საზოგადოება
ილიაუნის უნივერსიტეტში პროტესტი არ წყდება- მოთხოვნების არდაკმაყოფილების შემთხვევაში, სტუდენტები რექტორის გადადგომას მოითხოვენ

ილიაუნის უნივერსიტეტში პროტესტი არ წყდება- მოთხოვნების არდაკმაყოფილების შემთხვევაში, სტუდენტები რექტორის გადადგომას მოითხოვენ

ილიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას სტუდენტები ელოდებიან. სტუდენტების განცხადებით, უცნობია აღდგება თუ არა ბიზნესსკოლა ცალკე ფაკულტეტად და დაბრუნდება თუ არა დეკანის პოზიციაზე გიორგი ქადაგიძე.

სტუდენტები არ ეთანხმებიან უნივერსიტეტში განხორციელებულ რეორგანიზაციას, რომლის შედეგადაც ბიზნეს სკოლა გაუქმდა:

"გუშინ საღამოს გვეგონა მივაღწიეთ იმას, რომ დღის პირველ ნახევარში აკადემიურ საბჭოსთან შედგებოდა შეხვედრა და განიხილებოდა ეს რეფორმა, მაგრამ დღეს, როდესაც ბატონი გიგა მოვიდა უნივერსიტეტში და ჩვენ იგივე კითხვა დავუსვით გვითხრა, რომ ეს ასე დროულად ვერ მოხერხდება.

ამის შემდეგ მე მასთან მქონდა პირადი საუბარი და ჩემი აზრით აშკარაა, რომ ის არ აპირებს გადაწყვეტილების შეცვლას. ამბობს, რომ აკადემიური საბჭო იღებს გადაწყვეტილებას,თუმცა ის ცალსახად აფიქსირებდა, რომ ბიზნესის სკოლა უნდა იყოს ახალი ფაკულტეტის ნაწილი და არ უნდა იყოს ცალკე ერთეული,“-ამბობს ბიზნესსკოლის კურსდამთავრებული სალომე გოჩოლეიშვილი.

როგორც ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი გიგი ნოზაძე ამბობს, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, შესაძლოა, ხელმძღვანელი პირების თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნა დააყენონ:

"ჩვენ ველოდებით ბატონ გიგას, იგი გეგმავს მოიწვიოს აკადემიური საბჭო და წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები და გადახედონ ამ საკითხს, მაგრამ ეჭვი გვეპარება სტუდენტებს, რომ ჩვენი მოთხოვნები იქნება გათვალისწინებული, ამის იმედი არ გვაქვს, ვგეგმავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, შესაძლებელია ეს კონკრეტული ადამაინის მიერ სკამის დატოვების მოთხოვნაც იყოს", - აცხადებს ილიაუნის სტუდენტი.

ილიაუნის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო დობორჯგინიძე ამბობს, რომ მათ სტუდენტებს არაერთხელ განუმარტეს, რომ გადაწყვეტილებები მათ საწინააღმდეგოდ არავის მიუღია.

„დიდი იმედი მაქვს საერთო ენის პოვნას და მათ დარწმუნებას შევძლებთ, რომ ეს კი არ ხდება მათთვის საზარალოდ, არამედ პირიქით, მათთვის სასარგებლოდ. მათ გუშინაც განვუმარტეთ, მეც განვუმარტე, ბატონმა გიგამაც განუმარტა, რომ უნივერსიტეტს არ აქვს შეზღუდული უფლება ჩაატაროს რეფორმა,“-ამბობს ნინო დობორჯგინიძე.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის