ მატეო დარმიანი და ანტონიო ვალენსია ვერ დაეხმარებიან. "პსჟ-ს" კი საკმაოდ სერიოზული პრობლემები აქვს - ტუხელს 3 წამყვანი მოთამაშე აკლია: ნეიმარი, ედინსონ კავანი და ტომას მენიე. ამ სამეულის არყოფნაში პარიზელებს მართლაც ძალიან გაუჭირდებათ, მაგრამ "პსჟ-ს" მძლავრი თადარიგი ჰყავს. საბედნიეროდ, გამოჯანმრთელდა იტალიელი ცენტრი მარკო ვერატი, რომლის თამაშიც გუშინდელ დღემდე საეჭვო იყო. სავარაუდო შემადგენლობები: მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა; იანგი, ლინდელეფი, ჯონსი, შოუ; ერერა, მატიჩი, პოგბა; ლინგარდი, რეშფორდი, მარსიალი. პსჟ: ბუფონი; კერერი, ტიაგო სილვა, კიმპემბე, ბერნატი; დანი ალვეში, მარკინიოსი, ვერატი; დი მარია, მბაპე, დრაქსლერი. პირველი დიდი გამოწვევა - როგორ გაუმკლავდებიან სოლსკიაერი და ტუხელი ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ სტადიებზე მთავარი მწვრთნელების დაპირისპირება ყოველთვის დამატებითი ინტრიგაა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს გამორჩეული მოვლენაა, ვინაიდან ორივე მხარეს პირველი რეალური დიდი ტესტი ელის და ძალაინ საინტერესოა თუ როგორ გაართმევენ თავს ოლე გუნარ სოლსკიაერი და თომას ტუხელი. 45 წლის ნორვეგიელისთვის ეს საერთოდ დებიუტია ჩემპიონთა ლიგაზე სამწვრთნელო კარიერაში და ეგრევე სუპერ-მატჩები "პსჟ-სთან". სოლსკიაერმა პირველი ეფექტი უკვე მოახდინა და თუ მანკუნიანელებს ევროთასებზეც ასახელებს, მაშინ უკვე საბოლოოდ განიმტკიცებს თავის სტატუსს და სავარაუდოდ სრულფასოვან კონტრაქტსაც დაიმსახურებს. რაც შეეხება თომას ტუხელს, 45 წლის გერმანელი უფრო გამოცდილია, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ "მანჩესტერ იუნაიტედთან", რომელიც ჩინებულ ფორმაშია, მერვედფინალური პაექრობა - მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. თანაც იმის ფონზე, რომ გუნდს ორი ბომბარდირი აკლია და "პსჟ" უკვე წლებია უმიზნებს ტრიუმფს ევროპაში, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოსდის. თომას ტუხელის ამოცანა გაცილებით რთულია - მას შედეგი მოეთხოვება, სოლსკიაერი კი უფრო მოდუნებულია და წარუმატებლობის შემთხვევაშიც შეუძლია მშვიდად გააგრძელოს სამუშაო. დი მარია ბრუნდება 30 წლის არგენტინელი ვინგერი, ანხელ დი მარია, 2014/15 წლების სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას იცავდა და 32 თამაშში მხოლოდ 4 ბურთი გაიტანა. მას ინგლისში კარიერა არ წაუვიდა, რის შემდეგაც პარიზში გადაბარგდა და 4 წლის შემდეგ "ოლდ ტრაფორდს" მეტოქის რანგში უბრუნდება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ დი მარის საკმაოდ სერიოზული როლი აქვს - მას ტრავმირებული ნეიმარის შეცვლა უწევს, ამიტომ არგენტინელზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. დი მარიას კარგი თამაში "პსჟ-სთვის" ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო ყოფილი კლუბისთვის საკუთარი ძალების დამტკიცების შესაძლებლობა მისი დამატებითი მოტივაცია იქნება. ახალგაზრდა კილიან მბაპესთვის "ოლდ ტრაფორდის" ატმოსფერო შესაძლოა უცხო იყოს, მაგრამ ანხელ დი მარია "ოცნებების თეატრს" შიგნიდან იცნობს, ამიტომ უფრო დამაჯერებელი და "მოშინაურებული" იქნება. რა ითქვა თამაშის წინ: ოლე გუნარ სოლსკიაერი: "ამ მატჩს სულმოუთმენლად ველით. მინდა, რომ ჩემი მოთამაშეები თავდაჯერებულები იყვნენ და მოიგონ. ნებისმიერი გუნდი, რომელიც კარგავს მნიშვნელოვან მოთამაშეებს, დისკომფორტს გრძნობს, მაგრამ ამან შესაძლოა უპირატესობაც მოგცეს. ეს ყველაფერი "პსჟ-ს" თამაშს სრულიად არაპროგნოზირებადს ხდის". თომას ტუხელი: "მანჩესტერმა" სოლკსიაერის მოსვლის შემდეგ სერიოზული პროგრესი განიცადა. მოურინიოს დროინდელი გუნდის თამაშები არ მინახავს, სამეგიეროდ სოლკსიაერის ყველა მატჩი ვნახე და აღფრთოვანებული დავრჩი. უკვე კარგად ვიცი თუ რა უნდა გავაკეთოთ ხვალ. ტაქტიკური და ფიზიკური თვალსაზრისით ეს მძიმე თამაშია, ამიტომ საუკეთესოდ უნდა ვიაპარეზოთ". ფაქტები და სტატისტიკა: "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "პარი სენ ჟერმენის" გზები ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში ისტორიაში პირველად გადაიკვეთა. მანჩესტერული გრანდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მე-11-დ იასპარეზებს - "წითელ ეშმაკებს" ფლეი-ოფის საწყის ეტაპზე 6 მოგება და 4 წაგება აქვთ. გასულ სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგიდან სწორედ 1/8 ფინალში გავარდა - სტუმრად "სევილიასთან" უგოლო ფრის შემდეგ "ოლდ ტრაფორდზე" ინგლისელები 1:2 დამარცხდნენ. ამ მარცხით "მანჩესტერმა" საკუთარ მოედანზე ევროპაში 21 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია (17 მოგება, 4 ფრე) შეწყვიტა. "წითელმა ეშმაკებმა" ევროთასებზე გამართული ბოლო 26 შეხვედრიდან მხოლოდ 5 წააგეს - 16 მოგება, 5 ფრე. "მანჩესტერ იუნაიტედს" ფრანგული კლუბების წინააღმდეგ 7 ორმატჩიანი ორთაბრძოლიდან 6 მოგებული აქვს - გამონაკლისი 1997/98 წლების სეზონის 1/4 ფინალში "მონაკოსთან" იყო (0:0 სტუმრად, 1:1 სახლში). მანკუნიანელებს საკუთარ მოედანზე ლიგა 1-ს გუნდთან არასოდეს წაუგიათ: 10 მოგება, 3 ფრე. "პსჟ" ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეშვიდედ ასპარეზობს და ფლეი-ოფში ყოველ ჯერზე გადის, მაგრამ მერვედფინალური სტადია ბოლო ორ სეზონში ვერ გადალახა. პარიზელები გასულ სეზონში მადრიდის "რეალთან" დამარცხდნენ (1:3 სტუმრად, 1:2 შინ), ხოლო მანამდე "ბარსელონასთან" სახლში 4:0 მოგების შემდეგ "კამპ ნოუზე" 1:6 განადგურდნენ. თუმცა მანამდე "პსჟ-მ" მერვედფინალის ბარიერი ოთხჯერ წარმატებით გადალახა და წელსაც იგივეს გაკეთებას ეცდება. "პსჟ-ს" ინგლისური კლუბების წინააღმდეგ ფლეი-ოფის ეტაპზე 6 შეხვედრიდან 3 აქვს მოგებული. პარიზულ კლუბს პრემიერ ლიგის გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ორჯერ ჰყავს დამარცხებული და ორივეჯერ "ჩელსი": 2014/15 (1:1 სახლში, 2:2 გასვლა) და 2015/16 (2:1 სახლში, 2:1 გასვლა) წლების სეზონებში. "პსჟ-ს" ინგლისში მხოლოდ ერთი თამაში აქვს მოგებული: 4 ფრე, 5 წაგება. პარიზულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 9 გასვლითი თამაშიდან მხოლოდ 3 მოიგო - 2 ფრე, 4 წაგება.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის